ცნობილი მოდელი და საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი მოუწოდებს ქალებს, მეტი დრო დაუთმონ ჯანმრთელობას. მისი თქმით, სწორედ რეგულარული მამოგრაფიის წყალობით მოახერხა, რომ სწრაფად დაემარცხებინა დაავადება.
1993 წლიდან ოქტომბერი სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვედ მიიჩნევა. სწორედ ეს ონკოლოგიური დაავადებაა ყველაზე მეტად გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ქალებისთვის რომ მოეწოდებინა, რეგულარულად იარონ სკრინინგზე და თავიდან აიცილონ დაავადების გართულება, ნიკოლა სარკოზის მესამე ცოლმა თავის ბლოგზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, 4 წლის წინ მას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
„ქირურგია, სხივური თერაპია, ჰორმონალური თერაპია, ჩვეული გზა გავიარე ამ ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ. მაგრამ გამიმართლა - ჩემი სიმსივნე არ იყო ჯერ აგრესიული" - ამბობს კარლა. იმასაც დასძენს, რომ დაავადება საწყის ეტაპზე აღმოაჩინა მამოგრაფიის წყალობით. "ეს რომ არა, ახლა მარცხენა ძუძუ არ მექნებოდა".
55 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ დიდხანს ვერ ბედავდა ამაზე საჯაროდ საუბარს. თუმცა ახლა გადაწყვიტა, თავისი გამოცდილება გაუზიაროს სხვა ქალებს და მოუწოდოს, იზრუნონ ჯანმრთელობაზე.