ზოგიერთ მშობელს იაპონელების ეს მიდგომა შესაძლოა, არასწორად მოეჩვენოს და იფიქრონ, რომ შვილების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ, თუმცა მათ აღზრდის თავიანთი სტილი აქვთ და ფიქრობენ, რომ მას ბევრი უპირატესობა აქვს:
იაპონელები თვლიან, რომ 6 წლის ასაკისთვის ბავშვი უკვე დამოუკიდებელი უნდა იყოს და ბევრი რამ მშობლების დახმარების გარეშე გააკეთოს. უფრო კონკრეტულად, პირველკლასელი ტრანსპორტით, ან ფეხით, მშობლების თანხლების გარეშე, სკოლაში დამოუკიდებლად უნდა წავიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, სახლიდან რა მანძილზეა სკოლა.
საქმე ისაა, რომ მშობლები შვილებს ცხოვრების ამ ეტაპისთვის განსაკუთრებით ამზადებენ. ამიტომაც, წინასასკოლო პერიოდში ზედმიწევნით ასწავლიან, თუ როგორ უნდა გადაკვეთონ გზა, უხსნიან, როგორ უნდა მიმართონ უფროსებს დასახმარებლად, სად შეიძლება წავიდნენ და სად - არა. ვის შეიძლება გაჰყვნენ, რაზე შეიძლება დასთანხმდნენ და ასე შემდეგ. იაპონელი ბავშვები უსაფრთხოებისა და თავდაცვის წესების შესახებ მცირე ასაკიდანვე სრულად არიან ინფორმირებულნი.
პირველკლასელები ქუჩაში სპეციალური ყვითელი სამკერდე ნიშნით გადაადგილდებიან და ამის შესახებ ყველამ იცის. ამიტომაც, ისინი მარტო არასოდეს დარჩებიან. უფროსები, რომლებიც დაინახავენ, რომ ბავშვები შეყოვნდნენ, გზის გადაკვეთაში ეხმარებიან. ასევე, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ სახლზე სპეციალურ აბრას კიდებენ და ამით ბავშვებს ანიშნებენ, რომ თუ რაიმე დასჭირდებათ, შეუძლიათ, მათ მიმართონ დასახმარებლად. გარდა ამისა, მოსწავლეებს ტელეფონზე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ლოკაცია ჩართული, რომ მშობლებმა მათი გადაადგილების შესახებ იცოდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ სკოლის მოსწავლეებს საჭმელი კლასებში სპეციალური ურიკებით მიაქვთ, თეფშებზე ათავსებენ და ლანჩის შემდეგ თეფშს ასუფთავებენ. ამას პირველივე კლასიდან დამოუკიდებლად აკეთებენ. ხშირად ის კერძები, რომლებსაც მათთვის სკოლაში ამზადებენ, სკოლის ეზოში მოყვანილი ბოსტნეულისაგან მზადდება. სკოლის ბაღში კი, მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეებიც მუშაობენ.
იაპონური სკოლების კიდევ ერთი ტრადიცია დასუფთავებაა. დღის ბოლოს მოსწავლეები 15 წუთის განმავლობაში დასუფთავების პროცესში ერთვებიან. შედარებით უფროსი ასაკის მოსწავლეები კი დაბალი საფეხურის ბავშვებს მაგალითს აძლევენ.
ამ გზით იაპონელ ბავშვებს დამოუკიდებლობასა და სხვა ადამიანების საქმის პატივისცემას, გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობასა და მეგობრობას ასწავლიან და ფიქრობენ, რომ ეს უნარები მომავალში მათ წარმატებას მოუტანს.