შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაგიზიარებთ რამდენიმე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებასა და პროგრამას, რომლებიც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა პირველ პრიორიტეტად:
- სიის სათავეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაა, რომელიც პირველ ადგილზე 1374 აბიტურიენტს ეწერა. სულ კი ამ პროგრამაზე მოხვედრა 3380 აბიტურიენტს სურდა.
- ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, სტატისტიკის მიხედვით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიები იყო. აღნიშნული პროგრამა პირველ ადგილზე 909 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში ( მეორე, მესამე, მეოთხე ... პრიორიტეტის მიხედვით) 2541-ს სურდა მოხვედრა.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია პირველ პრიორიტეტად 738 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში კი 4403-ს სურდა მოხვედრა.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ პროგრამას: 1.ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) 2. კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა), პირველ ადგილზე 715-მა აბიტურიენტმა მიანიჭა უპირატესობა, ჯამში კი ეს პროგრამა 4894-მა აბიტურიენტმა აირჩია.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების საბაკალავრო პროგრამები: ა)ეთნოლოგია; ბ)ისტორია; გ) არაბისტიკა; დ) ირანისტიკა; ე) თურქოლოგია; ვ) ებრაისტიკა-არამეისტიკა; ზ) არმენოლოგია; თ) ასირიოლოგია; ი) ქართული ფილოლოგია; კ) ინგლისური ფილოლოგია; ლ) გერმანული ფილოლოგია; მ) ფრანგული ფილოლოგია; ნ) ესპანისტიკა; ო) იტალიანისტიკა, პ) კლასიკური ფილოლოგია; ჟ) ბიზანტიური ფილოლოგია; რ) ახალი ბერძნული ფილოლოგია; ს) რუსული ფილოლოგია (ქართულენოვანი); ტ) სკანდინავიური ფილოლოგია; (გაერთიანებული მიღება) - პირველ პრიორიტეტად 621-მა აბიტურიენტმა დაწერა, ჯამში კი 2404-მა.
- ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა აბიტურიენტთა შორის. პირველ პრიორიტეტად, აღნიშნული პროგრამა 619-მა აბიტურიენტმა აირჩია, ჯამში კი 4739-მა.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა პირველ პრიორიტეტად 616 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში კი 4333-მა აირჩია.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროგრამა პირველ პრიორიტეტად 567-მა აბიტურიენტმა აირჩია, ჯამში კი 2173-მა.
- ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურა იყო. ის პირველ პრიორიტეტად 510 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში კი 1219 ირჩევდა.
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაცია 494 აბიტურიენტს ეწერა პირველ ადგილზე. ჯამში კი 908 ირჩევდა.
- პოპულარული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა); 2. პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ის პირველ პრიორიტეტად 466-მა აბიტურიენტმა აირჩია.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა კი პირველ ადგილზე 430 აბიტურიენტს ეწერა.
რაც შეეხება პროგრამებს, რომლებიც ყველა დონის პრიორიტეტის მიხედვით ყველაზე მეტი აბიტურიენტის განაცხადში დაფიქსირდა:
- ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სხვადასხვა პრიორიტეტით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1.ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) 2. კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა) აირჩია. ჯამში ეს პროგრამა 4894 აბიტურიენტს ეწერა ჩამონათვალში.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა იყო და ჯამში მას პრიორიტეტი 4739-მა აბიტურიენტმა მიანიჭა.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიას ჯამში 4403 აბიტურიენტი ირჩევდა.
- ამავე უნივერსიტეტის სამართლის პროგრამას კი 4333.
დეტალურად სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ნახოთ.
თამარ იაკობაშვილი