"თქვენი ერთგული მკითხველი გწერთ იმ იმედით, რომ ჩემს გულისტკივილს მიაწვდენთ სხვა მშობლებს. უბრალოდ, აღშფოთებული ვარ. ყველამ იცის, როგორი ტაციაობაა ბავშვების ბაღებში რეგისტრაციაზე. თან ხომ რამდენიმე ეტაპია, ჯერ როდის გიწევს და მერეც ისეთი ამბავია, რამდენი რჩება გარეთ. მე და ჩემს მეგობარს ძალიან გვინდოდა საჯარო ბაღში ბავშვების ტარება, მაგრამ იმასთან ისე წამებში გაქრა ადგილები, ბოლოს მაინც დაარეგისტრირა სადღაც თავის რაიონში, თუმცა ისე შორს აღმოჩნდა ეს "შემთხვევითი" ბაღი, იძულებული გახდა, გამოეყვანა და კერძო ბაღში შეეყვანა. ჩემთანაც მსგავსი ამბავი იყო. ჯერ დედმამიშვილებმა გაავსეს ჯგუფები და როდის-როდის მოვიდა დანარჩენების დრო, მაშინაც უცებ შეივსო ადგილები, ფაქტია, ათი ადამიანი მეხმარებოდა და ვერც ერთმა ვერ დავარეგისტრირეთ. არადა, ვმუშაობ და თან ძალიან მინდოდა ბაღში მიყვანა, სოციალიზაცია. 4 წლის არის უკვე, გააზრებულიც აქვს და უნდოდა კიდეც თვითონ. ვინ გაცალა? იძულებული გავხდი, კერძო ბაღში შემეყვანა, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის იდეალური და ძალიან ბევრ ფულს ვიხდი...
ამ დროს რა ხდება ჩემს სამეზობლოში, ჩემს უბანში? არც ისე ცოტაა ისეთი მშობელი, ვინც ბავშვები დაარეგისტრირა ბაღებში (დედმამიშვილი ჰყავდა უკვე ან უბრალოდ უფრო სწრაფად გააკეთა, არ ვიცი), მაგრამ კვირაში, ორ კვირაში ერთხელ მიიყვანენ, დანარჩენი დრო სახლებში უზით. მიზეზი? "ცუდი ამინდია", "დილას ადგომა დაგვეზარა", "დაბანა ვერ მოვასწარი", "დღეს სტუმრად მივდივართ"... დედები ძირითადად სახლებში არიან, ან ბებოები ჰყავთ სახლში და რეალურად, დამტოვებლის პრობლემა არ აქვთ. ამიტომ, წაიყვანენ თუ არ წაიყვანენ, გადამწყვეტი ამბავი არაა... ბაღში ეუბნებიან, რომ გაციების ნიშნები აქვს ბავშვს და ისინიც საპატიოდ უთვლიან... მესმის, როცა ბავშვი ბაღს მართლა ვერ ეგუება, ან ხშირად ავადმყოფობს. როცა ასეთი მიზეზია, ალბათ სულ უნდა გაიყვანონ და ვიღაცისთვის ადგილი გათავისუფლდება. ასე არც თავად სარგებლობენ და ვერც სხვები.
არ მესმის, თუ არ გინდათ ბავშვების ბაღში ტარება, სხვას რატომ ართმევთ ადგილს? მე და ბევრი ჩემნაირი, ვინც გარეთ დარჩა, უკანასკნელ კაპიკებს ვიხდით კერძო ბაღებში და ძიძებთან, და ამ დროს მათ, ვისაც გამოდის, რომ დიდი საჭიროება არც ჰქონდა ბაღის, უბრალოდ დაარეგისტრირა, რომ როცა მოუნდება, მაშინ წაიყვანოს.
მაინტერესებს, რამე რეგულაცია არ არის? გაცდენების რაოდენობაც გაზარდეს და ფაქტობრივად, შეუძლია მშობელს, თვეში ერთხელ მიიყვანოს, ან ერთი თვე ატაროს, მეორე თვე სულ გააცდენინოს და დაასახელოს "საპატიო მიზეზები".