პოეტ ეკა კვიციანს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, როგორც არაჩვეულებრივ შემოქმედს და ასევე არაჩვეულებრივ ადამიანს, ათი თვის წინ სიმსივნის აგრესიული ფორმა, მელანომა დაუდგინდა. ივნისში თურქი სპეციალისტების მიერ უკვე ჩატარდა ორი რთული ოპერაცია, ძვირადღირებული თერაპიები, მათ შორის იმუნო და რადიომაგნიტური. ამჟამად სასწრაფოდ საჭიროა კიდევ ერთი ოპერაცია და თერაპიული სარეაბილიტაციო კურსის გავლა. სამწუხაროდ, ოჯახი ვეღარ ახერხებს მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზებას და ეკას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მეგობრები ამ საქმისთვის გაერთიანდნენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკამ ეს მძიმე სენი დაამარცხოს და ჩვეულად განაგრძოს ცხოვრება.
ნანა აკობიძე: - დიდი ალბათობით, ეკა კვიციანს დღეს კიბო დამარცხებული ექნებოდა, დრო რომ არ დაეკარგა იმაზე ფიქრში, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენ ბავშვს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, უხერხულია, შენი თავი დააყენო მათზე წინ. ეს პირადად ჩემთვის არის ზნეობრივი მაგალითიც და ამავე დროს - დანაშაულიც საკუთარი თავის წინაშე. ეკას მეგობრებს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად, რომ ამ დაავადებასთან ომში დახმარების თხოვნა უხერხული არ არის და რომ მისი გამარჯვებით სხვა არ მარცხდება.
ორი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობა მაქვს: ბრაზის, რომ ეს განსაცდელი ჩემი ბავშვობის მეგობარს შეხვდა, და სიხარულის, გნებავთ აღტაცებისაც იმის გამო, რომ ვხედავ, როგორი შეუდარებელი თანადგომა შეგვძლებია გასაჭირში!
ვერ დავმალავ - განსაკუთრებული სიამაყით და მადლიერებით ვივსები, როცა ეკას დონორთა სიაში ჩემს მეგობრებს, თუნდაც შორეულ ნაცნობებს აღმოვაჩენ ხოლმე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათთან ერთად ყველა ამ ომში ჩართულ ადამიანს მივმართო: ეს იგივეა, რაც სისხლის გადასხმა. სისხლით თანაზიარობა კი ნათესაობაა და ბედნიერი ვარ, რომ ეკას ირგვლივ გაერთიანებული ათასობით ადამიანი დავნათესავდით. პოეტურ ნიჭთან ერთად, ეს ნიჭიც აღმოაჩნდა ეკა კვიციანს - საერთო მიზნის ირგვლივ სრულიად უცხო ადამიანების შემოკრების, გაერთიანების, რაც ასე ძალიან გვაკლია დღეს.
მე ზუსტად ვიცი - ეკა რომ კიბოს დაამარცხებს (რასაკვირველია, ასე ვიტყვი: დაამარცხებს, რადგან აქ სხვა შედეგი გამორიცხულია), მთელ დარჩენილ ცხოვრებას მიუძღვნის იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც იგივე გზის გავლა მოუწევს, რა გზასაც თვითონ გადის დღეს. ასე რომ, ეკას ბრძოლა აქ არ მთავრდება - მხოლოდ იწყება!
თეა თაბაგარი: - ჩემთვის ეკა კვიციანი ის მეგობარია, რომლისთვისაც ყველაზე მეტი ლექსი მაქვს მიძღვნილი. ათიოდე წლის წინ, როცა ერთმანეთი ჯერ კიდევ ახალი გაცნობილი გვყავდა, თითქოს ლექსებით ვსაუბრობდით და ასე ვაზიარებდით ემოციებს. მისდამი მიძღვნილ რამდენიმე ლექსში ეკას სათნო, ლამაზ და მეტყველ მწვანე თვალებზეც ვწერდი. ალბათ იოლი წარმოსადგენია, თუ რა მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც განსაცდელში თანადგომა აღმოუჩინა ან ახლა გამოიჩენს სიკეთეს და როგორ მინდა, რომ ეკას თვალებმა კიდევ დიდხანს უყუროს სამყაროს, მზერით ეფეროს თავის მშობლიურ კუთხეს, სადაც წლების წინ ულამაზესი ლექსით მიმიპატიჟა:
"ტყეს სიმწვანეში შეეპარა ოქროს ფერები,
აქ ყვავილები ნაირ-ნაირ ზღაპრებს ყვებიან,
დალი ბეთქილთან ღამეს ათევს ისევ ფერებით
და ამის მოწმე გარინდული თეთრი მთებია...
ვარსკვლავებს ხელით შეწვდები და ჩამოკრეფ ციდან,
ისე ახლოა ჩემთან ახლა ზეცა სვანეთის,
მეზობლის ბავშვი, მხიარული, სულ ერთი ციდა,
სამყაროს იტევს მოკაშკაშე, ლურჯი თვალებით..."
ლალი მარგიანი: - ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო,ზოია შამფრიანმა გამაცნო ტურზე. უძირო სევდა იდგა მის თვალებში, ჯერ კიდევ ბავშვის. მოწიწება და მოკრძალება ვიგრძენი რაღაცნაირი... მისი მამის, პოეტ ნოდარ კვიციანის ლექსებზე შეყვარებული, ეკას გაცნობით ბედნიერი ვიყავი... ვიცოდი, წერდა. უზომოდ უყვარდა მამა და განიცდიდა, მის ლექსებშიც უძირო სევდაა! ძალიან მინდოდა მამამისის საღამო მომეწყო სვანეთში, მაგრამ ვერ მოვასწარი, წამოვედი...მერე ჩემს მოსწავლეებს ვასწავლე და სვანეთში წავიყვანე, მაგრამ ეკა არ იყო იქ... მინდა, ძალიან კარგად იყოს და აუცილებლად გავაკეთებ ეკას და მამამისის შემოქმედებით საღამოს!
მარინა თექთუმანიძე: - ყველაზე უკეთ პედაგოგები გამიგებენ. მხოლოდ მათ იციან, რამდენად ძვირფასია ბავშვი, რომელიც შენ თვალწინ იზრდება და ყალიბდება პიროვნებად. ცხოვრების საუკეთესო წლები საბავშვო გაზეთში ვიმუშავე. უამრავი ბავშვი დაფრთიანდა ჩემ თვალწინ, უამრავმა იპოვა თავისი ადგილი ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროში. დღემდე ბევრ მათგანთან მაქვს ურთიერთობა და მათი წარმატებები ისევე მახარებს, როგორც ოდესღაც ფოსტით მიღებული გაურანდავი თუ გარანდული სტრიქონები, პირველი პუბლიკაციები და სიხარულით ანთებული თვალები...
ერთ-ერთი კაშკაშა ბავშვი ეკა კვიციანი იყო. წარმოიდგინეთ, როგორი თავზარი დამეცემოდა, ეკას ამბავი რომ შევიტყვე. კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემი თხოვნა შეისმინა და ეკას მხარში ამოუდგა. თითოეული ჩარიცხული ლარი მატირებდა, რადგან ლარი ამ შემთხვევაში, მარტო ფულის ერთეულს კი არა, უპირველესად სიყვარულს, თანადგომას, სხვაზე ზრუნვას ნიშნავდა ყოველგვარი პარტიული სიმპათია-ანტიპათიის გარეშე ჩვენს მეტისმეტად პოლიტიზებულ ქვეყანაში. მჯერა თქვენი ძვირფასო თანამემამულენო, რომ ეკას ავადმყოფობას ერთად დავამარცხებთ, ვინაიდან არ არსებობს სიყვარულის, კეთილშობილების დამამარცხებელი ძალა!
ეს კი თავად ეკას ბოლოდროინდელი ჩანაწერები სოციალურ ქსელში:
"როცა რეალურად გიწევს სიკვდილ-სიცოცხლის, ბეწვზე უფრო ვიწრო ხიდის გავლა, მართლა ფასს კარგავს სხვა ყველაფერი, გარდა სიცოცხლისა, გარდა ადამიანებისა, გარდა სიყვარულისა.... და თუ ამ ხიდზე მშვიდობიანად გავლა ძალიან მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სამშვიდობოს გასულმა გითხრათ, რომ მიყვარხართ. ყველა, განურჩევლად ჩემგან თქვენამდე მანძილისა, ძველი წყენებისა, გაუგებრობებისა, უცხოობისა... გაქრა ეს, სისულელეები. ყველაფერი ქრება, გარდა ადამიანებთან, ღმერთის ხატებებთან ყოფნის და სიყვარულის გაცემის სურვილისა.... დამიჯერეთ".
"მე დავწერ, მოგიყვებით, როგორ დავამარცხე კიბო!" - ეს სიტყვები ანა ლაშხელი-ონიანმა მოგვწერა თურქეთის ერთ-ერთი ონკოლოგიური კლინიკიდან... ყოველთვის, როცა ცუდად ვიყავი, ამ სიტყვებს ვიხსენებდი და მეშინოდა... მე დავწერ, მე მოვყვები, შენს მაგივრადაც, როგორ ვიბრძვი ჩემს ომში... ეს ფოტო მეორე, განსაკუთრებით რთული ოპერაციიდან ნახევარ საათში გადავიღე. არაესთეტიკურია, მაგრამ უნდა იყოს აქ, როგორც სიმბოლო გამარჯვების. როგორც სიმბოლო ადამიანური თანადგომის, ერთად ბრძოლის შედეგისა. მე დავამარცხებ!.. ჩვენ ყველა სიავეს დავამარცხებთ ერთად! და თუკი ვინმე მკითხავთ, მივხვდი თუ ვერა, რატომ მოვიდა ჩემთან ეს განსაცდელი, მე გიპასუხებთ, რომ მივხვდი. - სამყარომ სიკეთის კეთების, კაცთმოყვარეობის, კეთილშობილების, თავგანწირვის, მაღალი ადამიანობის გაკვეთილები ჩამიტარა თქვენი მეშვეობით. მადლობა, ადამიანებო!მ ადლობა სამყაროს თქვენს გამო!"
ანგარიშის ნომრები მათთვის, ვისაც დახმარების სურვილი აქვს:
საქართველოს ბანკი:
#GE25BG0000000814550100
მიმღები: ეკა კვიციანი
თიბისი:
#GE22TB7245345061100056
მიმღები ირინა კოტუა (ეკას მეგობარი)
PayPal: nesirobakidze7@gmail.com