საქართველოში ნაადრევ ასაკში ქორწინება, მოზარდების მშობიარობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ბოლოს დროს მომხდარმა სამწუხარო ფაქტებმა პრობლემის აქტუალურობაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა. საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" უკვე მრავალი წელია, მუშაობს. "თანადგომას" ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი გვესაუბრება, თუ რამდენად დიდი ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდობის ასაკში ოჯახის შექმნა, ორსულობა და მშობიარობა და რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ასეთ დროს ადამიანებს:
- ზოგადად, ქალის ცხოვრებაში ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა, რა თქმა უნდა, დიდ ფსიქოლოგიურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. საკმაოდ ძლიერი მენტალური რესურსია საჭირო, რომ ეს პროცესები შედარებით მშვიდად და უმტკივნეულოდ გაიარონ გოგონებმა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ორსულობა ქალის ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს, სასურველია, მომწიფებულ ასაკში მოხდეს.
როდესაც მოზარდი ორსულდება, მშობიარობს და შემდგომ ჩვილის მოვლა უწევს, მისი მენტალური ჯანმრთელობა ბევრად უფრო ზიანდება. ისინი ამისთვის, როგორც წესი, მოუმზადებლები არიან და სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან. შესაძლოა, მომატებულმა პასუხისმგებლობებმა, მოვალეობებმა, სრულიად შეცვლილმა ცხოვრებამ დეპრესია, შფოთვა, სოციალური იზოლაცია, სხვადასხვა ფობია გამოიწვიოს. გარდა ამისა, მოზარდები, როგორც წესი, ორსულობის, მშობიარობის ეტაპების შესახებ ინფორმირებულნი არ არიან და არ იციან, რისთვის უნდა იყვნენ მზად. მოულოდნელად კი, განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდებიან.
გოგონა, ხშირ შემთხვევაში, ემოციურად არც სქესობრივი კონტაქტისთვისაა მზად. არასწორი შეხედულებები აქვს, რაც რეალობას არ შეესაბამება და მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას განსაკუთრებულ ზიანს აყენებს. შესაბამისად, მოზარდებს ამ მიმართულებით, არც შესაბამისი ინფორმაცია აქვთ და არც ემოციური მზაობა. გარდა ფსიქოემოციური ფაქტორისა, სოციალური ფაქტორიც გასათვალისწინებელია. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად გოგონა აღიქმება დამნაშავედ, როცა დაუქორწინებელია და ორსულადაა. მისკენ ისვრიან ქვებს. როდესაც გარემო არამხარდამჭერი და შეუწყნარებელია, მოზარდისთვის ეს მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ სქესობრივი ჯანმრთელობის, თავდაცვის საშუალებების შესახებ სკოლის ასაკიდანვე ვესაუბრებოდეთ და ინფორმაციას ვუზიარებდეთ. ცოდნა და ინფორმირებულობა ახალგაზრდების ცხოვრებას ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის და მნიშვნელოვანია, ეს მშობლებმაც გავიაზროთ და მასწავლებლებმაც. გარდატეხის ასაკში მოზარდების ფიზიოლოგიური მდგომარეობა რადიკალურად იცვლება. ენდოკრინული სისტემა ბობოქრობს, ორგანიზმში ჰორმონალური "რევოლუციაა" და ამას კიდევ ორსულობა რომ ემატება, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ცვლილებას იწვევს, მოზარდს გამკლავება განსაკუთრებით უჭირს. იცვლება გუნება-განწყობა, აქვს ემოციური არასტაბილურობა, ჰორმონალური დისბალანსი და ვეღარ ახერხებს, სრულფასოვნად იცხოვროს.
- ხშირად აღვნიშნავ, რომ 14-15 წლის ასაკში ოჯახის შექმნით გოგონას ძალიან დიდი ტვირთი ადგება. მით უმეტეს, თუ ის დედა ხდება. ჯერ საკუთარ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას უნდა გაუმკლავდეს, შემდეგ კი ახალი რეალობა მიიღოს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გოგონასთვის, არამედ ბიჭისთვისაც ძალიან რთულია. ხშირ შემთხვევაში, ნაადრევად დაოჯახებული გოგონები განათლების გარეშე რჩებიან, ვეღარ ახერხებენ საზოგადოებაში სოციალიზაციას, საკუთარი ინტერესების რეალიზებას, პროფესიის დაუფლებას და ერთვებიან პასუხისმგებლობაში, რომლისთვისაც მზად არ არიან. თუ მათ გვერდით მზრუნველი, მხარდამჭერი მშობლები არ ჰყავთ, ურთიერთობის შენარჩუნება გაუჭირდებათ. გოგონა, ხშირ შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში სახლშია, ზრუნავს ბავშვზე, ოჯახის სხვა წევრებზე, ჩართულია საშინაო, სამეურნეო სამუშაოებში და მაშინ, როცა ფიზიკური ტვირთი იზრდება, მენტალური ჯანმრთელობაც ზიანდება. განათლებისა და პროფესიის გარეშე დარჩენილი ქალი მეუღლეზეა დამოკიდებული ხდება და თვითრეალიზაციას ვეღარ ახერხებს.
- ასეთ შემთხვევაში, ორმაგ და სამმაგ ფსიქოტრავმასთან გვაქვს საქმე. ძალადობა, მით უფრო, სექსუალური ძალადობა, ურთულესი პრობლემაა და მენტალურ ჯანმრთელობას, ფაქტობრივად, ანგრევს. ადამიანს უამრავი არასაიმედო და არასასიამოვნო აზრები უყალიბდება, შესაძლოა, სუიციდური ფიქრებიც კი ჰქონდეს. ზოგჯერ შესაძლოა, მშობიარობის შემდგომ შვილზე უარი განაცხადოს. თუმცა, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგადი შეფასება, ვინ როგორ შეხვდება ამ ფაქტს და როგორ აისახება მის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ძალიან რთულია. გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ხელშემწყობია, მოზარდს, პროფესიონალებთან ერთად, მშობლები, ახლობლები დაეხმარებიან, გარკვეული დანაკლისები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ დროსთან ერთად, ამ პერიოდს გადაივლის. თუ გარემო არამხარდამჭერია, წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოხდება ინდივიდების შემთხვევაში, რთულია.
- ოჯახი საკმაოდ რთული ინსტიტუტია. ოჯახს შენება, მოვლა, მზრუნველობა სჭირდება. როცა მოზარდი გარდატეხის ასაკშია, პირადი საკითხები აწუხებს, უწევს ცვლილებებთან შეგუება, სურს სოციუმში ადგილის დამკვიდრება, გარშემომყოფების მხრიდან აღიარება, ეს ერთი ურთულესი გზაა. ამას რომ საკუთარი ოჯახის შექმნა ემატება, მას ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა, როგორც წესი, გააზრებული არ აქვს. მოზარდები ამ ნაბიჯს დგამენ იმიტომ, რომ ერთმანეთის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვთ. ამ ასაკში ოჯახის შექმნა არავის სურს. ამიტომ, ეს პერიოდი რომ გადავავადოთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ, თავიანთი დრო სხვადასხვა წრეზე სიარულში, ფიზიკურ აქტივობებში, საკუთარი ინტერესების ძიებაში დახარჯონ, გაიჩინონ ჰობი და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება უკვე გააზრებულ ასაკში მიიღონ.
რაც შეეხებათ მშობლებს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შვილებთან კომუნიკაციის სწორი სტრატეგია აირჩიონ. ეს ნდობაზე დაფუძნებული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობა უნდა იყოს, რომ ბავშვს მასთან საუბარი, პრობლემების გაზიარება ნებისმიერ დროს შეეძლოს. ძალიან ხშირად, როდესაც მოზარდები საკუთარი მშობლებისაგან, ოჯახისაგან ემოციურ მხარდაჭერას ვერ იღებენ, ამ დანაკლისის შევსებას სხვა გზებით ცდილობენ. მათ შორის ერთ-ერთი გზა დაქორწინებაა, რაც კიდევ უფრო მეტი რთული გამოწვევის წინაშე აყენებს.
ექიმი, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ "თანადგომას" რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ჭელიძე გვესაუბრება, რა ზიანის ადგება მოზარდის ჯანმრთელობას, როდესაც ამ ასაკში შვილს აჩენს და ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებიც ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნას გადაწყვეტენ:
- იმისათვის, რომ ადამიანმა შვილის გაჩენა უსაფრთხოდ შეძლოს, რეპროდუქციული და ძვლოვანი სისტემა უნდა მომწიფდეს, მენჯის ძვლების ზრდა კი დასრულდეს. ეს გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგ ხდება და სრულწლოვანების ასაკად 18 წელი შემთხვევით არ არის აღებული. მოზარდების ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში, გართულებების რისკი ორჯერ უფრო მაღალია. ასევე, ხშირად ნაყოფის ზომასა და მენჯის ძვლებს შორის შეუთავსებლობაა, ეს სამშობიარო ტრავმებს, გახანგრძლივებულ მშობიარობას იწვევს და ნაყოფისთვის შესაძლოა, რისკის შემცველი იყოს.ასევე, მოზარდის ორსულობის მიმდინარეობისას, გაცილებით ხშირია გართულებები, ვიდრე ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში. მკვდრადშობადობის სტატისტიკაც მაღალია.
ადამიანი ორსულობისა და შვილის გაჩენისათვის როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მომწიფებული. ნაადრევ ქორწინებას სოციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევები ახლავს თან. მოზარდის სოციალიზაცია ფერხდება, განათლების მიღებაში წინააღმდეგობა ექმნება, საკუთარ ასაკობრივ ჯგუფთან კავშირებს ვერ ამყარებს, რაც შემდგომში, თავის მხრივ, კიდევ იწვევს პრობლემებს. ადამიანები სოციალური არსებები ვართ და კომუნიკაცია, ერთმანეთთან კონტაქტი, ემოციების გაზიარება გვჭირდება. როდესაც მოზარდი დაქორწინებულია, ხშირად ვეღარ ახერხებს სკოლაში სიარულს, უჩნდება შვილი, აბსოლუტურად იცვლება მისი რეალობა, აღარ შეუძლია თანატოლებთან ერთად გართობა, უამრავი მოვალეობა აქვს, რაც საბოლოოდ, ნევროზებს, დეპრესიას, მომატებულ შფოთვას იწვევს. ასევე, შესაძლოა, გოგონა ძალადობის მსხვერპლი უფრო მარტივად გახდეს. როდესაც ადამიანს განათლება, საკუთარი პროფესია არ აქვს, ფინანსურად დამოუკიდებელი არ არის, მეუღლესა და მისი ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული, იძულებულია, მათი მოთხოვნებისა და წარმოდგენების შესაბამისად იცხოვროს. თუ ეს შესაბამისობაში არ მოდის, სხვადასხვა ფორმის ძალადობას აქვს ადგილი. სამწუხაროდ, ბევრი გოგონა იმის გამო, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ, არ აქვთ საკუთარი შემოსავალი, პროფესია, არც ოჯახი ჰყავთ მხარდამჭერად, იძულებულია, წლობით იცხოვროს მოძალადესთან.
მოზარდები ოჯახის შექმნას ხშირად სიღარიბის გამო გადაწყვეტენ ხოლმე. თუმცა, ერთი უკიდურესობიდან, მეორე, გაცილებით რთულ ეტაპზე გადადიან, სადაც პასუხისმგებლობები, მოვალეობები, დაბრკოლებები გაანალიზებული არ აქვთ. კიდევ უფრო მოწყვლადები ხდებიან. გარდა ამისა, ნაადრევ ასაკში ორსულობისა და მშობიარობის დროს წარმოქმნილმა ფიზიკურმა დაზიანებებმა, შესაძლოა, მომდევნო მშობიარობებსაც ხელი შეუშალოს და ქალმა სერიოზული ტრავმა მიიღოს.
- რა გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდისთვის ნაადრევ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება?
- მოზარდი ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მოუმწიფებელია. შესაძლოა, სქესობრივი ცხოვრების შესახებ სრულიად არასწორი წარმოდგენები ჰქონდეს, მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს არ დაემთხვეს და სქესობრივი ურთიერთობების მიმართ ზიზღი ჩამოუყალიბდეს, ვერ შედგეს, როგორც პარტნიორი. ამან კი მეორე პარტნიორის მხრიდან აგრესია, ბულინგი, იმედგაცრუება გამოიწვიოს, გაჩნდეს კონფლიქტი და ოჯახი დაინგრეს.
მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ნუ უბიძგებენ ბავშვებს ნაადრევი ქორწინებისაკენ. ეს არც სიღარიბისაგან დაცვაა და არც მშვიდი ცხოვრების გარანტია. ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, განათლებას, დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებას, პროფესიის შეძენას, თვითრეალიზაციას. ადამიანმა დაქორწინების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად მზადაა.
გვინდა, სკოლაში სხვადასხვა სავარჯიშო შევიტანოთ, რომ მოზარდებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს შვილის ყოლა, რამდენი დრო, ფიზიკური და ფინანსური რესურსი სჭირდება მის აღზრდას. ეს კი მოზარდის ცხოვრების წესისათვის სრულიად შეუსაბამოა. სავარჯიშოს დროს ორ სვეტს ვაკეთებთ - მარცხნივ გოგონას ცხოვრების წესს გამოვსახავთ - მან უნდა ჩამოწეროს, დღის განმავლობაში, რითაა დაკავებული, რა დრო ეთმობა სწავლას, გართობას, მეგობრებთან ურთიერთობას, დასვენებას და ასე შემდეგ. მეორე სვეტში კი საათობრივად ჩამოვაწერინებთ, რა დროს მოითხოვს ბავშვის მოვლა. მოზარდი დაინახავს, რომ მისი ცხოვრების წესი და ბავშვზე ზრუნვა შეუსაბამოა და ეს გადაწყვეტილება ცოტა უფრო დიდ და გააზრებულ ასაკში უნდა მიიღოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ხშირად ვისაუბროთ. ერთ-ერთი ბოლო სამწუხარო შემთხვევის დროს, როდესაც მოზარდი გოგონა მამაკაცმა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა, იძალადა მასზე და შემდეგ მოკლა, საზოგადოების არც ერთმა რგოლმა საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა. ერთი მხრივ, ბავშვის დაცვის მექანიზმები ქმედითი უნდა იყოს და მეორე მხრივ, ოჯახმა, მშობლებმა ზუსტად უნდა გაიაზრონ, რა საფრთხეს უქმნიან თავიანთ შვილებს, როდესაც ნაადრევ ასაკში დაქორწინებისაკენ უბიძგებენ. იმისათვის, რომ წარმატებული ოჯახი შეიქმნას, საჭიროა, ადამიანი ზრდასრული და მომზადებული იყოს. ბედნიერ ბავშვს უბედური მშობლები ვერ აღზრდიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ყველამ გავიაზროთ.
თამარ იაკობაშვილი