ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტთა ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს და განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ მამაკაცებმა ინტიმური ჰიგიენის დაცვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის:
სასქესო ორგანოზე ქალებსა და კაცებს ზოგჯერ ე.წ. მარილების დაგროვება აწუხებთ. ეს არის სმეგმა, ნივთიერება, რომელსაც სასქესო ორგანოს ქსოვილი გამოყოფს. სმეგმას მოთეთრო ფერი აქვს. ის შეიძლება ხაჭოსებრი კონსისტენციის იყოს და ზოგჯერ უსიამოვნო სუნი ჰქონდეს. ქსოვილზე დიდხანს დაყოვნების შემთხვევაში, ის კანცეროგენურ თვისებებს იძენს. დადგენილია, რომ კაცებს, რომლებსაც წინადაცვეთა აქვთ ჩატარებული და შედეგად არ უგროვდებათ სმეგმა, სასქესო ასოს კიბო იშვიათად უვითარდებათ. იმისათვის, რომ სასქესო ორგანოებზე მარილების დაგროვებით გამოწვეული დისკომფორტი და გართულება თავიდან აიცილოთ, საჭიროა, ყოველ დღე, დღეში ერთხელ, ან ორჯერ დაიბანოთ სასქესო ორგანოები არა უბრალოდ წყლის დასხმით, არამედ სპეციალური გელის გამოყენებით გულმოდგინედ და დეტალურად
განაყოფიერების უნარის შეფასება კაცებში სპერმის ანალიზით ხდება. სპერმის ანალიზისათვის კაცი სათანადოდ უნდა მოემზადოს. ეს წესები საკმაოდ მარტივია. სპერმის ანალიზამდე, მინიმუმ 2, მაქსიმუმ 5 დღით ადრე კაცს სპერმის დაღვრა უნდა ჰქონდეს მასტურბაციით, ან სქესობრივი აქტით. ბოლო 3 კვირის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი, არ უნდა ჰქონდეს გადატანილი რაიმე სახის ვირუსული ინფექცია და არ უნდა ჰქონდეს მიღებული რაიმე სახის ანტიბიოტიკი. როდესაც კაცი კლინიკაში სპერმის ჩასაბარებლად მოდის, ის ცალკე ოთახში შედის, სადაც სპეციალურ კონტეინერში სპერმას ათავსებს. სასურველია, რომ სპერმა არ გადაღვაროს, ანუ მთლიანად მოათავსოს კონტეინერში. თუ ნაწილი დაღვარა, მაშინ ამის შესახებ ექიმ-ლაბორანტს უნდა აცნობოს, რომელმაც ეს სპერმის გამოკვლევისას უნდა გაითვალისწინოს. სპერმა, როგორც წესი, არ ინახება. ანალიზი იმ დღესვე კეთდება და დაახლოებით, 2-3 საათში პასუხი მზადაა.
როდესაც სპერმის ანალიზი ტარდება, მის მოცულობას, სპერმატოზოიდების რაოდენობას ვითვლით. ვაკვირდებით, რამდენია ჯანმრთელი, ნორმალური აგებულების სპერმატოზოიდი, რამდენი პროცენტია ანომალიური, რამდენია აქტიურად, ნაკლებად მოძრავი, ან მკვდარი. არ არსებობს სპერმა, სადაც აბსოლუტურად ყველა სპერმატოზოიდი მოძრავი და ჯანმრთელია. ყველა სპერმაშია როგორც ჯანმრთელი, ასევე არაჯანმრთელი, მკვდარი სპერმატოზოიდები. მთავარია, მათ შორის ისეთი შეფარდება იყოს, რომელიც გარკვეულ სტანდარტს აკმაყოფილებს და ამის საფუძველზე უკვე ექიმი-რეპროდუქტოლოგი ამბობს, რამდენად შეუძლია, ამ სპერმას კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს.
კაცები ამ საკითხის მიმართ ინტერესს ღიად არ გამოხატავენ. ამიტომაც, ინფორმაცია, მწირია. არა იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, არ აწუხებთ, ან არ სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი გარკვეული უხერხულობის გრძნობას განიცდიან. ქალები, პირიქით, ამ კითხვებს ღიად სვამენ, აქვთ დახურული ჯგუფები და თემას განიხილავენ და იღებენ ინფორმაციას. კაცის ინტიმური ჰიგიენის ძირითად შემადგენელ წესს წარმოადგენს ის, რომ კაცმა დღეში 2-ჯერ უნდა დაიბანოს ინტიმური ზონები, სასქესო ორგანოები და გამოიყენოს PH ნეიტრალური საპონი.
კაცმა დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოს შხაპი და ყოველ ჯერზე დასაბანი საშუალებების ხმარება აუცილებელი არ არის. ასევე, კაცებისთვის ხშირად ცხელი აბაზანის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მაღალი ტემპერატურა სპერმატოგენეზს არღვევს, შედეგად, სპერმატოზოიდების ხარისხი უარესდება და განაყოფიერების უნარი მცირდება.