ქორწინების რღვევას და ცოლ-ქმრის დაშორებას ძალიან ბევრი და სიღრმისეული მიზეზი აქვს. მრავალ მიზეზს შორის არის ღალატიც, სასიყვარულო სამკუთხედი, რომლის თავშიც ხშირად "სხვა ქალი" და თურმე არც ისე იშვიათად, ცოლის "დაქალიც" დგას.
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ძნელია ჭეშმარიტი სიყვარულის „ამოცნობა“, მისი ნდობა და ფრაზა „ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“ ზოგჯერ ძალიან არარეალურად ჟღერს.
ხშირად ხდება, რომ მამაკაცი ოჯახს სხვა ქალის გამო ტოვებს და ისეც ხდება ხოლმე, რომ ეს ქალი არა ქუჩაში შემთხვევით გაცნობილი, არამედ ცოლის სამეგობრო წრიდანაა.
მეცნიერებმა იპოვეს ახსნა, თუ რატომ იზიდავთ ქალებს სხვისი ქმრები.
რა თქმა უნდა, შეიძლება დიდხანს იკამათო იმაზე, რომ შეუძლებელია ზრდასრული მამაკაცი ვინმემ აიძულოს და ჰარმონიული ურთიერთობა დაანგრევინოს: თუ სიყვარული მთავრდება, ეს ნიშნავს, რომ მასში რაღაც არასწორი იყო და ამაში ორივე მხარე დამნაშავეა. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი თანხმდება, რომ ცნობილ სამკუთხედში "საყვარელი" (და ხანდახან ეს "საყვარელი" ცოლის დაქალიცაა ხოლმე) ხშირად აქტიურ როლს თამაშობს. ბიოლოგები და ფსიქოლოგები შეუდგნენ იმის გარკვევას, თუ რატომ ხდება ეს და მათ სიმართლის მარცვალიც იპოვეს.
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ხშირად ქალების მეგობრობის საფუძველი ორ ურთიერთგამომრიცხავ პრინციპს ემყარება: მსხვერპლს და კონკურენციას. როდესაც მამაკაცი ირჩევს ერთს, მეორის გონებაში, ეს ხშირად აღიქმება როგორც საკუთარი არასრულფასოვნების მტკიცებულება. ამიტომაც სურს მთელი ძალით დაამტკიცოს, რომ „არავისზე ნაკლები“ არ არის და ეს მამაკაცი თავის მხარეს „გადმოიბიროს“.
ეს ყველაფერი არ არის: ველურ სამყაროზე დაკვირვება მეცნიერებს დაეხმარა სასიყვარულო სამკუთხედების გაჩენის კიდევ ერთი მიზეზის აღმოჩენაში. ცხოველებში მდედრები ხშირად ირჩევენ მამრებს იმის მიხედვით, თუ რომელს ანიჭებენ უპირატესობას უფრო გამოცდილი მდედრები. ამ გზით ისინი ერთგვარ სიგნალს იღებენ, რომ თუ უკვე სხვებმა „დაადგეს თვალი“ მამრს, ეს ნიშნავს, რომ ის გამრავლების კარგი კანდიდატია. ანუ აღარ კარგავენ დროს „სხვის“ ძებნაში, როცა საუკეთესო კანდიდატურა ცხვირწინ ჰყავთ.
რა თქმა უნდა, არავინ არის დაზღვეული ღალატისგან და მამაკაცებს შორისაც არაერთხელ განვითარებულა მსგავსი სამკუთხედი, და ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ეჭვის თვალით ვუყუროთ ადამიანების მეგობრობას. მთავარია, არ დაუშვათ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები (არ აქვს მნიშვნელობა, კაცები თუ ქალები), რომლებიც უხეშად არღვევენ თქვენს საზღვრებს და რომლებიც საწყისშივე არაერთგულები და არასანდოები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, ქმარი იქნება, ცოლი, მეგობარი თუ მეზობელი.