"ჩემი შვილები ძალიან იცინიან. ეკრანზე არა მხოლოდ მე, თავიანთ ნათლიებს და ჩემს მეგობრებსაც ხედავენ..." - თათული ედიშერაშვილის ახალი ამპლუა - მშობლები

"ჩემი შვილები ძალიან იცინიან. ეკრანზე არა მხოლოდ მე, თავიანთ ნათლიებს და ჩემს მეგობრებსაც ხედავენ..." - თათული ედიშერაშვილის ახალი ამპლუა

2023-09-23 12:31:00+04:00

ამბავი, რომელიც წლების წინ, "შუა ქალაქში" დაიწყო, მაყურებლის ინტერესს დღესაც იწვევს, სერიალზე თაობები გაიზარდნენ. "იმედმა" საყვარელი პერსონაჟები მაყურებლისთვის ისევ ერთად შეკრიბა და ვნახოთ, გადაცემაში "სტუმრად შუა ქალაქში" როგორი მასპინძლები აღმოჩნდებიან. "ვნერვიულობ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ამ განცდებს თან ახლავს სიხარული", - მიზიარებს ემოციას თათული ედიშერაშვილი და თავის ახალ "როლზე" მესაუბრება.

- თათული, ამ სასიამოვნო სიახლეს გილოცავ. "იმედზე" ნაცნობი მელოდია სულ სხვა მიზეზით გაისმა. მიამბე, როგორ გაჩნდა ახალი გადაცემის იდეა?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ნაცნობი მელოდიის გაჟღერება ამჟამად იმის ნიშანია, რომ ახალი გადაცემა - "სტუმრად შუა ქალაქში" იწყება. მე ვიქნები ამ გადაცემის თანაწამყვანი თამუნა ნიკოლაძესთან, ოთარ ტატიშვილთან და გოგა ბარბაქაძესთან ერთად. ბუნებრივია, გადაცემაში გვეყოლებიან სტუმრები, სხვადასხვა პროფესიისა და ისტორიის მქონე ადამიანები. ეს იქნება სახალისო და ადამიანების გასაბედნიერებლად გაკეთებული გადაცემა, რაც უკვე "შუა ქალაქშის" სავიზიტო ბარათად იქცა. იდეა თავად ტელეკომპანიაში გაჩნდა, ინიციატივა მათგან წამოვიდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იდეის გაჩენისთანავე მოხდა გადაცემის ფორმის ჩამოყალიბება. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, იყო მოლაპარაკებები, ბევრი ფიქრი, მსჯელობა... განა იმიტომ, რომ ვინმეს მიმართ კითხვის ნიშნები ჰქონდათ ან უნდობლობა? გვინდოდა ძალიან კარგი გამოსულიყო, მაყურებლის მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერება მნიშვნელოვანია. წლების წინ გადაღებულ სერიალს დღემდე რომ რეიტინგი აქვს და ახლა მაყურებელს იმავე სახელწოდების გადაცემას სთავაზობ, მისი მოლოდინიც უნდა გაამართლო. როგორც წამყვანებმა, ასევე ტელეკომპანიამ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. პრომოს დადებამ დიდი აჟიოტაჟი და სიხარული გამოიწვია, რაც ყველას გვიხარია.

- როდესაც წლების შემდეგ მეგობრები განსხვავებულ ამპლუაში, მაგრამ ისევ კამერების წინ ერთად შეიკრიბეთ, როგორი იყო ემოცია?

- ძალიან ემოციური მომენტი იყო, სახალისოც. სერიალში რომ იყო, იმის იდენტური ბარია გაკეთებული. ერთი უცნაურობა დამემართა. იგივე ადამიანები, იგივე დეკორაცია, იგივე რეჟისორი და, ტექსტი არ მაქვს სათქმელი. არადა, სერიალს რომ ვიღებდით, მაშინ ყველას თან გვდევდა განცდა, - ვაიმე, ტექსტი არ დამავიწყდეს. ამაში ძალიან მკაცრად გვაკონტროლებდა გოჩა კორხელაური. როცა რაღაც გვეშლებოდა, ძალიან მგრძნობიარე ადამიანია და ნერვიულობდა. ამიტომ ვცდილობდით, არ შეგვშლოდა. ამჯერად კი, ჰოი, საოცრებავ! ტექსტზე არ მაქვს სანერვიულო. მთელი გადაცემა იქნება წამყვანების იმპროვიზაციაზე გაწერილი. ჩვენ წინასწარ შეკითხვებიც კი არ გვექნება მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გვაქვს, ამას თავისებური სირთულეც ახლავს. საკუთარი თავი სტუმრის ადგილას რომ წარმოვიდგინე, მივხვდი, ეს არც მათთვის არის იოლი ფორმატი. ამიტომ, ჩვენს ენაზე მოსაუბრე სტუმრები გვინდა, კარგი იუმორის მქონე.

- დღეს, როდესაც თქვენი შვილები ამ როლში ეკრანზე გხედავენ, რას გეუბნებიან? მაშინ ხომ დაბადებულებიც არ იყვნენ.

- ძალიან იცინიან. ეკრანზე არა მხოლოდ მე, თავიანთ ნათლიებს (თამუნა ნიკოლაძე და კახა ჯოხაძე) და ჩემს მეგობრებსაც ხედავენ. მათთვის ძალიან ახლობელ ადამიანებს უყურებენ და ზოგჯერ ვერ ხვდებიან, მე და თამუნა როგორ პერსონაჟებს ვთამაშობთ, რატომ ვყვირით? ზოგჯერ მეკითხებიან, ასე რატომ გაცვიათო? ეს სხვა თაობაა. 16 წელი ცოტა დრო არ არის. ქუჩაში დღესაც მაჩერებენ 5-6 წლის ბავშვები და ბედნიერები არიან. ჩემი შვილები ამ ასაკში არ უყურებდნენ, შედარებით გვიან დაიწყეს. ყური მოჰკრეს სკოლაში, კლასში სერიალზე ლაპარაკობდნენ და დაინტერესდნენ. იხილეთ სრულად