თანამედროვე მშობლები ხშირად ცდილობენ, თავიანთ შვილებს რაც შეიძლება განსხვავებული და ორიგინალური სახელი დაარქვან, რომ ამით სხვა ბავშვებისაგან გამოირჩეოდნენ. ტენდენციას ცნობილი ადამიანებიც ამკვიდრებენ, რომლებიც ხშირად შვილებს ძალიან უცნაურ სახელებს არქმევენ.
თუმცა, არის სახელები, რომელთა დარქმევაც ბავშვებისთვის კონკრეტულ ქვეყნებში აკრძალულია. ეს სიები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია.
მაგალითად, საფრანგეთში ერთ-ერთ წყვილს სურდა, საკუთარი შვილისთვის ნუტელა დაერქმია, თუმცა მათ სასამართლომ ამის უფლება არ მისცა. მათი განმარტებით, მსგავსი სახელი ბავშვის ინტერესებს ეწინააღმდეგება და შეიძლება, მომავალში ბულინგი და დამცირება გამოიწვიოს.
ისეთი სახელები, როგორებიცაა: მერსედესი, იკეა, მინი კუპერი სხვადასხვა ქვეყანაში ასევე აკრძალულია. მიზეზი ცნობილ ბრენდებთან ასოცირება და მოსალოდნელი დაცინვაა.
ახალ ზელანდიაში 77 ისეთი სახელია, რომელთა დარქმევაც მშობლებს ეკრძალებათ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ანალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა "ცეცხლს" ნიშნავს, ყველას ასეთი ასოციაცია არ უჩნდება. ახალი ზელანდიისა და გერმანიის კანონის თანახმად, ლუციფერი ბავშვისთვის ასევე ერთ-ერთ ყველაზე შეუფერებელ სახელად ითვლება.
იაპონიაში პრემიერ-მინისტრმა სახელი აკუმი აკრძალა. იაპონურად ეს სახელი "ეშმაკს" ნიშნავს.
დანიაში არსებობს 7 ათასი სახელი, რომლებიც სახელმწიფომ დაამტკიცა და მათგან შეუძლიათ არჩევა. თუ მშობლებს ენდომებათ, რომ შვილებს განსხვავებული სახელი დაარქვან, სახელმწიფოს ნებართვით უნდა მიმართონ.
2014 წელს საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული სახელების სია გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ იკრძალება "ზედმეტად არასერიოზული და დასავლურ კულტურასთან ასოცირებული" სახელები. მაგალითად, ასეთად მიიჩნიეს სახელი ლინდა.
ამავდროულად, არის სახელები, რომლებიც ხალხმა, ძალიან ცუდი ასოციაციის გამო, თავად უარყო და შვილებს აღარ არქმევენ. ასეთია, მაგალითად, ადოლფ ჰიტლერი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბავშვებს ადოლფს აღარ არქმევდნენ და მათაც კი, ვისაც ეს სახელი წლების წინ დაარქვეს, გადაიკეთეს. სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში დაბადებულ ყოველ 20-30 ათასი ბავშვიდან მხოლოდ ერთს არქმევენ ადოლფს.
ბიბლიური სახელების დარქმევა კვლავ პოპულარულია. მაგალითად, ევას, ადამს ხშირად არქმევენ შვილებს. თუმცა, იუდას ძალიან იშვიათად. ეს სახელი "მოღალატესთან" ასოცირდება.
თუმცა, ქრისტიანები იესო ქრისტეს იმდენად დიდ პატივს სცემენ, რომ ბავშვისთვის მისი სახელის დარქმევას მკრეხელობად თვლიან.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელი "კარენი" ბევრი ადამიანისათვის ცუდ ასოციაციას იწვევს და მიმების სამიზნედაც კი გადაიქცა. უფრო ზუსტად, კარენი ჰქვია ქალს, რომელიც ასოციალური ქცევით გამოირჩევა, ყველგან სკანდალს აწყობს, ხან გზებს გადაკეტავს, ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს და ასე შემდეგ. მისი ვიდეოები კი სოციალურ ქსელებში სწრაფად ვრცელდება და იმდენად არ მოსწონთ, რომ ამ სახელს შვილისთვის იშვიათად ირჩევენ.