სუზან პაუელის ამბავი ძალიან რეზონანსული იყო და მის შესახებ ამერიკული მედია აქტიურად წერდა. უეცრად გაუჩინარებული ქალის ისტორიამ ყველა შეძრა...
სუზან პაუელი რელიგიურ ოჯახში გაიზარდა. ხშირად დადიოდა ეკლესიაში და თავის რჩეულს ჯოშ პაუელსაც სწორედ იქ შეხვდა. იქორწინეს, ორი ვაჟი შეეძინათ, ერთმანეთი უყვარდათ და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ... ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად იყო, ვიდრე ზამთრის ერთ დღეს სუზანი უკვალოდ არ გაქრა... ამის შემდეგ, ოჯახი თითქოს მოჯადოებულ წრეზე დადიოდა.
სუზანი და მისი მეუღლე, ჯოშ პაუელი 2000 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ გოგონა 19 წლის იყო, ჯოში კი 5 წლით უფროსი. ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად ჯოშის მამასთან, სტივენთან გადავიდნენ. ცოლთან გაყრის შემდეგ მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და სუზანს იქ მშვიდად ცხოვრება შეეძლო. ის და მისი მეუღლე მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდნენ. წყვილი ავადმყოფებს დიდი სიყვარულით უვლიდა და ეხმარებოდა.
თავიდან ოჯახში ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ერთ დღეს სუზანმა აღმოაჩინა, რომ მამა-შვილი ყოველდღე დახურულ კარს მიღმა საუბრობდა და მის ზურგს უკან რაღაცას განიხილავდნენ. ქალის აზრით, ჯოშზე მამა ცუდ გავლენას ახდენდა და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევდა. საბოლოოდ, სუზანმა ქმარს სთხოვა, რომ სხვა შტატში მარტო გადასულიყვნენ საცხოვრებლად. მას იმედი ჰქონდა, რომ ეს ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს მალევე შეავსებდა. თუმცა, პირიქით მოხდა...
2004 წელს, მაშინ, როდესაც წყვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ჯოშს მეუღლის მიმართ დამოკიდებულება საბოლოოდ შეეცვალა. როგორც მეგობრები იხსენებენ, მას შეეძლო, ქალისთვის საჯაროდ ეყვირა, აგრესია გამოეხატა და შეურაცხყოფა მიეყენებინა. ზოგიერთებს ეჭვი უჩნდებოდათ, რომ სავარაუდოდ, ის შინ სცემდა კიდეც სუზანს. ყველას ძალიან უკვირდა, რადგანაც ჯოში მოულოდნელად მზრუნველი და თბილი ქმრისგან დესპოტ მამაკაცად გადაიქცა.
ვაშინგტონიდან იუტაში გადასვლის შემდეგ, ორივემ სხვადასხვა საქმე იპოვა, ჯოშმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ვებსაიტი შექმნა და პროგრამისტად დაიწყო მუშაობა. სუზანი კი ბანკში შეუდგა საქმიანობას.
2005 წლის 19 იანვარს წყვილს პირველი შვილი, ჩარლზი შეეძინა, ხოლო ორი წლის შემდეგ, 2007 წლის 2 იანვარს, მეორე ვაჟი, ბრედენი. მეორე ბავშვის დაბადებიდან მალევე, წყვილის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ჯოშის ბიზნესმა არ გაამართლა და მუშაობას თავი დაანება. ოჯახი თავს სუზანის შემოსავლით ირჩენდა. თუმცა, მას არც ისე დიდი ხელფასი ჰქონდა. გარდა ამისა, მთელ ფულს ქმარი საკუთარ ანგარიშზე არიცხვინებდა და თავად განაგებდა ფინანსებს. ჯოში საკუთარი თავისთვის გამუდმებით ყიდულობდა სხვადასხვა ტექნიკასა და მოწყობილობას, ფულს კი სუზანის ბარათიდან იხდიდა.
ოჯახში კრიზისი სულ უფრო მძაფრდებოდა. ჯოშს მეუღლის მიმართ იმდენი აგრესია ჰქონდა დაგროვილი, რომ გამოსახატად შანსს არ უშვებდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჯოში გამოკეთდება და ისევ გახდება ის მხიარული ბიჭი, რომელზეც დავქორწინდი. შემდეგ აუცილებლად დავივიწყებ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც გამოვიარეთ." - წერდა სუზანი საკუთარ დღიურში.
ქალი ტრადიციულ ოჯახში იყო გაზრდილი. ამიტომაც, ფიქრობდა, რომ ოჯახის გადარჩენა მისი მთავარი ამოცანა იყო. ითმენდა შეურაცხყოფასა და ძალადობას. თუმცა, როცა მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა, ჯოშს სთხოვა, რომ ოჯახის ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე წასულიყვნენ. მაგრამ, უკვე დაგვიანებული იყო... ქმარი შვილების წართმევითა და მოკვლით ემუქრებოდა. ამიტომ, სუზანი მიხვდა, რომ საკუთარი თავი უნდა გადაერჩინა. ქმრისგან ფარულად, საბანკო ანგარიში შექმნა, სადაც ყოველთვიურად გარკვეულ თანხას რიცხავდა...
2009 წლის 6 დეკემბერს სუზანი შვილებთან ერთად საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა. იქიდან მეგობართან, ჯოანასთან ერთად სახლში დაბრუნდა. იმ დღეს ჯოშუა უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. ცოლს ნაზად მიესალმა და მეტიც, ბლინებიც კი გამოაცხო მისთვის და მისი მეგობრისთვის. ჯოანს მოეჩვენა, რომ მათ ოჯახში ჰარმონია აღდგა. საღამოს 5 საათზე სუზანმა მეგობარი გააცილა. ფიქრობდა, რომ რომანტიკული საღამო ექნებოდა, რადგანაც ჯოში კარგ ხასიათზე იყო და მის მიმართ სითბოს გამოხატავდა.
...2009 წლის 7 დეკემბერს საბავშვო ბაღის მასწავლებელმა დები კოდუელმა აღმოაჩინა, რომ სუზანის ვაჟები ბაღში არ იყვნენ. როდესაც ბავშვები ბაღს აცდენდნენ, სუზანი მასწავლებელს ყოველთვის აფრთხილებდა. ამიტომაც, დების ეს ამბავი გაუკვირდა და გადაწყვიტა, სუზანისთვის დაერეკა. მან ტელეფონზე არ უპასუხა. ტელეფონს არც ჯოში იღებდა. დები და სუზანი მეგობრები იყვნენ, ამიტომაც ქალმა გადაწყვიტა, ბოლომდე გაერკვია, რა ხდებოდა.
დები პაუელების სახლში შუადღის 2 საათზე გამოჩნდა. კარზე აკაკუნებდა, თუმცა არავინ აღებდა. თოვლში ნაკვალევი არ ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახლიდან დილით არავინ გასულა. ამის შემდეგ, ჯოშის დას და დედას დაურეკა. მათ პოლიციას დაურეკეს. პოლიციელებმა სახლის ფანჯარა ჩაამსხვრიეს და შევიდნენ, თუმცა შინ არავინ იყო. არც მანქანა ეყენა ავტოფარეხში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოჯახმა სახლი თავად დატოვა. ამავდროულად, საეჭვო ის გახლდათ, რომ შესასვლელში სუზანის ჩანთა და ჩექმები ეწყო, რომელსაც ის ზამთარში ყოველთვის იყენებდა.
საქმის გამოძიება დეტექტივ ელის მაკსველს დაევალა. მან ძარცვა და გატაცება მაშინვე გამორიცხა და პაუელების ოჯახი ძებნილთა სიაში შეიყვანა. მათ 10 საათის განმავლობაში ეძებდნენ, როცა მოულოდნელად ჯოში საკუთარი მანქანით სახლში დაბრუნდა. მანქანიდან მისი ორივე ვაჟი გადმოვიდა, თუმცა სუზანი მათთან ერთად არ იყო. ჯოში ამბობდა, რომ შვილებს დიდი ხნის განმავლობაში ჰპირდებოდა თოვლში ლაშქრობაში წაყვანას და ტყეში ღამით წავიდნენ. კაცი აღნიშნავდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო მისი ცოლი. ფიქრობდა, რომ სამსახურში იყო და თავადაც გაოცდა მისი გაუჩინარებით. სულ არ მიაჩნდა უცნაურად, როცა დეტექტივი ეკითხებოდა, რატომ გადაწყვიტა ამ სიცივეში და თან ღამით, მცირეწლოვანი შვილების ტყეში გასეირნება.
დეტექტივმა შენიშნა ისიც, რომ ჯოშს საერთოდ არ აინტერესებდა ცოლის ბედი და შეკითხვებზე საკმაოდ გულგრილად პასუხობდა.
საქმის ფარგლებში, მათი მცირეწლოვანი შვილებიც დაიკითხნენ. 5 წლის ჩარლი ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა. მან თქვა, რომ სახლიდან მამასთან, ძმასთან და დედასთან ერთად გავიდა... თუმცა, დედა სახლში არ დაბრუნებულა, რადგანაც, როგორც ბავშვი ამბობდა, "დედა კრისტალებთან დარჩა".
ჯოშმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ჩარლი ხშირად თავად იგონებს ამბებს და ბევრი რამ მისი ფანტაზიის ნაყოფია.
შემდეგ უმცროს ბიჭუნას გაესაუბრა ფსიქოლოგი და მან თქვა, რომ დედა "საბარგულით" წაჰყვა მათ ტყეში... ესეც უცნაური ეჩვენა დეტექტივს, თუმცა ბავშვების მამა შვილების ნებისმიერ ნათქვამს ბავშვების მიერ წამოსროლილ ფრაზებად ასაღებდა.
დეტექტივი ბავშვის მიერ დასახელებული ადგილისაკენ გაემართა, სადაც ოჯახმა ლაშქრობა მოაწყო, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. გაჩხრიკეს პაუელების სახლიც. იქ ჯოშის მყარი დისკები აღმოაჩინეს, თუმცა გატეხვა ვერ შეძლეს, რადგანაც ჯოში პროგრამისტი იყო და ეს საქმე კარგად იცოდა...
ამ ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. სამძებრო სამუშაოებში უამრავი ადამიანი ჩაერთო და ქალის გაუჩინარებაზე ყველა ძალიან წუხდა. ამასობაში ჯოშმა გადაწყვიტა, ისევ მამასთან გადასულიყო საცხოვრებლად. სუზანის გაუჩინარებიდან რამდენიმე კვირაში კი ტელევიზიით შოკისმომგვრელი საჯარო განცხადება გააკეთა.
"ბავშვობაში სუზანი დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და შეურაცხყოფას განიცდიდა. რთული წლებისა და მუდმივი შეზღუდვების გამო, მას ფსიქიკა დაზიანებული ჰქონდა და ხშირად ისტერიული და ჭირვეული იყო." - თქვა კაცმა.
ჯოშმა დაამატა ისიც, რომ მისი ცოლი უცდიდა, როდის გავიდოდა ის შვილებთან ერთად სახლიდან და შემდეგ, საყვარელთან ერთად გაიქცა. ამ ვერსიას აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ ზუსტად იმავე პერიოდში ქალაქიდან 30 წლის მამაკაცი, სტეფან კოჩერი გაუჩინარდა. ჯოში და მისი მამა აცხადებდნენ, რომ სუზანი სწორედ სტეფანთან ერთად გაიქცა და ისინი ბრაზილიაში იყვნენ... ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება იყო. თუმცა, როდესაც მამაკაცს თავდაპირველად ეკითხებოდნენ, სად გაქრა მისი ცოლი, ამბობდა, რომ არაფერი იცოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი აღნიშნული ვერსია გააჟღერა.
ჯოშმა სუზანის მშობლებს შვილიშვილების ნახვა აუკრძალა. პრესასთან კი ამბობდა, რომ ისინი სასტიკი ადამიანები იყვნენ. ჯოშის მამა, სტივენი, ამბობდა, რომ ერთ დღეს მისი რძლის დღიურში გაქცევისა და ოჯახის მიტოვების გეგმა აღმოაჩინა. გამომძიებლებს სტივენის ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობა საეჭვოდ მოეჩვენათ, ამიტომაც მისი სახლი ფარულად გაჩხრიკეს. სახლში სუზანის დღიურები იპოვეს, მაგრამ იქ მსგავსი არაფერი ეწერა. იქვე სტივენის დღიურიც აღმოაჩინეს, რომელმაც საქმის დეტალები მთლიანად შეცვალა...
საკუთარ დღიურში სტივენ პაუელი წერდა, რომ სუზანზე, საკუთარ რძალზე, შეყვარებული იყო. მამაკაცს აკვიატება ჰქონდა. მის ოთახში სუზანის საცვლები, ტამპონები, პირადი ჰიგიენის ნივთები იპოვეს. მეტიც, როგორც გაირკვა, ის საკუთარ რძალს ფარულად ფოტოებს უღებდა და კომპიუტერში ინახავდა. ასეთი 4 ათასზე მეტი ფოტო აღმოაჩინეს.
სუზანი მამამთილის მხრიდან უცნაურ დამოკიდებულებას გრძნობდა, ამიტომაც აიძულებდა ქმარს, რომ სხვაგან გადასულიყვნენ საცხოვრებლად. გამომძიებლებმა სტივენის ხაზითაც დაიწყეს გამოძიება, თუმცა მტკიცებულებები ვერც ამ მიმართულებით აღმოაჩინეს. ამავდროულად, სტივენის კომპიუტერში, სუზანის ფოტოების გარდა, მეზობელი არასრულწლოვანი გოგონების სურათებიც იპოვეს. მამაკაცს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბავშვებზე მეურვეობა სუზანის მშობლებს გადაეცათ, ჯოში კი მარტო დარჩა.
გაირკვა, რომ სუზანს სამსახურში პატარა სეიფი ჰქონდა. გასაღები მის ჩანთაში იპოვეს. როდესაც პოლიციელებმა სეიფი გახსნეს, იქ წერილი დახვდათ, სადაც ეწერა, რომ ქმარი გამუდმებით სცემდა, ფულს არ აძლევდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ამიტომაც, განქორწინება სურდა.
"თუ მოვკვდები, ეს უბედური შემთხვევა არ იქნება. ქმარს არ ვენდობი. ჩემი შვილები დაიცავით." - წერდა ქალი. მიუხედავად იმისა, რომ ჯოში ამ საქმის მთავარ ბრალდებულად ითვლებოდა, ქალის ცხედარი და ფიზიკური მტკიცებულებები ვერსად აღმოაჩინეს. ამიტომაც, სუზანი ითვლებოდა დაკარგულად და არა გარდაცვლილად.
2012 წელს გაირკვა, რომ ჯოში ახალგაზრდობაში ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა. საკუთარ დედას დანით ემუქრებოდა და რამდენჯერმე თვითმკვლელობაც კი სცადა.
ბავშვებზე მეურვეობა სუზანის მშობლებს ჰქონდათ, მაგრამ ჯოშს მათი ნახვა პერიოდულად მაინც შეეძლო. 2012 წლის 5 თებერვალს სოციალურმა მუშაკმა ბიჭები ჯოშის სახლში მიიყვანა. კაცმა მოითხოვა, რომ შვილებთან ცოტა ხნით ცალკე სურდა ლაპარაკი. ბავშვები სახლში შეიყვანა, კარი შიგნიდან ჩაკეტა. მალევე სოციალურმა მუშაკმა ბენზინის სუნი იგრძნო და სასწრაფოდ პოლიციას დაურეკა, თუმცა სახლი აფეთქდა... მაშველებმა შენობაში შეღწევა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. შემთხვევის შედეგად, ჯოშიც და მისი შვილებიც დაიღუპნენ. ვიდრე ის ამ საშინელ დანაშაუალს ჩაიდენდა, ტელეფონზე ხმოვანი მესიჯი ჩაწერა:
"ჩემი შვილების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ამიტომაც, ეს გადაწყვეტილება მივიღე. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ვაწყენინე."
თუმცა, გამომძიებელი ამბობდა, რომ ეს ამბავი ჯოშმა წინასწარ დაგეგმა, მან საკუთარი ცოლი მოკლა. ბავშვები კი ამ ამბის ერთადერთი თვითმხილველები იყვნენ და როდესაც წამოიზრდებოდნენ და მისი დაშინების აღარ შეეშინდებოდათ, ყველაფერს იტყოდნენ. ამიტომაც, მათთან ერთად თავი აიფეთქა. საქმის შესახებ ჯოშის მამას, სტივენ პაუელს შეეძლო რაიმეს დამატება და გარკვევა, თუმცა კაცი დუმდა და არაფერს ამბობდა. 2018 წელს კი გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
სუზანის მშობლები გამოძიებას ჯერ კიდევ უშედეგოდ ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჯოშის კომპიუტერში ბევრი საინტერესო დეტალი იმალება. თუმცა, კომპიუტერის გატეხვა ვერავინ შეძლო.