როგორ მოვუმზადოთ ბავშვს კვერცხი, რომ ყველა ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება შევინარჩუნოთ: "არასწორად შეწვა და მოხარშვა ანადგურებს ყველა სასარგებლო ელემენტს" - მშობლები

როგორ მოვუმზადოთ ბავშვს კვერცხი, რომ ყველა ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება შევინარჩუნოთ: "არასწორად შეწვა და მოხარშვა ანადგურებს ყველა სასარგებლო ელემენტს"

2023-10-06 11:58:55+04:00

კვერცხი უნიკალური პროდუქტია ბავშვისთვის და თითქმის ყველა ოჯახი ყოველდღიურ რაციონში იყენებს. მაგრამ როგორ ჯობია კვრეცხის მომზადება ბავშვისთვის, რომ ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

რისთვის არის სასარგებლო კვერცხი?

მხოლოდ ერთი ქათმის კვერცხით ბავშვმა შეიძლება ვიტამინის მთელი კომპლექსი მიიღოს. ეს პროდუქტი B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე A და D ვიტამინებს, კალიუმს, იოდს, ფოსფორს და სელენს შეიცავს. კვერცხი ასევე ცილის წყაროა, რომელიც ასე აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის.

კვლევებმა გამოავლინა, რომ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ კვერცხს, ნაკლებ შაქარს მოიხმარენ, ვიდრე სხვა თანატოლები. ეს მათ წონის კონტროლში და შენარჩუნებაში ეხმარება.

სამაგიეროდ, მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ ბავშვების მიერ კვერცხის რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია მცენარეული ბოჭკოს, ფოლიუმის მჟავას და რკინის ნაკლებობასთან. გარდა ამისა, ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ კვერცხს, უფრო მეტ მარილს და ცხიმს მოიხმარენ, ვიდრე მათი თანატოლები. ეს ყველაფერი კვერცხის არასწორად მომზადების და მიღების ჩვევითაა გამოწვეული.

როგორ მოვამზადოთ კვერცხი ჯანსაღად?

წესი #1: მოხარშეთ და გამოაცხვეთ

საუზმის ერთ-ერთი პოპულარული კერძია ერბოკვერცხი ტაფაში. მაგრამ ეს ბავშვისთვის ჯანსაღი კერძი არ არის. ეს ყველაფერი ჭარბ ცხიმს და ზედმეტ კალორიებს უკავშირდება.

ნამდვილად ჯანსაღი ვარიანტი იქნება მულტისახარშ ქვაბში, ორთქლზე ან ღუმელში მომზადება.

წესი #2: გამოიყენეთ ნაკლები მარილი

ჯობია კვერცხს თავად მოაყაროთ მარილი, რადგან ბავშვებს უჭირთ ხელით ზომიერების დაცვა. გარდა ამისა, ნუ დაამატებთ კვერცხს მარილიან სოუსებს.

მარილის ჭარბი მიღება ბავშვებში სიმსუქნესთან და არტერიულ წნევასთან არის დაკავშირებული. ამავდროულად, სასკოლო ასაკის ბავშვებში მარილის შემცირება ზრდასრულ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

წესი #3: დაამატეთ კვერცხს ბოჭკოვანი საკვები

კვერცხი საკმაოდ ნოყიერი პროდუქტია. თუ ბავშვი საუზმეზე ორკვერცხიან ომლეტს მიირთმევს, დაახლოებით 150 კკალ-ს მიიღებს და შიმშილს დააკმაყოფილებს. მაგრამ ასეთი საუზმე ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან კვერცხი არ შეიცავს სასარგებლო ბოჭკოებს, რომლებიც აუცილებელია ნორმალური მონელებისა და წონის კონტროლისთვის.

სასარგებლო ბოჭკო ბოსტნეულში, ხილსა და პარკოსნებში გვხვდება.

  • ბავშვებმა ერთიდან 2 წლამდე ყოველდღიურად 8 გ ბოჭკოვანი საკვები უნდა მიიღონ.
  • 3-დან 7 წლამდე ბავშვებმა - 10 გ,
  • 7 წლიდან. 11 წლამდე - 15 გ,
  • 11-დან 18-მდე - 20 გ.

ნორმის დაკმაყოფილება ადვილი არ არის, რადგან, მაგალითად, ვაშლი მხოლოდ 2,4 გ ბოჭკოს შეიცავს. იმისათვის, რომ ბავშვებს სრულფასოვანი კვება ჰქონდეთ, თითოეულ კვებას ბოჭკოებით მდიდარი საკვები უნდა დაუმატოს.

კვერცხის კერძებს ჩიას ან სელის თესლი, ბარდა ან შავი ლობიო, ოსპი ან ავოკადო დაამატეთ. ომლეტის მომზადება ბროკოლის და ბრიუსელის კომბოსტოს გამოყენებითაც შეიძლება. საუზმეზე კვერცხის ჭამის შემდეგ თქვენს შვილს ჟოლო, მსხალი და ნუში შესთავაზეთ. ყველა ეს საკვები მდიდარია ბოჭკოებით.

წესი #4: არ ხარშოთ კვერცხი დიდხანს

მშობლების უმეტესობა კვერცხს დიდხანს ხარშავს, რაც მასში საკვებ ნივთიერებებს ანადგურებს. მაგალითად, ომლეტი მაშინვე უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან, როგორც კი თხევადი მასა შეიკვრება და ბზინვარებას დაკარგავს. ამის შემდეგ უნდა გამორთოთ და კერძი ნარჩენ სიცხეში გააგრძელებს ხარშვას.

კვერცხის ხანგრძლივი ხარშვის დროს გულიდან წყალბადის სულფიდის გამოყოფა იწყება, რაც მასზე მომწვანო გარსის წარმოქმნას იწვევს. მაგრად მოხარშული კვერცხის მისაღებად ადუღებულ წყალში 9 წუთზე მეტ ხანს არ უნდა ხარშოთ.

წესი #5: ექსპერიმენტი

თუ თქვენს შვილს ომლეტი და მოხარშული კვერცხი არ უყვარს, ახალი კერძების მომზადება სცადეთ. მოხარშული კვერცხისა და ავოკადოსგან შეგიძლიათ პასტა გააკეთოთ, რომელსაც მთლიანი მარცვლეულის ფქვილისგან დამზადებულ ხრაშუნა პურზე გადაუსვამთ. შეგიძლიათ ისპანახი (დაეხმარება ფოლიუმის მჟავისა და რკინის ნაკლებობის კომპენსირებას), პომიდორი, ტკბილი წიწაკა და ბარდა დაუმატოთ.

კვერცხით გემრიელი ბლინებიც მზადდება ბანანის ან ვაშლის დამატებით, ასევე მაფინები, რომელთა მომზადებაც მიკროტალღურ ღუმელშიც შეგიძიათ. მაფინები შეიძლება იყოს ტკბილიც - მაგალითად კენკრით, ან გულსართიანი - ქათმის ფილეთი და ბოსტნეულით.

როდის უნდა გამოირიცხოს კვერცხი ბავშვის რაციონიდან?

მიზეზი, რის გამოც ქათმის კვერცხი რაციონიდან უნდა ამოიღოთ, ალერგიაა. ყველაზე ხშირად, რეაქცია კვერცხის ჭამიდან რამდენიმე წუთში ან ორ საათში ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • უსიამოვნო შეგრძნება პირში;
  • ჭინჭრის ციება;
  • ტუჩების, სახის, ენისა და ყელის შეშუპება;
  • ცხვირის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება;
  • მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა ან ღებინება;
  • თავბრუსხვევა.

თუ ასეთი სიმპტომები გამოჩნდება, დროებით უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ალერგიის გამომწვევი პროდუქტი და მიმართოთ ექიმს.