რატომ არის, რომ ზოგიერთი პირველკლასელი ყურადღებით უსმენს მასწავლებელს, ზოგი კი ვერაფრით ახერხებს ყურადღების მოკრებას?
თუ ბავშვს პატარაობიდანვე არ განვუვითარეთ ყურადღება, სკოლაში ამის გაკეთება გაგვიჭირდება, თუმცა, როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
როცა ყურადღების განვითარებაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ვგულისხმობთ მისი მართვის ცოდნასა და უნარს. ადრე თუ გვიან ამ უნარს იძენს ყოველი ადამიანი, თუმცა ყურადღების "ხარისხი" ყველას განსხვავებული აქვს. ამასთან, ის შეიძლება განვავითაროთ და სრულვყოთ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სპეციალური მეცადინეობითაც.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყურადღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა შემეცნებით პროცესებთან: მეხსიერებასთან, აღქმასთან, წარმოსახვასთან, აზროვნებასთან, - ამიტომ ბევრი თამაში თუ სავარჯიშო რამდენიმე ფუნქციის ერთროულად განვითარების საშუალებას იძლევა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყურადღება თავდაპირველად "ხელისაა": უნდა დავიწყოთ თამაშით, სადაც პატარას შეეძლება, ხელით შეეხოს, გადააწყოს ცალკეული დეტალები (მაგალითად, სხვადასხვა ფორმის ფიგურები დააწყოს შესაბამის ანაბეჭდებზე). მერე კი იგივე მოქმედებები პატარამ აზრობრივად უნდა შეასრულოს, ანუ ყურადღება თანდათანობით "გონებრივი" ხდება.
ალბათ ყველა დაგვეთანმება, რომ ძალიან ძნელია საქმეზე კონცენტრირება, თუ მისი კეთება არ გვინდა. ამ დროს ნებისყოფის ჩართვა გვიწევს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო უჭირს, დაემორჩილოს სიტყვას "საჭიროა". ამიტომ ყურადღების განვითარებისას პირველი ნაბიჯია პროცესისადმი ინტერესის გაღვიძება. შეგიძლიათ, სეირნობისას ან მაღაზიაში მიმავალმა შესთავაზოთ პატარას, იპოვოს მსგავსება ან განსხვავება შემხვედრ მანქანებს შორის, შინ შეიძლება განსხვავების პოვნა სათამაშოებს ან ნახატებს შორის... მთავარია, ამ თამაშმა დააინტერესოს და გაიტაცოს პატარა მკვლევარი.
ყურადღება მიაქციეთ მეცადინეობის შედეგს - ბავშვის მიერ შექმნილ ლამაზ ნახატს ან კუბებისგან აშენებულ კოშკს. სიტყვათშეთანხმებას "ყურადღების განვითარება" პატარასთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ წინადადება, ცალკეული ნაწილებისგან ააწყოს მთლიანი (კონსტრუქცია, ნახატი, სათამაშო), უდავოდ გაუღვიძებს მოქმედების სურვილს. წარმატების, თუნდაც მცირედის, შემთხვევაში ნუ დაიშურებთ ქებას - ეს მომავალი განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია. აღზრდის პროცესში მშობელმა უნდა მიაჩვიოს შვილი დაწყებული საქმის დამთავრებას და ერთი საქმიანობიდან მეორეზე ყურადღების გადართვას. მეცადინეობა თამაშის ფორმით ჯობს. არსებობს უამრავი შემეცნებითი თამაში:
ბევრი მსგავსი დავალება შეგიძიათ იხილოთ ჟურნალ "საბავშვო კარუსელში"