ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბავშვებს ფორმალურ განათლებამდეც, სანამ ციფრებს და შეკრება-გამოკლებას ისწავლიან, თანდაყოლილი უნარი აქვთ, შეასრულონ მარტივი არითმეტიკული მოქმედებები. ანუ ინტუიციურად შეუძლიათ შეკრება და გამოკლება. ახალი კვლევა კი, რომელიც ჟურნალ Frontiers in Human Neuroscience გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ეს შესაძლებლობები უფრო ძლიერია, ვიდრე ეგონათ და უფრო რთულ მათემატიკურ ოპერაციაზე - გაყოფაზეც ვრცელდება.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ექვსიდან ცხრა წლამდე ბავშვებზე ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს. მათ სხვადასხვა გაყოფის დავალებები შესთავაზეს, რომლის დროსაც მხოლოდ ინტუიციის საფუძველზე უნდა აერჩიათ სწორი პასუხები.
ამავდროულად, ამოცანებში რიცხვები და ფიგურები არ გამოიყენებოდა - მკვლევარები ეყრდნობოდნენ ე.წ. ობიექტების დიდ ჯგუფებს. მაგალითად, ბავშვს შეუძლია გაიგოს, რომ 20 წერტილიანი ჯგუფი უფრო დიდია, ვიდრე ოთხი წერტილიანი ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმა წერტილმა შეიძლება უფრო მეტი ადგილი დაიკავოს გვერდზე.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა შემთხვევების 73-77% -ში სწორი პასუხები აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ დავალებები საკმაოდ რთული იყო და ბავშვების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ გადაეჭრა მარტივი გაყოფის ამოცანები რიცხვითი ფორმით. მაგალითად, ერთ-ერთი დავალება ასე გამოიყურებოდა: წერტილები, რომლებიც მდებარეობს კომპიუტერის ეკრანის ზედა ნაწილში (გამყოფი) ეცემა ქვემოთ მდებარე სხვადასხვა რაოდენობის ფურცლების მქონე ყვავილებს (გასაყოფი). ბავშვებს უნდა გადაეწყვიტათ, რომელ შემთხვევებში იქნებოდა შედეგი უფრო მეტი ან ნაკლები, რაც დამოკიდებულია ფურცლებზე გაჩენილი წერტილების რაოდენობაზე.
დავალებების დროს მეცნიერები ასევე აკვირდებოდნენ ბავშვების ტვინის აქტივობის ცვლილებებს და მათემატიკური აზროვნებისთვის პასუხისმგებელ საკვანძო რეგიონში მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს.
„ყველაზე მეტად გაგვიკვირდა ის, რომ ბავშვები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეეძლოთ გაყოფის მოქმედების შესრულება, საკმაოდ წარმატებულები იყვნენ წერტილების ფურცლებად დაყოფაში. ასე რომ, სანამ მათემატიკის სწავლას დავიწყებთ, ჩვენ გვაქვს ინტუიციური მათემატიკური აზროვნება და ის უზრუნველყოფილია ტვინის იმ რეგიონებით, რომლებიც შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში.” - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ელიზაბეტ ბრანონმა.