შესაძლებელია, ჩაიდნის გამოყენებისას თეთრი ნალექი, ნადები ხშირად შეგინიშნავთ. გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" საუბრობენ, რამდენად საშიშია მსგავსი ნადები და ხომ არ უქმნის ის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს:
ლევან რატიანი: წყალი, რომელიც ონკანში მოდის, ხისტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში დიდი რაოდენობითაა მინერალები. როდესაც წყლი დუღდება, მინერალების გამოკრისტალება და დალექვა ხდება და შეერთებისას, მყარი ფენა წარმოიქმნება, რასაც ნადები ჰქვია. ეს არ არის საშიშ მიკროელემენტთა სისტემა, რომელმაც შეიძლება, დაავადება გამოიწვიოს. ძირითადად, ხისტ წყალში დიდი რაოდენობით კალციუმი და მაგნიუმის მარილები შედის.
რეზო ომიაძე: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მალე ჩნდება ნადები. თუმცა, ნადები, შესაძლოა, ონკანებში, საშხაპეზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, ნიჟარებშიც შეგვიმჩნევია.
ლევან რატიანი: რა თქმა უნდა, ის სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს არ მიეკუთვნება, მაგრამ არ არის სასურველი, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს. მაგრამ, თუ ის ფინჯანში მაინც მოხვდა, ნუ შეგვეშინდება, ჯანმრთელობისთვის საშიში პროცესი არ წარმოიქმნება.
რეზო ომიაძე: ჩაიდნის ზედაპირზე გაკეთებული ნადები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა აბაზანაში, ონკანებზე, საშხაპეში გაჩენილ ნადებზე შეიძლება, ბაქტერიები ადვილად გაჩნდეს. განსაკუთრებით, აბაზანაში, სადაც სისველეა, ბაქტერიებს გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობები ექმნებათ. ასეთი ნადები, რომლებზეც უამრავი ბაქტერია ბინადრობს, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნეა. თუმცა, ჩაიდანში მსგავსი ტიპის ნადები არ აღმოჩნდება, რადგანაც წყალი სულ დუღდება, სტერილიზაცია ხდება და ბაქტერიები იღუპებიან.
ლევან რატიანი: თუმცა, ამ ბაქტერიების უმრავლესობას არ შეუძლიათ, დაავადება გამოიწვიონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი ბაქტერიები, თუ ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით არ მოხვდება, ორგანიზმს შეუძლია, სრულიად უვნებლად მოინელოს. მაგრამ, სამზარეულოს ნარევში ხშირად ხვდება ისეთი ბაქტერიები, როგორებიცაა, ლეგიონელა, ლისტერია და ასე შემდეგ, რომლებიც შესაძლოა, ნესტიან გარემოში გამრავლდნენ, კონსოლიდაცია განიცადონ და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად, უმეტესწილად, დაავადება გამოიწვიონ
ექიმებმა ასევე ისაუბრეს იმაზეც, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ნადებს:
რეზო ომიაძე: პირველ რიგში, შესაძლებელია, მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური სითხე, სადეზინფექციო საშუალებები გამოვიყენოთ. თუმცა, ბუნებრივ საშუალებებს გაგიზიარებთ. ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი საშუალება ძმარია. გამოიყენეთ ძმრისა და წყლის ნაზავი - ნახ-ნახევარი შეურიეთ, ნაზავი 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ ჩაიდანში, შემდეგ კი წამოადუღეთ.
ლევან რატიანი: ასევე შეგიძლიათ, ლიმონის წვენიც გამოიყენოთ პროპორციით ¾ წყალი - 1/3 ლიმონის წვენი. ჩაასხით ნაზავი ჩაიდანში, დააყოვნეთ 1 საათი და წამოადუღეთ. წამოდუღების შემდეგ, აუცილებლად უნდა გადავღვაროთ, გამოვრეცხოთ და ისე გამოვიყენოთ.
ასევე შეგვიძლია, ჩაიდანში საკვები სოდა მოვათავსოთ, მცირე წყალთან ერთად წამოვადუღოთ. სასურველია, ნებისმიერი მსგავსი პროცედურის შემდეგ, ჩაიდანში, გამოყენებამდე, კიდევ ერთხელ ავადუღოთ წყალი, რომ მაქსიმალურად გამოირეცხოს. იგივე შეგვიძლია, აბაზანების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ.