რვა შვილის დედამ, რომელსაც შვილები გაუშვილეს, ყველა მათგანი მიმღებ ოჯახებს მოსტაცა და გაიქცა - მშობლები

რვა შვილის დედამ, რომელსაც შვილები გაუშვილეს, ყველა მათგანი მიმღებ ოჯახებს მოსტაცა და გაიქცა

2023-10-27 11:47:34+04:00

რვა შვილის დედა, რომელსაც მშობლის უფლება ჩამოართვეს, შეერთებულ შტატების პოლიციამ ძებნის შედეგად გააკავა. მიზეზი ბავშვების გატაცება გახდა - აღმოჩნდა, რომ გაშვილებული ბავშვების დედამ პატარები მიმღებ ოჯახებს მოსტაცა და ქვეყნის მეორე ბოლოში წაიყვანა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.

ქალი რამდენიმე დღის განმავლობაშ იძებნებოდა. ერთხელაც უცნობმა მამაკაცმა კალიფორნიის პოლიციაში დარეკა და ბენზინგასამართ სადგურზე ქალის არასათანადო ქცევის თაობაზე შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე ოფიცრებმა 36 წლის ტრისტა ფულერტონი იპოვეს. ქალის მანქანას არკანზასის სანომრე ნიშნები ჰქონდა და შიგნით ექვსი ბავშვი იჯდა.

პოლიციამ ფულერტონი მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეამოწმა და დაადგინა, რომ არკანზასში მისი დაკავების ორდერი იყო გაცემული. ასევე გაირკვა, რომ ქალი შვილების ბიოლოგიური დედაა, მაგრამ ისინი მას კრიმინალური ისტორიის გამო წაართვეს. ფულერტონის ყველა შვილი მინდობით აღზრდაში გაანაწილეს, მაგრამ დედამ ისინი მოიტაცა და მათი რამდენიმე შტატით შორს გაყვანა მოახერხა.

დაკითხვის დროს ქალმა აღიარა, რომ კიდევ ორი ​​შვილი მოჰპარა მიმღებ ოჯახებს და ისინი ქალაქ კოტონვუდში, შასტას ოლქში იმყოფებიან. ფულერტონი დააპატიმრეს და მისი შვილები გამანაწილებელში გადაიყვანეს. იქედან კვლავ მინდობით აღზრდაში დაბრუნდებიან. პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია, როგორ გაიტაცა ქალმა ამდენი ბავშვი.