სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნოელ ლაპალომენტმა ცოტახნის წინ Tik-Tok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და მშობლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, 6 წლის ქალიშვილს, ჯადას, უფლებას აძლევს, რომ თვის განმავლობაში, დასვენების დღეების გარდა, კიდევ ერთი დღე აირჩიოს და სკოლა რაიმე ოფიციალური მიზეზის გარეშე გააცდინოს.
ვიდეომ მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა და ამავდროულად, ახალგაზრდა მშობლებს შორის სოციალურ ქსელში დისკუსიაც გაიმართა. ბევრი თვლიდა, რომ ეს პრაქტიკა გამართლებულია, ზოგი კი პირიქით, ნოელის აზრს ეწინააღმდეგებოდა.
როგორც ქალმა ვიდეოში განაცხადა, მისმა შვილმა სწავლა გასულ წელს დაიწყო. ამავე პერიოდში მან შეამჩნია, რომ გოგონას ენერგია და მოტივაცია დაუქვეითდა, რაც სწავლის ხარისხზეც აისახებოდა.
"შარშან იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს შვილს სკოლის კიბეებზე, ან კიდევ დერეფანში დაეძინა. როგორც ჩანს, ბავშვი ზომბად გადაიქცა." - თქვა ნოელმა Good Morning America-თან ინტერვიუში. ქალმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვთან ერთად გასართობად თავისუფალი დრო აღარ რჩებოდა, ამიტომაც, რუტინა ასეთი იყო: ვახშამს უმზადებდა, საშინაო დავალების დაწერაში ეხმარებოდა, შემდეგ კი აძინებდა.
წელს კი ნოელმა განსხვავებული სტრატეგია აირჩია. საკუთარ შვილს უფლებას აძლევს, შაბათ-კვირის გარდა, თვეში 1 დღე სკოლა გააცდინოს და სახლში იყო, გაერთოს, მასთან ერთად ითამაშოს და რაც მოუნდება, ის გააკეთოს.
„ის სკოლაში კარგად სწავლობს, კარგ შეფასებებს იღებს და ყოველთვის ასრულებს საშინაო დავალებებს. დასვენება არ აზარმაცებს, პირიქით, მოტივაციას აძლევს." - ამბობს ნოელი.
ნოელთან ერთად გადაცემაში კლინიკურმა ფსიქოლოგმა, კიმბერლი ალექსანდერმა მიიღო მონაწილეობა. ის ამბობს, რომ ბავშვებს, ისევე, როგორც უფროსებს, პერიოდული შესვენების უფლება უნდა ჰქონდეთ.
"ბავშვებსა და მოზარდებს სკოლისგან დასვენება სჭირდებათ, რადგანაც სტრესის ქვეშ არიან და ზოგჯერ თავს ზედმეტად გრძნობენ." - ამბობს სპეციალისტი. თუმცა, ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მშობელი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რატომ სურს ბავშვს სკოლის გაცდენა:
"თუ თქვენს შვილს სკოლაში კონფლიქტი აქვს და თავს ცუდად გრძნობს, უმჯობესია, მასწავლებელს შეხვდეთ და პრობლემის შესახებ დაელაპარაკოთ. ეს უკეთესი გზაა, ვიდრე მას სკოლის გაცდენის უფლება მისცეთ."
მისივე განმარტებით, თუ ბავშვი ემოციურად ძალიან გადაღლილია და მოტივაცია აღარ აქვს, ასეთ დროს მშობელს შეუძლია, მართლაც შესთავაზოს დასვენების დღე, რომელსაც ნაყოფიერად გამოიყენებენ.
"დაგეგმეთ დასვენების დღე, რომ არაჯანსაღი ჩვევები თავიდან აირიდოთ. თუმცა, ამ დღეს მხოლოდ ძილისა და ვიდეოთამაშებით დაკავების უფლება არ უნდა მისცეთ. ფსიქიკური გაჯანსაღების დღე კომუნიკაციას უნდა ეფუძნებოდეს, უნდა მოუსმინოთ, რა აწუხებს, რას განიცდის და მხარდაჭერა აგრძნობინოთ." - ამბობს ფსიქოლოგი.