პატი სმიტი საქართველოს სტუმრობს და ლეგენდარულ ქალბატონს თაყვანისმცემლები სიხარულით ხვდებიან. ვინ არის პატი? მათ, ვინც მას არ იცნობს ჯერ კიდევ, მის მცირე ბიოგრაფიას ვთავაზობთ:
ქალი როკ-მუსიკაში - შესანიშნავი ფენომენია. მით უფრო, თუ ის პანკ-კულტურას საკუთარი შემოქმედებით გამოხატავს და ჟანრის ხატად ითვლება. ეს ყველაფერი პატი სმიტზე შესაძლოა, თამამად ვთქვათ. ძლიერ, საოცრად ნიჭიერ მომღერალს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ვიდრე სმიტი საკუთარი შემოქმედებისთვის შთაგონებას ეძებდა, ის მუსიკით თავადა გახდა სხვებისთვის მოტივაცია.
პატრიცია ლი სმიტი 1946 წლის 30 დეკემბერს, ჩიკაგოში დაიბადა. სიმღერის ნიჭი მემკვიდრეობით დედისგან, ბევერლი სმიტისგან მიიღო, რომელიც მომღერლად და ამავდროულად, მიმტანად მუშაობდა. მამა, გრანდ სმიტი, მუშათა კლასის წარმომადგენელი იყო და ქარხანაში მუშაობდა. ოჯახში 3 შვილი იზრდებოდა. სმიტები ჩიკაგოში 1949 წლამდე ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ფილადელფიის პატარა ქალაქ ვიდბერში გადავიდნენ.
მომღერალმა წლების შემდეგ აღიარა, რომ საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. თანატოლებს ვერ უგებდა და კლასელებთანაც რთული ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ, პატი თანატოლებთან ურთიერთობას წიგნის კითხვასა და მუსიკის მოსმენას ამჯობინებდა. მისი საყვარელი პოეტი არტურ რემბო იყო, შემსრულებელი კი - ჯიმი ჰენდრიქსი. ბიტნიკების კულტურით იყო დაინტერესებული, ამიტომ არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები შეისწავლა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, პატიმ გლასბოროს კოლეჯში ჩააბარა. თუმცა, სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. გოგონამ გაიგო, რომ ორსულად იყო. თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ იგი გააშვილა. მას სულ სხვა მიზნები ჰქონდა, სამუშაოს შოვნა, ფულის დაზოგვა და ნიუ-იორკის დაპყრობა უნდოდა. ამ ყველაფერს კი 1967 წელს მიაღწია.
მომღერალმა სამსახური წიგნის მაღაზიაში იშოვა. სწორედ იქ გაიცნო რობერტ მეპლტორპი. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა, პატისა და მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ორი წლის შემდეგ, პატი პარიზში გაემგზავრა და ხელოვნების შესწავლა განაგრძო. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ რობერტთან ცხოვრება განაგრძო და ამავდროულად, დრამასა და პოეზიაში საკუთარი კარიერის აშენებას ცდილობდა. სმიტი სემ შეპარდის სპექტაკლებში მონაწილეობდა და ლექსებზე მუშაობდა. ლენი ქეისთან შეხვედრა კი საბედისწერო აღმოჩნდა. პატი ლექსებს კითხულობდა, ლენი კი გიტარაზე უკრავდა. ეს ძალიან წარმატებული ტანდემი gamodgaდა წყვილი მალევე შენიშნეს.
შესანიშნავმა დუეტმა სცენაზე საკუთარი ადგილი მალევე დაიმკვიდრა. 1974 წელს სმიტსა და ქეის რიჩარდ სოული შეუერთდათ. რობერტ მეპლტორპის დახმარებით, ტრიომ Patti Smith Group-მა პირველი სიმღერა Electric Lady გამოუშვა. ჩანაწერის გასაკეთებლად კი გიტარისტი ტომ ვერლენი მიიწვიეს.
ნელ-ნელა ჯგუფი კიდევ უფრო დიდი გახდა. წარმატებული კონცერტების შემდეგ, მათ ბასისტი აივენ კროლი, ხოლო 1975 წლის თებერვალში დრამერი ჯეი დი დოერტი შეუერთდათ. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი Horses. ამის შემდეგ მუსიკოსებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დიდი ტურნე მოაწყვეს და საკმაოდ წარმატებული კონცერტები გამართეს. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა მეორე ალბომი, Radio Ethiopia, რომელშიც უფრო მეტად მძიმე როკის მიმართულების კომპოზიციები შედიოდა.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პატის შესვენების აღება მოუწია. 1978 წელს კი მომღერალმა მესამე ალბომი Easter გამოუშვა.
1979 წელი სმიტისთვის დატვირთული იყო. მან ახალი ალბომი Wave გამოუშვა, რომელშიც მთავარი სიმღერა Why The Night იყო, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone-მა სიმღერა Dancing Barefoot 2004 წლის საუკეთესო სიმღერების სიაში შეიტანა.
ამავე პერიოდში მომღერალი გიტარისტ ფრედერიკ სმიტს შეხვდა, რომელთანაც რომანი ჰქონდა. თუმცა, პატის გუნდისთვის არახელსაყრელი პერიოდი დაიწყო. პანკის სუბკულტურისადმი ინტერესი ქრებოდა და 1980 წელს ჯგუფი დაიშალა. თავად ვოკალისტი კი 1996 წლამდე სცენიდან გაქრა.
16 წლის შემდეგ სმიტი დეტროიტიდან ნიუ-იორკში დაბრუნდა. კვლავ დაიწყო საკუთარი ლექსების შესრულება და გადაწყვიტა, Patty Smith Group. გაეერთიანებინა. მანამდე კი პატიმ და ბობ დილანმა ერთობლივი ტური მოაწყვეს. გუნდს გარდაცვლილი რიჩარდ სოულის ნაცვლად, ოლივერ რეი შეუერთდა. მასთან და ჯეფ ბაკლისთან ერთად კი 2 რადიკალურად განსხვავებული ალბომი - Gone Again და Peace And Noise ჩაწერა.
2008 წელს დოკუმენტური ფილმი "პატი სმიტი: ოცნება ცხოვრებაზე" გამოვიდა, რომელიც ხელოვანის შემოქმედებით გზას ეძღვნებოდა. Patty Smith Group-ის მე-11 სტუდიური ალბომი Banga იყო. 2015 წელს მომღერალმა ჩაწერა Aqua Teen Dream საუნდტრეკი ანიმაციური სერიალისთვის "ფასტ-ფუდის გუნდი".
2021 წელს პატი ვატიკანში მიიწვიეს და იქ კონცერტი გამართა. მომღერალს ეს პატივი პირველად 2014 წელს ერგო.
1977 წელს სმიტი სცენიდან გადავარდა და ჯანმრთელობის სეროზული პრობლემები შეექმნა. ამიტომაც, 1 წელი მუსიკალური სამყარო დატოვა. თუმცა, ეს შესვენება პოეტური კრებულის " Babel-ის" შესაქმნელად გამოიყენა. პატიმ საკუთარი ძალები არა მხოლოდ პოეზიაში, არამედ პროზაშიც სცადა. 2010 წელს მისი წიგნი "უბრალოდ ბავშვები" გამოვიდა. რამდენიმე წლის შედეგ საკუთარი მემუარები გამოსცა. წიგნში "ერთგულება - მაიმუნის წელიწადი", მან საკუთარი გზა აღწერა და ბევრი ადამიანისათვის შთამაგონებელი ისტორიები გააზიარა.
ბავშვის მამა, რომელიც პატის კოლეჯში სწავლისას ეყოლა, უცნობია. მისი შემდგომი პარტნიორების სიაში მსახიობი და ყოფილი დრამერი სემ შეპარდი და პიანისტი ალენ ლანიე შედიოდნენ.
პატის ყველაზე დიდი სიყვარული კი გიტარისტ ფრედ სონიკ სმიტს უკავშირდება. ისინი 1980 წლის 1 მარტს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი შეეძინათ. პატი მეუღლეს სიმღერებს უძღვნიდა, თუმცა ქმარი 1994 წელს, გულის უკმარისობით გარდაეცვალა. იმავე წელს მისი ჯგუფის წევრი, რიჩარდ სოული დაიღუპა და ასევე, პატის უმცროსი ძმა გარდაეცვალა. ქალს 2 წელი დასჭირდა, რომ ტკივილს გამკლავებოდა და სცენაზე დაბრუნებულიყო.
1
ახლა პატი შემოქმედებითად კვლავ აქტიურია. ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებს კი ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მას უამრავი მსმენელი საკუთარ კერპად მიიჩნევს.
როდესაც პატი ფრედ სმიტზე დაქორწინდა, ხშირად ხუმრობდნენ, რომ მან მეორე ნახევარი გვარის გამო აირჩია, რადგანაც საკუთარი გვარის შეცვლა არ სურდა.
სმიტის მშობლები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და შვილებს შესაბამისი ტრადიციებით ზრდიდნენ. თინეიჯერობისას პატი ბუდიზმით დაინტერესდა. მომდევნო წლების განმავლობაში, მისი შეხედულებები რელიგიისა და რწმენის შესახებ შეიცვალა.
როდესაც პატიმ გაიგო, რომ მისი წიგნების პირველი გამოცემები, რომლებიც პორტლენდში ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდებოდა, სხვა ავტორების ასლებთან ერთად მოიპარეს, მაღაზიის მენეჯმენტს პირველი გამოცემის რამდენიმე ეგზემპლარი გადასცა და საკუთარი ხელმოწერაც დატოვა.