ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სიბრაზისგან ბევრ ისეთ რამეს ვამბობთ, რასაც სინამდვილეში სულაც არ ვფიქრობთ და არც გვინდა, მართლა ასე იყოს. გაბრაზებული ან იმედგაცრუებული მშობლებიც საკმაოდ ხშირად ეუბნებიან უსიამოვნო რაღაცებს შვილებს ისე, რომ არ უფიქრდებიან, როგორ გრძნობს თავს ბავშვი იმ მომენტში და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.
საქველმოქმედო ორგანიზაციამ Words Matter-მა ახალი კვლევა ჩაატარა, რომელიც ბავშვებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგებს ეძღვნება. მათი დასკვნებით, ხუთიდან ორი ბავშვი რეგულარულად განიცდის სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყველაზე ხშირად ასეთი მოძალადეები მშობლები, მასწავლებლები და მომვლელები არიან.
შეურაცხმყოფელი სიტყვები და ფრაზები, როგორიცაა "სულელი" ან "მე მრცხვენია შენი", გრძელვადიან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ წამახალისებელი ფრაზები, როგორიცაა „მე ვამაყობ შენით“ და „მე მჯერა შენი“, დადებით გავლენას ახდენს.
საქველმოქმედო ორგანიზაციამ 11-დან 17 წლამდე ასაკის ათასზე მეტი ბავშვი გამოკითხა, რათა გაერკვია, განიცდიდნენ თუ არა ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას უფროსების მხრიდან და როგორ რეაგირებდნენ. მკვლევარებმა შეურაცხყოფად შეაფასეს ყველა სიტყვა და ფრაზა, რომელიც ბავშვის დადანაშაულებას ან დამცირებას გულისხმობდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვების 41% სიტყვიერ შეურაცხყოფას განიცდის უფროსების მხრიდან. ამ ბავშვების ნახევარზე მეტს (51%) მათ მიმართ შეურაცხყოფა და დამამცირებელი გამონათქვამები ყოველკვირეულად ესმოდა, მათგან 10% - ყოველდღე. ბავშვების ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვები მათ ასევდიანებდა და დეპრესიაში აგდებდა.
„ეს რიცხვები გასაკვირი არ არის. ჩვენ ყველას გვითქვამს ის, რაც შემდეგ გვინანია, მაგრამ როცა ამ სიტყვებს ბავშვებს ეუბნებიან, ეს გავლენას ახდენს მათ მომავალ ცხოვრებაზე. ამასთან, უფროსების გამამხნევებელი და პოზიტიური სიტყვები ამაღლებს ბავშვებს განწყობას და აძლიერებს მათ თავდაჯერებულობას. “, - ამბობს ფსიქოლოგიის დოქტორი ეშლი კიპნესი.
მკვლევარებმა ასევე ისაუბრეს იმ დამამცირებელ ენაზე, რომელსაც უფროსები მათ მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან იყენებენ. არცერთი მშობელი არ იყო კმაყოფილი კვლევის შედეგებით, მაგრამ ბევრი მათგანი თავს დამნაშავედ გრძნობდა.
„უფროსები უხეშ სიტყვებს იმედგაცრუების ან ბრაზის გამო ეუბნებიან ბავშვებს ისე, რომ არ აცნობიერებენ, რა გავლენას ახდენენ პატარებზე. მათ შეგნებულად არ სურთ ბავშვის შეურაცხყოფა, უბრალოდ, ეს მათი ემოციების გამოხატვის საშუალებაა“. - ამბობს დოქტორი კიპნესი.
ზოგიერთმა მშობელმა აღიარა, რომ ნანობდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სურდა, დრო უკან დაებრუნებინათ. თუმცა, ამის მიუხედავად, ბავშვების ნახევარზე მეტმა თქვა, რომ მათი აზრით, შეურაცხმყოფელი სიტყვები განზრახ იყო ნათქვამი მათი გრძნობების შელახვის მიზნით.
„საინტერესო ის არის, რომ როცა უფროსებს ვესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ მათ თავადაც მშვენივრად ახსოვთ ყველა შეურაცხმყოფელი თუ საქებარი სიტყვა, რაც მათთვის ბავშვობაში უთქვამთ“ - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია Words Matter-ის ხელმძღვანელმა ჯესიკა ბონდმა.
შესაძლოა, მშობლებმაც თავადაც ცუდად იგრძნონ თავიდა შვილების მიმართ ნათქვამი სიტყვები ინანონ, თუმცა ბავშვისთვის ზიანი უკვე მიყენებულია და მას უკან ვერ დააბრუნებთ. უფროსებს უნდა ესმოდეთ ენის ძალა და ის ეფექტი, როგორ მოქმედებს მათი სიტყვები შვილებზე.
ინფორმირებულობა შემთხვევითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა. „უფროსებმა საკუთარ თავზეც უნდა იმუშაონ, რაც ემოციების რეგულირებას გულისხმობს“, - ამბობს დოქტორი კიპნესი.
რთულ მომენტში კარგი იდეაა უბრალოდ გაჩუმდეთ, ვიდრე თქვათ ის, რაც ენაზე მოგადგებათ. „გაჩერდით, ამოისუნთქეთ, დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ უთხარით რაიმე თქვენს შვილს. შეგიძლიათ უთხრათ, რომ ცოტა სული უნდა მოითქვათ, რათა მშვიდად დაუბრუნდეთ საუბარს. დაფიქრდით, რის თქმას აპირებთ. როდესაც იგრძნობთ, რომ მშვიდად საუბრისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ განაგრძოთ დიალოგი თქვენს შვილთან.“ - გირჩევთ ჯესიკა ბონდი.