რა თქმა უნდა, როდესაც მშობლები ხედავენ, რომ შვილები განსაცდელის წინაშე არიან, რაღაც უჭირთ და პრობლემა აქვთ, დახმარებას ყოველთვის ცდილობენ და მათი უარყოფითი გამოცდილებისაგან დაცვა სურთ. თუმცა, ის ქცევები, რომლებსაც მშობლები თავიანთი შვილებისთვის აბსოლუტურად კეთილი განზრახვით აკეთებენ, შესაძლოა, ზოგჯერ საზიანოც კი იყოს. ხშირად, როდესაც, ბავშვი რაიმე წინაღობას აწყდება, რაღაც ეშლება, აკრიტიკებენ, აფრთხილებენ, რომ მეორედ აღარ დაემართოს, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს და დააკვირდეს. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვთა ასაკში დაშვებულმა შეცდომებმა ბავშვები შესაძლოა, გააძლიეროს და ძალიან დიდი გამოცდილება მისცეს.
"შეცდომის დაშვება ცუდია" - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიდგომაა. როდესაც მშობლები შვილებს ეუბნებიან, რომ შეცდომები არ უნდა დაუშვან, ამით მათდაუნებურად უბიძგებენ, რომ ყველა გზა და ხერხი გამოიყენონ, რომ შეცდომისგან თავი დაიცვან და თუკი მაინც დაუშვებენ, ეცდებიან, დამალონ, რადგანაც, ეს ცუდია. მსგავსი მიდგომით ბავშვი კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ასევე, საკმაოდ არაკეთილსინდისიერ გზებს ირჩევს, რომ ჩადენილ საქციელზე პასუხისმგებლობას გაექცეს და შეცდომა უარყოს.
მაგალითად, როდესაც ბავშვი საშინაო დავალებას ასრულებს, მშობელი კი მკაცრად სთხოვს, რომ არაფერი შეეშალოს, ის სირცხვილს გრძნობს. საკუთარი თავი ქმედუუნარო ჰგონია და თავდაჯერებულობას კარგავს. დროთა განმავლობაში, როცა მსგავსი კრიტიკა ესმის, ბავშვმა შესაძლოა, უარყოფითი თვისებებიც გამოიმუშაოს. ან საერთოდ დამალოს, რომ დავალება აქვს, ან კიდევ, შენიშვნის ასარიდებლად ძალიან ბევრი ტყუილის თქმას მიეჩვიოს.
მეტიც, მცირე ასაკში განცდილმა შიშმა, რომ არაფერი შეეშალოს, შესაძლოა მომდევნო წლებშიც იჩინოს თავი. ბავშვმა საერთოდ უარი თქვას ისეთ აქტივობებში, ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობაზე, სადაც მას შეაფასებენ და შედეგს გამოაქვეყნებენ.

გარდა ამისა, შესაძლოა, ტოტალურად რაღაცების შემოწმების ქცევა ჩამოუყალიბდეს, რაც საკუთარ თავში დააეჭვებს და თავდაჯერებულობას დააკარგვინებს. მაგალითად, ხედავდეს, რომ რაღაც სწორად აქვს გაკეთებული, მაგრამ ერთსა და იმავეს კიდევ მრავალჯერ ამოწმებდეს.
მშობლების მიერ ნათქვამი დამაკნინებელი ეპითეტები, იმის გაჟღერება, რომ ბავშვი "სულელია", "არაფრის გაკეთება შეუძლია" და ასე შემდეგ, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სამომავლო წარმატებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ამიტომაც, ფსიქოლოგების მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბავშვი, მისი პიროვნება კი არა, კონკრეტული ქცევა შეაფასოთ. ბავშვს არ უთხრათ, რომ ცუდია. უთხარით, რომ მისი ქცევა არ მოგეწონათ.
სპეციალისტების თქმით, როდესაც მშობელი შვილს ხშირად აფრთხილებს, რომ არაფერი შეეშალოს, არაფერი გააფუჭოს, სურს, რომ სამომავლოდაც დაიცვას, ერთგვარი წესრიგი ჩამოუყალიბოს, თუმცა ბავშვს შესაძლოა, მთელი ცხოვრება ჰქონდეს შიში, რომ რაღაც შეეშლება, კარგად არ გამოუვა და სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. შედეგად კი, მოერიდოს ახალი საქმეების წამოწყებას, რადიკალურ გადაწყვეტილებებს, იმას, რამაც შესაძლოა, მისი ცხოვრება განავითაროს და პროგრესის საშუალება მისცეს. შეცდომების შიშით დასჯერდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება და განვითარებაზე აღარ იფიქროს.
გარდა ამისა, ზოგჯერ მშობლები სრულიად გაუცნობიერებლად იმეორებენ იმ ფრაზებს, რომლებიც ბავშვობაში საკუთარი მშობლებისაგან მოისმინეს. ამიტომაც, ამაზე დაფიქრებაც ღირს. კარგად დააკვირდით, როგორი ფორმულირებით გადასცემთ თქვენს შვილებს სათქმელს.

თუკი თქვენს შვილს ასწავლით, რომ არ შეეშინდეს შეცდომების დაშვების, არ შერცხვეს პოტენციური გამოწვევების, ამით მას ბევრად უფრო წარმატებულ ადამიანად აქცევთ, ვიდრე ყველაფრის გაკონტროლებითა და შეცდომების არდაშვების შიშის ჩანერგვით. შეცდომების დაშვება ბავშვებს ასწავლის, რომ ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გეგმავდნენ და თავად სურდათ. ამიტომაც, განვითარება კვლავ უნდა განაგრძონ.
შემოქმედებითი ადამიანი არ არის მხოლოდ ის, ვინც ფორტეპიანოზე უკრავს. შემოქმედებითად აზროვნება ნიშნავს რთულ სიტუაციაში არასტანდარტული, ორიგინალური გადაწყვეტის პოვნას. მაშინ, როცა მშობლები შვილებს მხოლოდ ორ ალტერნატივას უწესებენ და ეუბნებიან, რომ ან უნდა გაიმარჯვონ ან დამარცხდნენ, ბავშვის ცნობიერებაშიც მხოლოდ ეს ორი მიდგომაა. ის აღარ ფიქრობს, რომ მონაწილეობამ, ახალი ადამიანების გაცნობამ, გამოცდილების მიღებამ, შეცდომებზე დაფიქრებამ და გაუმჯობესებაზე ფიქრმა შეიძლება, რაიმე სასიკეთო მისცეს. საკუთარ შედეგს მხოლოდ გამარჯვებით, ან დამარცხებით აფასებს.
იმისათვის, რომ ბავშვს მოტივაცია შეუნარჩუნდეს, ნუ გააკეთებთ აქცენტს უარყოფითზე, ნუ გაკიცხავთ შეცდომების გამო. შეაქეთ მცირე წარმატებაც კი. აღნიშნეთ, მაგალითად, უცხოურ ენაში რაიმეს კარგად შესწავლა, სპორტში თუნდაც ძალიან მცირე პროგრესი.

ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვის სამომავლო წარმატება მის კარგ თვითშეფასებას პირდაპირ უკავშირდება. ეს კი, პირველ რიგში, ასოცირდება თავისუფლების მდგომარეობასთან, განცდასთან, რომ შეგიძლია სცადო ყველაფერი, დაუშვა შეცდომები და ისწავლო ამ შეცდომებზე.
"21-ე საუკუნეში კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს კი ახალ აღმოჩენებთან, შეცდომების დაშვებასა და ამ შეცდომებზე სწავლასთანაა დაკავშირებული. წარუმატებლობა ან შეცდომა მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ გაგრძელება და კიდევ ცდა სულ შეიძლება. ბავშვმაც ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს." - ამბობენ სპეციალისტები.