სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვებზე ძალადობისა და მათი არასათანადო პირობებში ჩაყენების ფაქტები ხშირია, როდესაც მშობლები შვილის ინტერესებს არ ითვალისწინებენ და მათთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ გაბროშვილი ვრცლად გვესაუბრება, რა შემთხვევაში შეიძლება, მშობელს მშობლობის უფლება ჩამოერთვას და აქვს თუ არა მას შესაძლებლობა, მშობლობის უფლება კვლავ დაიბრუნოს:
- სანამ უშუალოდ მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევის საკითხს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვნის აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია რომ მშობელი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, აქტიურად იყოს ჩართული და სათანადოდ ასრულებდეს მასზე დაკისრებულ უფლებებსა და მოვალეობებს.
საქართველოს კანონმდებლობა მშობელს არასრულწლოვანი შვილის მიმართ არაერთ ვალდებულებას აკისრებს, კერძოდ, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.
ამდენად, არასრულწლოვნის აღზრდის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მშობლებს ენიჭებათ, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო სახელმწიფოს მხოლოდ ზედამხედველის ფუნქცია აკისრია და ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვის ინტერესებს და უფლებებს ექმნება საფრთხე,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევის წინაპირობებს, რომლის თანახმადაც, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით. ამავე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევას განიხილავს, როგორც უკანასკნელ ზომას, რომლისთვისაც საჭიროა სახეზე იყოს კანონით განსაზღვრული ზემოაღნიშნული წინაპირობები.
- იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მშობელს ჩამოერთმევა ან შეეზღუდება მშობლის უფლება, სასამართლო აღნიშნულს აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც არა უგვიანეს ერთი თვისა არასრულწლოვანს დაუნიშნავს მეურვეს ან მზრუნველს. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მეურვის ან მზრუნველის არჩევისას კი მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და არასრულწლოვანს შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვს, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, უნარჩუნდება ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლება.
- საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულ მიდგომას მშობლის უფლების ჩამორთმევის საკითხში დედების ან მამების მიმართ არ ადგენს და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მშობლის უფლების ჩამორთმევის წინაპირობები ორივე შემთხვევაში თანაბრად ვრცელდება.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაზღვრავს მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებას უზრუნველყონ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს კანონმდებლობაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევას განიხილავს როგორც უკანასკნელ ზომას, როდესაც სხვა უფრო ლმობიერი ღონისძიებით შეუძლებელია დაცული იქნეს არასრულწლოვნის ინტერესები.
ბავშვის უფლებათა კოდექსი ადგენს, რომ დაუშვებელია ბავშვის განცალკევება მშობლებისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით და ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს მის ასაკზე ან სხვა გარემოებაზე მითითებით. ბავშვს უნდა მიეცეს საკუთარი მოსაზრების მისთვის სასურველი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა. სასამართლო კი მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უკიდურეს შემთხვევაში, სოციალური მუშაკის დასკვნის, არასრულწლოვნის ინტერესების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მშობლის უფლების ჩამორთმევისთვის არ არის საკმარისი ვალდებულების ცალკეული და ხანმოკლე დარღვევები, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს დარღვევის სიმძიმე და მისი შესაძლო შედეგები. მაგალითისთვის, ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის მატერიალურ და არამატერიალურ მხარდაჭერაზე და თუ ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა, ამის შემდგომ იმსჯელოს არასრულწლოვნის მინდობით აღზრდისთვის დაქვემდებარებაზე.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს თავად არასრულწლოვანს და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს.
- კანონმდებლობა მსგავს შეზღუდვას არ ადგენს. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, ნებისმიერი ასაკის ბავშვის მშობელს შეიძლება, რომ ჩამოერთვას მშობლის უფლება.
- მშობლის უფლების და მოვალეობის აღდგენა შესაძლებელია და როგორც უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, საჭიროა სასამართლოს მიმართვა. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს თავად ბავშვს, მშობელს ან მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს. სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლო ამოწმებს, აღმოიფხვრა თუ არა ის გარემოებები, რაც გახდა მშობლის უფლების ჩამორთმევის მიზეზი და ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვნის ინტერესების შესაბამისად. თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო უფლებამოსილია, მშობელს აღუდგინოს მშობლის უფლება-მოვალეობები. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი უკვე სხვა პირმა იშვილა.
- კანონმდებლობა ამომწურავად არ ითვალისწინებს უფლების ჩამორთმევის კონკრეტულ საფუძვლებს, არამედ, მოცემულია ზოგადი დათქმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს ყოველი კონკრეტულ შემთხვევა, ანუ რამდენად აქვს მშობლის მხრიდან მოვალეობების სისტემატიურად თავის არიდებას ადგილი და აღწევს თუ არა დარღვევა სიმძიმის ისეთ დონეს, რომ გამოყენებული იქნას მშობლის უფლების ჩამორთმევა, როგორც უკიდურესი ზომა.
მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი შესაძლებელია გახდეს არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა, მშობლისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა. ბავშვზე არასათანადო ზრუნვა, მისი ნორმალური აღზრდისათვის საჭირო პირობების და უნარ-ჩვევების არქონა, არასრულწლოვნის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა და ა.შ. სასამართლო პრაქტიკაში შევხვდებით შემთხვევებს, სადაც ალკოჰოლიკ ან ნარკომან მშობელს, რომელიც არ იჩენდა ბავშვის მიმართ ყურადღებას ანდა უარყოფით გავლენას ახდენდა მასზე, ჩამოერთვა მშობლის უფლება.
სასამართლო პრაქტიკაში ასევე შევხვდებით ისეთ შემთხვევებს, სადაც მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნა მხოლოდ ალიმენტის თანხის გადაუხდელობას ეფუძნება, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ სტაბილური მატერიალური შემოსავლის არ ქონა არ ათავისუფლებს მშობელს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან, თუმცა, მშობლის მიერ ალიმენტის თანხის გადაუხდელობა, როდესაც ეს რეალურად გამოწვეულია ოჯახურ-მატერიალური მდგომარეობით, ვერ შეფასდება იმგვარ ბრალეულ ქმედებად, რაც მშობლის უფლების ჩამორთმევისას განაპირობებს.
თამარ იაკობაშვილი