ზოგიერთი ადამიანისათვის ჯუნა დიდი მკურნალი და ნათელმხილველია, ზოგი კი მას შარლატანს უწოდებს. თუმცა მან "სსრკ-ს პირველი ოფიციალური ექსტრასენსის" ტიტული მიიღო. მასთან ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მხატვრები, საჯარო მოხელეები მიდიოდნენ და მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებულები იყვნენ. ამბობდნენ, რომ ქალმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. თუმცა, ერთადერთი ვაჟის გადარჩენა ვერ მოახერხა...
გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯუნა დავითაშვილის სახელი საბჭოთა კავშირში ყველამ იცოდა. ქალი აცხადებდა, რომ მას ადამიანების ნებისმიერი დაავადებისაგან განკურნება შეეძლო. ნელ-ნელა ტელევიზიებში მიიწვიეს, მართავდა შეხვედრებს, პოლიტიკოსები, გავლენიანი ადამიანები პატივს სცემდნენ და ნათელმხილველი სიცოცხლეშივე ლეგენდად აქციეს.
ჟენია სარდისი - ასე დაარქვეს გოგონას დაბადებისას. ის კრასნოდარის სოფელ ურმიაში, ასურელ ლტოლვილთა ისტორიულ დასახლებაში დაიბადა. მისი მამა ირანიდან იყო, დედა კი - კაზაკი. ბავშვობაში გოგონა სოფელში ბებიასთან დიდ დროს ატარებდა. მის ბებიას სოფელში ჯადოქრად თვლიდნენ. სწორედ მისგან ისწავლა ჯუნამ რიტუალები, რომლებმაც შემდეგში ძალიან ცნობილ ადამიანად აქცია.
გოგონას ოჯახს ძალიან უჭირდა. ამიტომ, 13 წლის ასაკში კოლმეურნეობაში მუშაობდა. 8 კლასის დასრულების შემდეგ, კოლეჯში განაგრძო სწავლა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იგი კოლეჯში მედიცინის მიმართულებით სწავლობდა, შემდეგ კი თბილისში წავიდა სამუშაოდ. ტექნიკურ სასწავლებელში გოგონას ზებუნებრივი შესაძლებლობების შესახებ ჭორები მალევე გავრცელდა, თუმცა მას მაშინ სერიოზულად არავინ აღიქვამდა.
როგორც თავად ჯუნამ გაიხსენა, დისერტაციის დაცვისას კომისიის წევრებმა უთხრეს, ჭრილობა ნემსისა და ძაფის გარეშე შეეკრა. გოგონა დანებებისთვის მზად იყო, თუმცა მოულოდნელად გონებაში მამის ხმა ჩაესმა: "დააწებებ, ჟენოჩკა, დააწებებ!" ჯუნა ჭრილობას შეეხო, რაღაცის ჩურჩული დაიწყო და ჭრილობა შეხორცდა... კომისიის წევრები გაოცებულები იყვნენ და ახალგაზრდა მკურნალს მედიცინის დიპლომი გადასცეს.
თბილისში ჯუნამ მომავალი მეუღლე, ვიქტორ დავითაშვილი გაიცნო, რომლისგანაც ერთადერთი ვაჟი - ვახტანგი შეეძინა. ბიჭის დაბადებას მშობლები მრავალი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. ჯუნა საკუთარ შვილს ძალიან მიეჯაჭვა და განსაკუთრებით უყვარდა. ბიჭი ბავშვობაში ასთმური შეტევის გამო კინაღამ გარდაიცვალა, თუმცა გადმოცემის თანახმად, ნათელმხილველმა ის განკურნა.
ვახტანგი კარატეზე შეიყვანეს, კარგად ხატავდა და საკუთარი წარმატებებით მშობლებს ახარებდა. ბიჭი რომ მარტო არ ყოფილიყო, ჯუნამ ბავშვთა სახლიდან ბავშვი აიყვანა და მიშა დაარქვა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ ბიჭი სკოლაში მიმავალ გზაზე მოკლეს. ამის შემდეგ, ჯუნა ერთადერთ შვილს კიდევ უფრო განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა.
ნათელმხილველის ქმარს საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მაღალი თანამდებობა ეკავა და პარტიის სხვა ლიდერებთანაც მეგობრობდა. ერთ დღეს, როდესაც მისმა თანამშრომელმა ჯუნას ზებუნებრივი შესაძლებლობების შესახებ გაიგო, დავითაშვილს დახმარებისთვის მიმართა. 1980 წლის გაზაფხულზე მან ქალს საკუთარი ცოლის გასინჯვა სთხოვა. ქალი მრავალი წლის განმავლობაში დაღლილობასა და უენერგიობას განიცდიდა და ვერც ერთმა ექიმმა ვერ დაადგინა, რას სჭირდა. როგორც ამბობენ, ჯუნამ სასწაული მოახდინა - ჩინოვნიკის ცოლი განკურნა, გაათავისუფლა აუხსნელი ტკივილისაგან, ქალს მადა, ენერგია დაუბრუნდა და სრულფასოვანი ცხოვრება განაგრძო.
ამის შემდეგ ჯუნას შესახებ ინფორმაცია მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა. მას უამრავი ცნობილი ადამიანი მიმრთავდა და დახმარებას სთხოვდა. მათ შორის არკადი რაიკინის მეუღლე იყო. ქალს ინსულტის შემდეგ მეტყველების უნარი წაერთვა. ჯუნამ მისი განკურნება შეძლო და იუმორისტი და მისი მეუღლე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. როგორც ცნობილია, არკადი რაიკინმა ჯუნას შესახებ ბრეჟნევსაც მისწერა. ბრეჟნევს ჯუნაზე იქამდეც გაეგო, თუმცა ქალის შესაძლებლობებს ეჭვის თვალით უყურებდა. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის მეცნიერებს უბრძანა, რომ ქალი შეემოწმებინათ, მართლა ფლობდა ჯადოსნურ შესაძლებლობებს, თუ ცრუობდა.
ნათელმხილველი რადიოინჟინერიის ინსტიტუტში წაიყვანეს. მეცნიერები შოკში იყვნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ჯუნას ხელები ასხივებდა ისეთ სითბოს, რომელიც ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურისგან განსხვავდებოდა. სპეციალისტებმა ე.წ. "ფენომენ D-ზე" დაიწყეს საუბარი და ერთი პერიოდი ფიქრობდნენ, რომ ჯუნა ჯაშუში იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში, ქალს კგბ-ს ოფიცრებიც აკონტროლებდნენ.
როდესაც დარწმუნდნენ, რომ ქალი არანაირი მისიით არ იყო ქვეყანაში მოვლენილი, ის მალევე ბრეჟნევისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების პირად მკურნალად გადაიქცა. სხვადასხვა თემაზე მიმართავდნენ და ჯუნა მათი პრობლემების მოგვარებას მარტივად ახერხებდა.
1989 წელს ჯუნა ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
გარდა ამისა, მან საპატიო ჯილდო - იერუსალიმის ტაძრის 1-ელი ხარისხის ორდენი მიიღო. ერთი წლის შემდეგ, მკურნალმა მოსკოვში ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია დააარსა, სადაც მოსწავლეებს სამკურნალო ტექნიკას ასწავლიდა.
მოსკოვში გადასვლისა და გაზრდილი პოპულარობის შემდეგ, ჯუნას მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა და ისინი მალევე დაშორდნენ. ნათელმხილველს საკუთარი შვილი არა მხოლოდ ლექციებსა და საჯარო გამოსვლებზე, არამედ ელიტურ წვეულებებზეც მიჰყავდა. გვერდიდან არ იშორებდა და უნდოდა, სულ თან ჰყოლოდა. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ქალი გადამეტებული ჰიპერმზრუნველობით საკუთარ შვილს დააზარალებდა.
პარალელურად, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ქალს ყოველთვის პატივს სცემდნენ, ეპატიჟებოდნენ სხვადასხვა წვეულებაზე, ფინანსურად შესანიშნავი მდგომარეობა ჰქონდა...
თუმცა 2001 წელს მისი ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა. ვახტანგი მაშინ 26 წლის იყო. ერთი ვერსიით, ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მეორე ვერსიით კი, ჩხუბი მოუვიდა და დაჭრეს.
დედა საკუთარი ხელების დადებით ცდილობდა, შვილი გადაერჩინა და სიკვდილისაგან ეხსნა ისე, როგორც სხვა ადამიანებთან იქცეოდა. თუმცა, არაფერი გამოუვიდა...
ჯუნასთვის ერთადერთი შვილის გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო. ნათელმხილველი ამბობდა, რომ არ სურდა, მის გარეშე ეცხოვრა და რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა.
ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილის შემდეგ, ჯუნა მხატვრობით დაინტერესდა და ამას სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა. 2015 წლის 8 ივნისს კი 66 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა...
ჯუნას ფენომენი ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული. ის საბჭოთა კავშირში პირველ ოფიციალურ ექსტრასენსად აღიარეს, თუმცა ბევრი ფიქრობდა, რომ მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაზვიადებული იყო და ქალი თაღლითობდა.