ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ელენე გიორგაძე და კვებითი ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩიბაია გადაცემაში "შენი დილა" საუბრობენ, რას გულისხმობს ღამით ჭამის სინდრომი, რა სიმპტომები ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ და როგორ შეიძლება მოგვარება:
ელენე გიორგაძე:
- პრობლემა ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადებაა და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს შეცვლილი ცხოვრების სტილი აქვთ. დილით ვერ საუზმობენ, მთელი დღის განმავლობაში პროფესიიდან გამომდინარე, დაკავებულები არიან, ვერ მიდიან საჭმელად და ნორმალურად ვერ იკვებებიან. ასეთ დროს ნორმალურად კვებას ღამის საათებში ახერხებენ. წესით, ჩვენი ბოლო კვება, ვახშამი, საღამოს 7 საათზე უნდა იყოს. 7 საათის შემდეგ არაფერი აღარ უნდა მივიღოთ - მათ შორის, არც ხილი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათზე ვიძინებთ. თუმცა, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ღამით მუშაობენ და დღე სძინავთ, ეს რიტმი იცვლება. აღნიშნული სინდრომის დროს, შეიძლება საღამოს იმდენი მიირთვას ადამიანმა, რომ ფიქრობდეს, დილითაც აღარაფერს შეჭამს. მაგრამ, 2 საათის შემდეგ შივდებათ, იწყებენ ჭამას, ჭამენ დიდი რაოდენობით და რაც უფრო ღრმავდება ეს დაავადება, ღამით იღვიძებენ, დგებიან, მიდიან სამზარეულოში და ჭამას აგრძელებენ. ამის გამო წუხდებიან, მალავენ, ოჯახში აღიარება არ სურთ და არც ექიმთან საუბრობენ. სტრესის დროს ღამე ჭამის სინდრომი ადამიანს შესაძლოა, დროებით ჰქონდეს და როგორც კი მშვიდდება, საკვებზე მოთხოვნა მცირდება. სიმსუქნის დროს ადამიანთა 45%-ში ეს სინდრომი გვხვდება. ადრე იშვიათი დაავადება იყო. ბოლო სტატიებით გამოიკვეთა ისიც, რომ ბარიარტრიული ქირურგიის მერე 28%-ში აღნიშნული სიმპტომი ვითარდება იმიტომ, რომ დეპრესიაც აქვთ და შიმშილიც. შაქრიანი დიაბეტის დროს ეს სიმპტომი 4-8%-ს აღენიშნება. ანუ, პროცესი დამოკიდებულია, რომელი დაავადების დროს ჰორმონალური დისბალანსი როგორ ვითარდება.
კვებითი ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩიბაია ამავე სინდრომთან დაკავშირებით აღნიშნავს:
- დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, რომ ღამით ჭამის სინდრომი კვებითი აშლილობის ფორმას განეკუთვნებოდა. მას თან ახლავს ძილის პრობლემა. პიროვნებას არ შეუძლია, კვების გარეშე დაიძინოს. გარდა ამისა, თუ მან მოახერხა და დაიძინა, დაახლოებით, 2 საათში ეღვიძება, დგება, მიდის მაცივართან, მიირთმევს მაღალკალორიულ საკვებს - ძირითადად, ტკბილეულს, ან ცომეულს, წვება დასაძინებლად და ასე შეიძლება, ღამეში 3-4-ჯერ ადგეს. მსგავსი პრობლემის დროს, შესაძლოა, ადამიანმა საღამოს 8 საათზე ნოყიერი ულუფა მიირთვას, მაგრამ 10 საათიდან კვლავ გაუჩნდეს ჭამის სურვილი. დილით დისკომფორტის შეგრძნებით იღვიძებენ, უქვეითდებათ გუნება-განწყობილება, სრულფასოვნად ვერ იძინებენ, ეს კი მათ შრომისუნარიანობაზე, კონცენტრაციაზე, მეხსიერებაზე მოქმედებს. მეტიც, გუნება-განწყობილება იმდენად დაქვეითებულია, რომ რაიმეს გაკეთების სურვილი არ აქვთ. დღის განმავლობაში ნეგატიური ემოციების გადატანას უფრო მარტივად ახერხებენ. ხოლო საღამოს, როდესაც კვლავ მოდის ეს შემაწუხებელი ფიქრები, ამ ფიქრებთან გამკლავების სტრატეგიაა, რომ გამორთონ თავიანთი აზრები, მივიდნენ მაცივართან და მიიღონ საკვები. ღამე ჭამის სინდრომს 3 დამახასიათებელი სიმპტომი აქვს. პირველ რიგში, კვება საღამოს საათებში ხორციელდება, იწყება ვახშმიდან და შუაღამის პერიოდამდე გრძელდება, დილით, აღენიშნებათ უმადობა და მთელი დღის რაციონის საკვების 25%-ს საღამოს საათებში მიირთმევენ. ეს არის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები. მაგრამ, კიდევ რაც განასხვავებთ კვებითი აშლილობებისაგან, არის ის, რომ არანაირი კომპენსატორული სტრატეგია არ აღინიშნება. არ აქვთ პირღებინება, გულისრევა, ფიზიკური აქტივობა იმისთვის, რომ წონა დააბალანსონ. რა თქმა უნდა, აქვთ შემაწუხებელი აზრები და საკუთარ სხეულთან დისკომფორტი. არ არის აუცილებელი, რომ ასეთ დროს ადამიანს ჭარბი წონა ჰქონდეს. ეს სინდრომი ბავშვების შემთხვევაშიც გახშირებულია და სტრესზე საპასუხო რეაქციაა.
აღნიშნულ პრობლემას რომ გავუმკლავდეთ? შესაძლოა, რამდენიმე სტრატეგია გამოვიყენოთ. პირველ რიგში, არ იყიდოთ ნახშირწყლები. სახლში არ შევინახოთ ცომეული, ტკბილეული. როდესაც ვიცით, რომ ეს პრობლემა გვაქვს, უმჯობესია, დილის საათებში მივირთვათ ტკბილეული, ხოლო ღამით რომ ავდგებით, მაცივარში ეს პროდუქტები არ გვქონდეს. ჩემს პაციენტებთან ბარიერის აგების პრინციპი ხშირად გამომიყენებია. მაგალითად, ვიდრე მაცივართან მივალთ, დავდგათ სკამი. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს ახსოვთ, რამდენჯერ ადგნენ ღამით და რა ჭამეს. მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამას საერთოდ ვერ იხსენებენ და თანმხლები პირი მეუბნება, რომ ღამით დგება და მიდის მაცივართან. ასეთ დროს საკეტები გამოგვიყენებია, რომ სკამი გაწევასა და საკეტის გაღების პროცესში გამოფხიზლდეს. გარდა ამისა, მიირთვას ნოყიერი სადილი და ვახშამი. ბოლო კვება 7 საათზე უნდა იყოს, ამის შემდეგ მაცივარში მსუბუქი საკვები - იოგურტი, ხაჭო, ბოსტნეული შევინახოთ და არა ცომეული.
ელენე გიორგაძე ასევე საუბრობს, რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც სახლში გვიან ბრუნდებიან და ჭამის გადამეტებული სურვილი აქვთ:
- ჯობს, ვიდრე სახლში მიხვალთ, მუშაობის პროცესში 10-15-წუთიანი შუალედები გააკეთეთ. ყოველ ორ საათში ერთხელ- ერთი ბანანი, ვაშლი, ხაჭო, იოგურტი, მიირთვათ, რომ სახლში დამშეული არ მიხვიდეთ. ადამიანს ძალიან რომ შია, რომ შეჭამოს, ფსიქოლოგიურად მაინც ფიქრობს, მთელი დღის განმავლობაში მშიერი ვიყავი და ეს სალათი არ მეყოფოდაო. საპასუხოდ კი, იწყებს უფრო დიდი ულუფების მირთმევას. ამავდროულად, დაძინებამდე ბოლო კვებიდან 4 საათი მაინც უნდა იყოს გასული. ასეთ დროს ძილი სრულყოფილია. სრულყოფილი ძილი ორგანიზმისთვის, ნერვული სისტემისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამაა ერთმანეთზე გადაბმული. ღამე ჭამის სინდრომი რომ განვითარდეს, ადამიანს დეპრესია და სტრესი უნდა ჰქონდეს, ან კიდევ მავნე ჩვევის გამო იყოს ჩამოყალიბებული. სინდრომის შედეგად, ჩნდება სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი. სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი კი ყველა დანარჩენ რისკს ზრდიან. პირველ რიგში, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს ეხება. მკურნალობისთვის მულტიდისციპლინური გუნდი გვჭირდება, რომელიც ფსიქოლოგებისა და ენდოკრინოლოგებისაგან შედგება. რა თქმა უნდა, ფსიქიატრიც ჩართულობაც უმნიშვნელოვანესია.