ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რატომ არ უნდა დალიონ ბავშვებმა ენერგეტიკული სასმელები და რა საფრთხეს უქმნის ეს მათ ჯანმრთელობას:
- ენერგეტიკულ სასმელებში ბევრი ისეთი ნივთიერებაა, რომელთა გამოც მოზარდის სხეულს შეიძლება, სერიოზული ზიანი მიადგეს. მათ შორის, ერთ-ერთი კოფეინია. კოფეინი მათში იმდენად დიდი დოზითაა, ამით შეიძლება მოზარდი კი არა, სპილო წაიქცეს.
ჩვეულებრივი ზომის ენერგეტიკული სასმელი რომ აიღოთ, მათში კოფეინის შემცველობა, დაახლოებით, 80 მილიგრამის ტოლია. მაგრამ, დღეს მაღაზიაში რომ შედიხარ, ენერგეტიკული სასმელების ზომა იმდენად დიდია, რომ დიდ ქილებში კოფეინის შემცველობა შეიძლება, 200 მილიგრამსაც კი აღწევდეს.
საქმე ისაა, რომ ბავშვი, რომელიც ენერგეტიკულ სასმელს ყიდულობს, როგორც წესი, ერთ ქილას არ სვამს. 24 საათში, როცა მიღებული კოფეინის რაოდენობა 400 მილიგრამზე მეტია, ეს უკვე გამოხატულ ინტოქსიკაციას იწვევს. მაგრამ, თუ მოზარდმა მცირე ზომის ქილა დალია, რომელშიც კოფეინის შემცველობა, დაახლოებით, 80 მილიგრამია, ამან შეიძლება სხვადასხვა სიმპტომი გამოიწვიოს: ის შეიძლება, მოუსვენარი, გაღიზიანებული, იმპულსური გახდეს. საღამოს რომ დაწვება, ვერ დაიძინებს. რომ ვერ იძინებს, ტელეფონს იყენებს და შეიძლება, გაათენოს. გარდა ამისა, ამან შესაძლოა, გაძლიერებული შარდვა გამოიწვიოს, რის ფონზეც შეიძლება, სხეულიდან ძალიან ბევრი სასარგებლო წყალში ხსნადი ვიტამინი და ელექტროლიტი დაიკარგოს, რაც მერე სხეულზე ცუდად აისახება და კუჭ-ნაწლავის კუთხით დარღვევებით, მათ შორის, ფაღარათითა და მუცლის ტკივილით გამოვლინდეს. თუმცა, ეს პრობლემები შეიძლება 100 მილიგრამამდე კოფეინის გამოყენებით მოხდეს.
მაგრამ, ბავშვები მცირე ზომის ენერგეტიკულ სასმელებს არ სვამენ. ამ შემთხვევაში, სხეულში შესული კოფეინის დოზა შეიძლება, 400 მილიგრამზე მეტიც კი იყოს, რაც გამოიწვევს კუნთების კრთომას. კანჭის მიდამოში კუნთის სპაზმი აქვს და სტკივა. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა, ტაქიკარდია, არითმიები, ფსიქო-მოტორული აჟიტირება - ბავშვი ძალიან მოუსვენარი ხდება. ასევე, ამან შეიძლება ანორექსია, უმადობა გამოიწვიოს - ასეთი ბავშვი ხშირად არაფერს ჭამს, მხოლოდ ენერგეტიკულს სვამს და ენერგეტიკული სასმელიც ორგანიზმიდან გამოიტანს იმას, რაც კარგია. საბოლოო პერსპექტივაში, შემდეგშიც ხელი ეშლება მისი სხეულის განვითარებას.
ეს ნიშნები უვითარდება ყველას, ვინც ამ დოზის ფარგლებში იღებს. თუმცა, ერთეულ შემთხვევებში ენერგეტიკული სასმელის ამ დოზებმა შეიძლება, მძიმე პათოლოგიებიც კი გამოიწვიოს. მათ შორის, დეპრესია, პანიკური შეტევები, ჰალუცინაციები. ბავშვის სხეულისთვის ენერგეტიკული სასმელი ნამდვილად მავნეა. როგორც წესი, მშობელმა ხშირად არც კი იცის, რომ ბავშვი ენერგეტიკულ სასმელს სვამს. ბავშვსაც არ წარმოუდგენია, რომ ის შეიძლება, მისი სხეულისთვის მავნე იყოს. მაგრამ, მავნეა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი რამდენიმე ქილას სვამენ და მით უმეტეს, თუ ამ ქილების ზომა ძალიან დიდია. აქ საუბარია 250 მილილიტრზე უფრო მეტ მოცულობაზე. ერთჯერადად მიღებული ენერგეტიკული სასმელი შეიძლება სხეულზე მავნედ არ აისახოს, მაგრამ არანორმალური რაოდენობით მიღება, შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს.