ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებენ. ბუნებრივია, ამ პერიოდში ბავშვს საკვების მიღება აუცილებლად სჭირდება. ჩვენს სკოლებში კი ბავშვები ან საერთოდ არ იკვებებიან ან ძირითადად არაჯანსაღი პროდუქტით იკმაყოფილებენ შიმშილს. ის, რაც სასკოლო გარემოში ბავშვისთვის ხელმისაწვდომი საკვებია, უმეტეს შემთხვევაში საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის. სასკოლო წლები კი მთელი ბავშვობის განმავლობაში გრძელდება და სწორედ ამდენ ხანს იღებს ბავშვის ორგანიზმი ჯანმრთელობისთვის უსარგებლო ან საფრთხის შემცველ საკვებს.
სწორედ ამიტომ სკოლის მოსწავლეების მშობლები ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების შეტანას აპროტესტებენ და საუბრობენ, რომ აღნიშნული პრობლემა ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია. მათ სპეციალური პეტიციაც შექმნეს, სადაც ნათქვამია:
"წინამდებარე პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამა.
დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული, რაც ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N410-ს, რომლითაც განსაზღვრულია სასკოლო კვების აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი (საღეჭი რეზინი, კანფეტები, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.)“
ხატია მიმინოშვილი 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელია. 4 შვილის დედაა, მათგან 3 სკოლის მოსწავლეა. ის პეტიციის ერთ-ერთი ავტორია და პრობლემის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენთან საუბრობს:
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მშობელი გაერთიანდეს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ხმა მივაწვდინოთ. ის, რომ სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი, ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები იყიდება, ძალიან დიდი პრობლემაა. დილით, როდესაც სკოლაში შევდივართ, პირველი, რასაც შევნიშნავთ, არის საშინელი სუნი, რომლითაც კედლები გაჟღენთილია და გაურკვეველია, რა პირობებში აცხობენ სხვადასხვა პროდუქტს. დილით მაიონეზიანი პიცა რატომ უნდა დახვდეთ ბავშვებს შენობაში?
ჩემს შვილებს ფულს არ ვატან, თავად ვყიდულობ შედარებით უსაფრთხო პროდუქტებს და ვატან. მაგრამ ბავშვები შემდეგ ერთმანეთს უნაწილებენ, ჩიფსს მიირთმევენ, გაზიან სასმელებს ყიდულობენ და ასე შემდეგ. მსგავსი პროდუქტები სკოლის ბუფეტში იყიდება. თუმცა, მას ბუფეტს ნამდვილად ვერ დავარქმევ. ჩვენს ბავშვობაში რომ პატარა "ბუტკები“ იყო ჩადგმული, მას ჰგავს და მინი-მაღაზიაა. საჯარო სკოლაზე ვსაუბრობ, თუმცა არაერთ მშობელთან კომუნიკაციის შედეგად ვიცი, რომ ზოგიერთ კერძო სკოლაშიც მსგავსი პრობლემებია. საჯარო სკოლაში ბუფეტები იჯარით აქვთ აღებული და მის ფუნქციონირებაში დირექტორი ვერ ერევა. დირექციასაც არ მოსწონს. ვიდრე წინა სასწავლო წელი დასრულდებოდა, მშობლები სკოლის ადმინისტრაციასა და ბუფეტის მენეჯერს შევხვდით. მან ჩვენთან შეხვედრისას თქვა, რომ არაფერს არღვევს, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს და პრობლემას ვერ ხედავს. არც არაფრის შეცვლას აპირებს. უამრავი შეკითხვა დაისვა, თავი აარიდა და შეხვედრა დატოვა. მსგავსი პრობლემა უამრავ სკოლაშია. თუ ვერც სკოლის ადმინისტრაცია უმკლავდება, არც შესაბამისი კონტროლია, ბოლოს დავაყენეთ საკითხი, რომ იქნებ, საერთოდ არ გვინდა ასეთი ბუფეტი. თუმცა, მეორე საკითხია ის, რომ ასეთ შემთხვევაში მოსწავლეები სკოლიდან გასვლას ახერხებენ და მაღაზიებშიც მსგავს პროდუქტს ყიდულობენ. ამიტომაც, ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც სხვადასხვა მხარის ჩართულობა სჭირდება. პირველ ეტაპზე, საერთოდ უფასო კვებაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენი იდეაა, რომ დიდ სუპერმარკეტებს, რომლებსაც ვენდობით, შევუთანხმდეთ და მათ მივცეთ სკოლის ბუფეტში ისეთი პროდუქციისა და საკვების შემოტანის უფლება, რომლებიც ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო იქნება. სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ, მშობლებსაც ჰქონდეთ უფლება, შეამოწმონ, რა ტიპის პროდუქცია შედის. პეტიციას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია, ნორმალურ ქვეყნებში იმდენად ბუნებრივი პროცესია, ზედმეტად საუბარი არც სჭირდებათ. როდესაც 10 ათას ხელმოწერას შევაგროვებთ, ამის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებთან, კერძო კომპანიებთან შეხვედრებს დავგეგმავთ. დღეს გადადგმული სწორი და პასუხისმგებლიანი სოციალური ნაბიჯი, მომავლისთვისაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკითხებს. მარტო ერთ მშობელს ცვლილებების გამოწვევა ძალიან უჭირს, მაგრამ როდესაც ბევრი გაერთიანდება, ყველაფერია შესაძლებელი. ყველა ბავშვი ჩვენი შვილია და მათ უსაფრთხოებაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ."
ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება და სკოლებში დამკვიდრებულ ცუდ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ფორმაში პირდაპირ წერია, რომ მსგავსი პროდუქტები სკოლის ტერიტორიაზე არ უნდა იყიდებოდეს. გარდა ამისა, 410-ე ბრძანება არსებობს, რომელიც ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის პერიოდში შეიქმნა, სადაც ჩამოთვლილია არაჯანსაღი საკვების ნუსხა, რომელთა გაყიდვაც სკოლაში რეკომენდებული არ არის. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორები ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევენ. ჰგონიათ, რომ მოიჯარეს დაკარგავენ და ის კონკრეტულ თანხას სკოლას ვეღარ გადაუხდის. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მშობლები ბავშვებს ვაძლევთ ფულს, რომელსაც ისინი ხარჯავენ ბუფეტში, სადაც საშინელ საკვებს, ტკბილეულს ყიდულობენ და მერე ამ ფულით სკოლა კომუნალურ გადასახადებს იხდის, რომ ჩვენი შვილები გათბნენ. წარმოუდგენელი ამბავია, ისევ ჩვენ ვაფინანსებთ და პარალელურად, ჩვენი შვილები უსარგებლო საკვებს ჭამენ. კანონში მექანიზმები გვაქვს, რომელსაც ადმინისტრაცია არ იყენებს. ჩვენი მშობლები დირექციას მიმართავენ და ხშირად დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან.
მეორე საკითხი სასკოლო კვების პროგრამაა, რომლის შესახებაც სამინისტრო არ გვეუბნება, რა ეტაპზეა. ეს პროცესი წლობით რომ არ გაგრძელდეს და სწრაფად მოახდინონ რეაგირება, გადავწყვიტეთ, რომ პეტიცია შეგვექმნა. შემდეგ ვაპირებთ, რომ ხელმოწერები ამობეჭდილი სახით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში, სახალხო დამცველთან, მთავრობასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში შევიტანოთ. ასევე, გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენ სკოლაში დაფიქსირდა გადაცდომის ფაქტები. შესაბამის პასუხს კი მინისტრისგან დაველოდებით."
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 2017 წელს გამოსცა ბრძანება, სადაც ვკითხულობთ, რომ მოსწავლეთა ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალოს შემდეგი პროდუქტების გამოყენება:
საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, ჩიფსები, ჟელიბონები, მაიონეზის შემცველი პროდუქცია, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, გაზიანი სასმელები, გარდა მინერალური წყლისა, სოკო ნებისმიერი ფორმით, დაკონსერვებული პროდუქცია და ასე შემდეგ. არსებული ბრძანების მიუხედავად, ზოგიერთ სკოლაში ჩამოთვლილი პროდუქტები ბავშვებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ სკოლები ბუფეტისთვის განკუთვნილ ფართს იჯარით კონკრეტულ პირზე ასხვისებენ, ხოლო იქ განთავსებული პროდუქციის უვნებლობას, როგორც გავარკვიეთ, სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად ამოწმებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტო როგორც გეგმიურ ინსპექტირებას, ისე შესული შეტყობინების საფუძველზე შემოწმებას ახორციელებს. ამოწმებენ, რამდენადაა საწარმოო სტანდარტები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული, რამდენად ხარისხიანი პროდუქცია იყიდება და ასე შემდეგ", - გვითხრეს უწყებაში რამდენიმე თვის წინ. მათივე თქმით, ყოველწლიურად ქვეყნდება ანგარიში და სახელმწიფო კონტროლის შედეგები, სადაც სკოლის შედეგებიცაა ასახული.
მშობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის მექანიზმი არსებობს, აღსრულება არაეფექტურია და სამინისტრო არც უფასო კვების მოდელზე აქვეყნებს სიახლეებს.
პეტიციას შეგიძლიათ, ვრცლად ბმულზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი