30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს თბილისობის დღესასწაული გაიმართება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
"აღნიშნულ დღესასწაულს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ეს ჩვენი ქალაქის, ჩვენი თბილისის ულამაზესი დღეებია. თბილისობის ღონისძიებები 3 ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი:
რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები 12-დან ღამის 22 საათამდე იქნება. ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები. იქნება ატრაქციონები, სხვადასხვა ინსტალაცია. გარადა ამისა, 30-ში რიყეზე ქართველ შემსრულებელთა კონცერტია დაგეგმილი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს მიუზიკლი გაიმართება.
ორბელიანის მოედანზეც ამავე დღეებში კვებისა და ტკბილეულის ზონები იმოქმედებს. აქაც იქნება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალიზებული პერფორმანსი ,,თბილისური ტრადიციები“ და ასე შემდეგ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე მუსიკალური ღონისძიებები, კონცერტები გაიმართება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12 საათიდან 22 საათამდე გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“ მოეწყობა. 30 სექტემბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომლის ნახვაც პირდაპირი ეთერით იქნება შესაძლებელი. დღესვე თბილისობის დეტალური პროგრამა გავრცელდება." - აღნიშნა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე.