მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი წლების წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ დას იხსენებს და ფოტოს აქვეყნებს მისი სამუდამო განსასვენებელიდან.
პატარა ანეტა ტრაგიკულად გარდაიცვალა სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის საქართველო" გახდა. წლების წინ ინტერვიუში ამ ფაქტს ასე იხსენებდა მოდელი:
"კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...
დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ, ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა".