"40 წლის ზემოთ დაავადების რისკი მატულობს..." - რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა იწვევს ხშირად ძუძუს კიბოს პროვოცირებას - მშობლები

"40 წლის ზემოთ დაავადების რისკი მატულობს..." - რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა იწვევს ხშირად ძუძუს კიბოს პროვოცირებას

2023-10-10 13:59:44+04:00

"ვარდისფერი ოქტომბერი" - ასე ეწოდება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის თვეს, რომელიც მთელ მსოფლიოში ქალებს უსაფრთხოებაზე კიდევ ერთხელ აფიქრებს და სკრინინგისა და პრობლემაზე დროული რეაგირების მნიშვნელობას ახსენებს. ძუძუს კიბოს განვითარების ფაქტორებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა გავრცელებული. ხშირად, ქალები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა, ლაქტაციასთან, სხვადასხვა ტრავმასთან, ბიუსტჰალტერის, დეოდორანტების გამოყენებასა და სხვა ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული. ონკოქირურგი, მამოლოგი დინა ნემსაძე გვესაუბრება, რამ შეიძლება გამოიწვიოს ძუძუს კიბო, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და რა შეიძლება გავაკეთოთ პრობლემის თავიდან ასარიდებლად:

- ძუძუს კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტულ მიზეზი არ არსებობს. გასათვალისწინებელია, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც შესაძლოა, აღნიშნული პრობლემის მაპროვოცირებელი გახდეს. შეგვიძლია, რამდენიმე რისკ-ფაქტორი გამოვყოთ. პირველ რიგში, ეს სქესია - ქალ პაციენტებს უფრო დიდი რისკი აქვთ, რომ ძუძუს კიბო განუვითარდეთ. აღსანიშნავია ასაკიც - რაც უფრო მატულობს ასაკი, დაავადების განვითარების რისკიც უფრო მეტია. ყველაზე ხშირი კი 50-დან 70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ძუძუს კიბოს მაპროვოცირებელი შეიძლება, გახდეს სიმსუქნე და სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევა. გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორებიც. ასევე, ტრავმა ძუძუს კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, თუმცა, არა წამყვანი მიზეზი.

რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას ბიუსტჰალტერთან დაკავშირებით, ზოგადად, რეკომენდებულია, რომ ქალმა ბიუსტჰალტერი ნაკლებად გამოიყენოს. თუმცა, გამოყენების შემთხვევაში, მატრავმირებელ ბიუსტჰალტერებს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. ბიუსტჰალტერმა, რომელსაც რკინები აქვს, შესაძლოა, სარძევე ჯირკვლის ტრავმა გამოიწვიოს. ამიტომ, ჯობს, მსგავსი ტიპის საშუალება არ ავირჩიოთ და უპირატესობა სპორტული ტიპის ტოპებსა და ბიუსტჰალტერებს მივანიჭოთ.

დეოდორანტის გამოყენებასა და ძუძუს კიბოს განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, რომ ავირჩიოთ ისეთი საშუალება, რომელიც ნაკლებად ქიმიურია და არ შეიცავს მძიმე მეტალებს.

- ლაქტაციის პერიოდში არის რაიმე შეცდომა, რაც შესაძლოა, ძუძუს კიბოს მაპროვოცირებელი გახდეს?

- ლაქტაცია ძუძუს კიბოს რისკს ვერასდროს გაზრდის. ლაქტაციის დროს ვერც ერთი ტიპის შეცდომა სიმსივნის მაპროვოცირებელი ვერ გახდება. ხშირად ქალებს არასწორი ინფორმაცია აქვთ და ფიქრობენ, რომ თუ მკერდში რძე დარჩებათ, ეს კიბოს გამოიწვევს, რაც მცდარია. რძეს ძუძუს კიბოს გამოწვევა არ შეუძლია. რძემ შესაძლოა, ქალს სხვა პრობლემები შეუქმნას, მაგალითად, მასტიტისა და სხვადასხვა ანთების განვითარების კუთხით, მაგრამ, ის ფაქტი, რომ მან შესაძლოა, ძუძუს კიბო გამოიწვიოს, მედიცინაში დადასტურებული არ არის.

- რა არის ის საყურადღებო ნიშნები მკერდთან დაკავშირებით, რა დროსაც ქალი უნდა მიხვდეს, რომ ექიმს მიმართოს და სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროს?

- უმჯობესია, ძუძუს კიბო ისეთ სტადიაზე აღმოვაჩინოთ, როცა პაციენტს სიმპტომები გამოხატული არ აქვს. ეს მხოლოდ სკრინინგული გამოკვლევითაა შესაძლებელი. სკრინინგი გამოკვლევის ისეთი მეთოდია, რომელმაც ძუძუს კიბოს არსებობა პრეკლინიკურ ფაზაში უნდა დაადასტუროს. პრეკლინიკურ ფაზაში, როგორც წესი, პაციენტს დაავადების დამოუკიდებლად შემჩნევა არ შეუძლია. თუ სიმპტომები გაჩნდა, იქ უკვე კონკრეტული დაავადება ჩამოყალიბებულია. ამ მხრივ, ყველაზე საყურადღებო კვანძოვანი წარმონაქმნებია, განსაკუთრებით კი 40 წლის ასაკს ზემოთ. 40 წლამდე კეთილთვისებიანი კვანძების არსებობა უფრო ხშირია, ხოლო 40 წლის ზემოთ ავთვისებიანი დაავადებების რისკი მატულობს. შესაბამისად, კვანძის არსებობა სარძევე ჯირკვალში, ნებისმიერ შემთხვევაში, საყურადღებოა. იმიტომ, რომ ძუძუში არსებული კვანძების 90% უმტკივნეულოა. კლინიკურად პაციენტს არ აწუხებს და ფიქრობს, რომ შესაძლოა, პრობლემა არ შეექმნას. საყურადღებოა, ასევე, დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი დვრილიდან, კანის ცვლილება, ძუძუს შეშუპება, რომელიც ანთებით პროცესთან არ არის დაკავშირებული. ასევე, შეწითლება, რომელსაც სხვა ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ახლავს. მსგავსი ნიშნების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

- რა პერიოდულობით და რომელი ასაკიდან უნდა მიმართავდეს ქალი სკრინინგს?

- ჩვენს ქვეყანაში, ძუძუს კიბოსთან მიმართებით, სკრინინგის ჩატარება 40 წლიდან 70 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის უფასოა. რაც შეეხება სკრინინგის ინტენსივობას, ამას უშუალოდ პაციენტის მდგომარეობა განსაზღვრავს. როდესაც ის პირველ სკრინინგულ გამოკვლევას ჩაიტარებს, იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მიიღებს, ამის საფუძველზე გაიცემა რეკომენდაცია, თუ რამდენ ხანში უნდა მიმართოს კლინიკას განმეორებითი გამოკვლევებისთვის. ინდივიდუალური პროცესია და ერთიანი სტანდარტი, თუ რა პერიოდულობით შეიძლება, ქალმა სკრინინგი ჩაიტაროს, არ არის. მთავარია, პაციენტი ერთხელ მაინც მივიდეს სკრინინგზე და შემდგომი რეკომენდაცია მიიღოს. 40 წლამდე ქალბატონებისთვის სასურველია, რომ 2 წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთონ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია. ასევე, ყურადღებით უნდა იყოს ქალი, რომელსაც ძუძუს კიბოს განვითარებისთვის გენეტიკური განწყობილება აქვს. ასეთი პაციენტები 40 წელს არ უნდა დაელოდნენ და მამოლოგთან ვიზიტი გაცილებით ადრე დაიწყონ.

- კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მკითხველს, კვანძები, ადგილობრივი გამაგრებები ყოველთვის სიმსივნის ნიშანი შეიძლება იყოს?

- ქალი კვანძის არსებობას ძუძუში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიხვდება, თუ ის რეგულარულ თვითგასინჯვას იტარებს. რეპროდუქციულ ასაკში ეს მენსტრუალური ციკლიდან, დაახლოებით, 1 კვირის შემდეგ ხდება. ხოლო, არარეპროდუქციულ ასაკში შესაძლოა, თვეში ერთხელ, ერთსა და იმავე რიცხვში შეამოწმონ. ქალმა ასეთ დროს სარძევე ჯირკვალი და მკერდი ხელით აუცილებლად უნდა მოისინჯოს. ახალი წარმონაქმნის აღმოჩენა განსაკუთრებით საყურადღებოა, რომლის დროსაც, აუცილებელია, სპეციალისტს მიმართოთ და გამოკვლევები ჩაიტაროთ. წარმონაქმნების უმეტესობა ავთვისებიანი არ გახლავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უყურადღებოდ უნდა დატოვოთ. დიაგნოზის დასმა, სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

- გაუზიარეთ რამდენიმე რეკომენდაცია ქალებს - რა უნდა გაითვალისწინონ მკერდის ჯანმრთელობისთვის?

- ძუძუს ჯანმრთელობისთვის, ისევე, როგორც, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის, ბუნებრივია, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, მნიშვნელოვანია წონის კონტროლი, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნე, სიმსუქნე ძუძუს კიბოს ინციდენტობაზე დადებითად არ მოქმედებს. გარდა ამისა, ქალები მაქსიმალურად უნდა ეცადნენ, რომ რეპროდუქციული ასაკი შობადობისთვის გამოიყენონ და გააჩინონ შვილები. მშობიარობა დაავადების ინციდენტობაზე ნამდვილად დადებითად აისახება. რეგულარულად შეიმოწმეთ თქვენი ძუძუ, 40 წლის ასაკის შემდეგ მიმართეთ სკრინინგს და საყურადღებო სიმპტომების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა დაგეგმეთ.

თამარ იაკობაშვილი