ალბათ ბევრს გაგახსენდათ ეს მსახიობი ცნობილი ამერიკული ფილმებიდან. 193 სანტიმეტრი სიმაღლის, ქერა, მკაცრნაკვთებიანი სიმპათიური მამაკაცი დაკუნთული სხეულითა და ქარიზმით – სწორედ ასეთი იყო დოლფ ლუნდგრენი ახალგაზრდობაში. მსახიობი 3 ნოემბერს 66 წლის გახდა და, მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია, კიბოს ებრძვის, გარეგნულად დიდად არც შეცვლილა.
დოლფ ლუნდგრენს პოპულარობა ფილმმა "როკი IV" მოუტანა, სადაც მან რუსი მოკრივე ივან დრაგო განასახიერა. ახალგაზრდა დოლფი მართლაც შთამბეჭდავი იყო ამ როლში, მისმა პერსონაჟმა კი სიმპათიისა და ანტიპათიის უცნაური ნაზავი გამოიწვია.
დოლფს ორი ქალიშვილი ჰყავს და როგორც ამბობენ, გოგონებმა მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო „აიღეს“.
მსახიობი ქალების ყურადღების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა. დოლფი ლამაზ მოდელებსა და მსახიობებს ხვდებოდა, მაგრამ საბოლოოდ დაქორწინდა ქალზე, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა კინემატოგრაფიული კარიერა და ვარსკვლავური გარეგნობა. მისი რჩეული სამკაულების დიზაინერი ანეტ ქვიბერგი გახდა.
წყვილს ქორწინებიდან ორი ქალიშვილი შეეძინა: უფროსი, იდა, 1996 წელს დაიბადა, ხოლო უმცროსი, გრეტა - 2001 წელს. წყვილი 17 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა, ოჯახი კი ერთი ძალიან სამწუხარო ინციდენტის გამო დაინგრა - 2009 წელს, როდესაც დოლფი სახლში არ იყო, მძარცველები მის ბინაში შეიჭრნენ, სადაც მხოლოდ ანეტი იმყოფებოდა. მძარცველები მალევე გაიქცნენ, როცა გაიგეს, ვის ეკუთვნოდა სახლი, მაგრამ ინციდენტს ანეტისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია: მას სტრესის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, რამაც 2011 წელს განქორწინება გამოიწვია.
დოლფი დიდხანს არ დარჩენილა მარტო და იმავე წელს ახალი ურთიერთობა გააბა. დღეს 66 წლის ლუნდგრენი ახლა 27 წლის ნორვეგიელ ფიტნეს ინსტრუქტორზე, ემა კროკდალზეა დაქორწინებული. ქორწილი 2023 წლის ივლისში საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე, მსახიობის ვილაში გადაიხადეს.
თუმცა დოლფის ცხოვრების მთავარი ქალებად მისი ქალიშვილები რჩებიან. ის ხშირად აქვეყნებს თავისი გოგოების ფოტოებს ინსტაგრამზე და აშკარად ამაყობს იმით, თუ როგორი ლამაზები ჰყავს. სხვათა შორის, ბევრი აღნიშნავს, რომ მისი ამჟამინდელი ცოლიც ძალიან ჰგავს მის ქალიშვილებს.
სულ ახლახან მსახიობმა მეუღლესთან და უფროს ქალიშვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ის საყვარელ ქალებს შორის ზის და უზომოდ კმაყოფილი გამომეტყველება აქვს. როგორც ჩანს, დოლფის ქალიშვილებსა და ემა კროკდალს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს და ქალები სიამოვნებით ატარებენ დროს ერთად.
მსახიობის უფროსი ქალიშვილი, იდა, არა მხოლოდ ფიზიკუარდ ჰგავს მამას, არამედ გატაცებითაც. გოგონა დიდი ხანია, კრივითაა გატაცებული და მამასთანაც კი ვარჯიშობდა.
იდას სიმაღლე 180 სანტიმეტრია და დროდადრო ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას, როგორც მოდელი. მან რამდენიმე ფილმშიც ითამაშა.
მსახიობის უმცროსმა ქალიშვილმა გრეტამ თავიდანვე მოდელობა გადაწყვიტა. გოგონამ კარიერა საკმაოდ ადრე დაიწყო და 16 წლის ასაკში უკვე პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გოგონა ბავშვობიდან დაინტერესებულია საცხენოსნო სპორტითაც. გრეტა ხშირად მონაწილეობს საცხენოსნო შეჯიბრებებში და ბევრჯერაც გაუმარჯვია.