ყველა დედამ იცის, რომ ბროწეულის წვენი გემოგლობინის ასაწევადაც კარგია და ვიტამინებსაც შეიცავს ყველა დედამ იცის, რომ ბროწეულის წვენი გემოგლობინის ასაწევადაც კარგია და ვიტამინებსაც შეიცავს. თუმცა სიავის მოტანაც შეუძლია, თუ ბავშვს მეტისმეტად ადრეულ ასაკში დაალევინებთ.
ყველა წვენი კონცენტრირებული პროდუქტია, ამიტომ დიდი რაოდენობით მათი მიღება საჭირო არ არის. წვენებთან დაკავშირებით გარკვეული წესების დაცვაა საჭირო, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვს ეხება:
არ დაალევინოთ უზმოზე
არ მიაყოლებინოთ სააკვებზე
შესთავაზეთ მხოლოდ ასაკით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით
ადრე მიაჩნდათ, რომ ვაშლის წვენის ჩართვა ბავშვის რაციონში 3 თვიდან უკვე შესაძლებელი იყო. დღეს კი პედიატრები 8-9 თვემდე მოცდას გივრჩევენ, რადგან წვენები ცუდად მოქმედებს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ეს ეხება როგორც შინაურ ახალგამოწურულ, ასევე პაკეტის წვენებს.
სამაგიეროდ, როცა ბროწეულის გასინჯვის დრო მოვა, ბავშვმა სწორედ წვენის სახით უნდა მიიღოს ის, რადგან ნაყოფი წიპწებს შეიცავს, მისი მარცვლები 2 წლამდე ბავშვს არ უნდა აჭამოთ. წყალში გაზავებული წვენის მიცემა კი 1 წლიდან შეიძლება. ბროწეული ალერგიას უფრო იშვიათად იწვევს, ვიდრე ციტრუსები. ამის მიუხედავად სიფრთხილე გამოიჩინეთ და პირველ ჯერზე ჩაის კოვზით დაალევინეთ. რაოდენობა თანდათან გაზარდეთ 50-100 გრამამდე დღეში.
წვენის დატკბობას ნუ იჩქარებთ. შეიძლება თქვენ მჟავე გეჩვენებათ, მაგრამ ბავშვს იქნებ სულ სხვა გემოვნება აქვს. ამიტომ უშაქროდ მიეცით, ჯობია ასე მიეჩვიოს. თუ არ მოეწონა, ნუ მიაძალებთ, ერთი ან ორი კვირის შემდეგ ხელმეორედ შესთავაზეთ. ბროწეულის წვენის მიღება ყოველდღე არ არის სასურველი, საკმარისია კვირაში 3-ჯერ.
ბროწეულის წვენს კიდევ ერთი თვისება აქვს - კუჭის შეკრულობას იწვევს. ამიტომ ბავშვებს, რომლებიც შეკრულობისკენ არიან მიდრეკილნი, ხშირად ნუ დაალევინებთ.
მოზრდილებმა კი, ვისაც გასტრიტი ან კუჭის წყლული აწუხებს, საერთოდ უნდა გამორიცხოთ რაციონიდან.
6 წლამდე ბროწეულის წვენი ბავშვებს წყალში გაზავებული მიეცით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დაფასოებულ წვენში დიდი რაოდენობით შაქარია, ამიტომ ყოველთვის შინ გამოწურული წვენს მიანიჭეთ უპირატესობა.