როგორც ჩანს, ჯასტინ ტიმბერლეიკს ტყუილად არ ეშინოდა ბრიტნის წიგნის გამოსვლის. მისი მემუარები 24 ოქტომბერს გამოვა გასაყიდად, თუმცა სკანდალი უკვე აგორდა.
წყვილს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა 1997-დან 2002 წლამდე და შორიდან, ძალიან შეყვარებულები ჩანდნენ. მათი დაშორება ძალიან ხმაურიანი იყო და გამაოგნებელიც თაყვანისმცემლებისთვის.
მემუარებში ბრიტნი ყველაფერს ხდის ფარდას. მამის 13-წლიან მეურვეობას, ურთიერთობებს ყოფილ მიჯნურებთან და ტრაგიკული დაშორების ამბავს პირველ სერიოზულ ბოიფრენდთან - ჯასტინ ტიმბერლეიკთან. ჯასტინი, რომელიც ახლა ორი შვილის მამაა, წარმატებული მომღერალი და მსახიობი, ადვოკატის დახმარებით ცდილობდა, რომ წიგნი არ გამოსულიყო, თუმცა ვერაფერი ქნა.
ბრიტნი წიგნში "ქალი ჩემში" საუბრობს მძიმე მომენტზე თავისი ბიოგრაფიიდან, რომელსაც 20 წელი მალავდა. 41 წლის მომღერალი ყვება, რომ ჯასტინთან ურთიერთობის დროს აბორტის გაკეთება მოუწია. "ეს ორსულობა ჩემთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ არა ტრაგედია. ისე მიყვარდა ჯასტინი... ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ჩვენ ოდესმე ოჯახი გვექნებოდა. დიახ, ორსულობის გამო ჩანდა, რომ ეს ბევრად ადრე მოხდებოდა, ვიდრე მე მეგონა... მაგრამ ჯასტინს არ გაუხარდა ეს ამბავი. მითხრა, რომ არ ვიყავით მზად ბავშვის გაჩენისთვის, რომ მეტისმეტად ახალგაზრდები ვართ", - წერს ბრიტნი.
მომღერალი ამბობს, რომ 19 წლის ასაკში გაკეთებული აბორტი მეტისმეტად საშინელი განსაცდელი იყო მისთვის იმ განსაცდელებიდან, რაც გაუვლია. "ეს რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, არასოდეს გავაკეთებდი. მაგრამ ჯასტინი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მამობა არ უნდოდა...".