მაღალი, პროპორციული სხეული ყველას იზიდავს. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რა ახდენს გავლენას ადამიანის ზრდა-განვითარებასა და სხეულის ფორმირებაზე? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია.
- სიმაღლე ყველაზე აშკარა ფენოტიპური (გარეგნული) ნიშანია და ძალზე დამემკვიდრებადი ხასიათი აქვს, თუმცა მასზე გავლენას ახდენს არაგენეტიკური ფაქტორებიც. უფრო თუ დავაზუსტებთ, სიმაღლე, გარდა გენეტიკური ფაქტორებისა (მშობლების სიმაღლისა), დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, რასობრივ კუთვნილებაზე, კვებაზე, დაბადებისას არსებულ წონაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, ძვლოვან სიმწიფეზე, ზოგად სომატურ ჯანმრთელობასა და ქრონიკული დაავადებების, მეტადრე - სიმაღლის დარღვევებით მიმდინარე სპეციფიკური დაავადებების, არსებობა-არარსებობაზე, ფსიქოსოციალურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოცემული პოპულაციის ფარგლებში მოცემულ დროს ინდივიდებს შორის სიმაღლის სხვაობა გენეტიკური ფაქტორებით ასიდან დაახლოებით 80 შემთხვევაშია განპირობებული. ადამიანის საბოლოო სიმაღლეს უმთავრესად გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოც, რომელშიც ბავშვი ვითარდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი არანამკურნალები, დეკომპენსირებული ქრონიკული დაავადება გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე, ამიტომაც ჰორმონული და არაჰორმონული დარღვევების კორექცია აუცილებელია - ამით შესაძლებელია ფიზიკური განვითარების პარამეტრების გაუმჯობესება.
- იდიოპათიური და ოჯახური ტანდაბლობის შემთხვევებში სამედიცინო ჩარევა უეფექტოა და არც რეკომენდებული გახლავთ.
- ბავშვის ზრდა-განვითარება ძალზე რთული დინამიკური პროცესია. იგი ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდისგან შედგება. ერთი საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდია, ხოლო მეორე - დაბადების შემდგომი ანუ პოსტნატალური. დაბადებამდე და დაბადების შემდგომ სხვადასხვა ფაქტორი სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს: ემბრიონის, ხოლო შემდგომ - ნაყოფის ზრდა-განვითარება უპირატესად კვებით ფაქტორზეა დამოკიდებული - იმ ნივთიერებებზე, რომლებიც დედის ორგანიზმიდან ნაყოფს პლაცენტის საშუალებით მიეწოდება. შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჰორმონული ფაქტორი, კერძოდ, ზრდის ჰორმონის სეკრეცია. დაბადებისას არსებული წონა და სიგრძე საშვილოსნოსშიდა გარემოს ადეკვატურობას ასახავს. ახალშობილის ზომებს ძალიან სუსტი დამოკიდებულება აქვს სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლებთან. დაბადების შემდგომი პერიოდი მოიცავს ჩვილობის, ბავშვობისა და სქესობრივი მომწიფების ფაზებს. 2 წლამდე ზრდასა და განვითარებაში ისევ კვებითი ფაქტორი, ინსულინი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორები (I და II) ასრულებენ უდიდეს როლს. ჰორმონულ ფაქტორზე (ზრდის ჰორმონზე) ეს პროცესები მაინცდამაინც არც ამ პერიოდშია დამოკიდებული. 2 წლისთვის ბავშვის სიმაღლის მაჩვენებელი გენეტიკურად განკუთვნილ განვითარების ხაზს - ცენტილს აღწევს. ამ ასაკისთვის მიღწეულია სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარი. 2-დან დაახლოებით 12 წლამდე, სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე, ზრდა-განვითარება ძლიერ არის დამოკიდებული ჰორმონულ ფაქტორზე, მათ შორის - ზრდის, სომატოტროპულ და ფარისებრი ჯირკვლის, თირეოიდულ ჰორმონებზე. ჯანმრთელი ბავშვი მიჰყვება მისთვის გენეტიკურად განკუთვნილ სიმაღლის მრუდს და 95%-იანი ალბათობით აღწევს მშობლების საშუალო სიმაღლეს, სტანდარტული გადახრის (+8,5სმ) ფარგლებში. მომდევნო ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების გავლენით ზრდის ტემპი ჩქარდება. ძალზე მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება და როგორი ინტენსივობითა და ტემპით გაგრძელდება ეს ფაზა. ამ დროს შესამჩნევად იცვლება სხეულის ზომები, პროპორციები, აგებულება, ხდება ცხიმის გადანაწილება გოგონებში - გინოიდური, ხოლო ვაჟებში - ვისცერული ტიპით, ყალიბდება ქალისა და მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები.
- გოგონებში - 15-16 წლამდე, ვაჟებში - 17-18-მდე. ამ ასაკამდე შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ და ზრდის სტიმულაცია მოვახდინოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ: ლაპარაკია არა საპასპორტო, არამედ ძვლოვან ასაკზე, რომლის დადგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ხელის მტევნის რენტგენოგრაფია.