ქართული ხალხური მუსიკა ეს ის სფეროა, რითაც ჩვენს ერს ნამდვილად აქვს საამაყო. როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში, ამ ხელოვნებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია. მუსიკალურ განათლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე, ანსამბლის „შავნაბადა“ და ბავშვთა გუნდის „შავნაბადა“ ხელმძღვანელი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი, თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული ფოლკლორული გუნდების ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ცინცაძე პასუხობს:
- ბავშვს მუსიკასთან პირველი შეხება მაშინ აქვს, როცა მას დედა „იავნანას“ უმღერის. ხშირად ისმის შეკითხვა, დედას თუ სმენა არ აქვს, რა ხდება ამ შემთხვევაში? მუსიკა კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა და მნიშვნელობა არ აქვს დედას სმენას, მთავარია ბიორეზონანსული ველი, განცდების გულწრფელობა და შვილს ის გადასცეს, რასაც მშობელი გრძნობს და განიცდის. ამას არც საქართველოში ეძახიან სიმღერას და არც მსოფლიოში. „იავნანა“ არის ცალკე ჟანრი, რომელიც ინტონაციიდან არის აღმოცენებული, ისევე როგორც ჩვენი დიალოგია ინტონაციაზე დაფუძნებული. ეს ინტონაცია ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, ვისაც იოგები ემორჩილება. ანუ სიმღერის პირველი ფრაგმენტები ინტონაციაში ჩანს. თუ ბავშვს სურვილი აქვს თამაშისას, ან სხვა დროს ინოტნირებდეს და ეს მას სიამოვნებს, ე. ი. გონებას ნაპოვნი აქვს ის მთავარი წერტილი, რასაც ბგერისადმი ყურადღების მიქცევა ჰქვია. ედიშერ გარაყანიძე ამბობდა, უსმენო ადამიანი არ არსებობსო. ასეა, უბრალოდ ზოგს მეტად აქვს ბგერისადმი ინტერესი და ზოგს ნაკლებად. რასაკვირველია ბაზას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მუსიკა და სიმღერა გამომუშავებადია. შეიძლება ყველა დიდი მომღერალი არ გამოვიდეს, მაგრამ სიმღერის შანსი ყველას ექნება და საამისოდ ინტენსიურად უნდა ხდებოდეს „დადებითი“ მუსიკის მოსმენა.
- ბავშვს აქვს საეტაპო პერიოდები, ანუ გარდატეხის რამდენიმე ეტაპი. რასაკვირველია ეს ინდივიდუალურია, მაგრამ დაახლოებით 6-7 წლიდან ბავშვი სოციუმს აღიქვამს და მასში თავის ინდივიდს მეტად მკაფიოდ ხედავს. ამ დროს სირცხვილის გრძნობა მძაფრდება. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ასეთ გზას: ვისაც სიმღერაზე მოსვლა სურს, გვირჩევნია 4 წლიდან მივიღოთ. ალბათ ყველა ზრდასრულ ადამიანს მიკროფონში ერთი სიტყვა მაინც აქვს ნათქვამი, რომლის დროსაც ჩვენი ხმა გვეხამუშება. როცა ბავშვი თავის ხმას ადრეული ასაკიდან ეჩვევა, სირცხვილის განცდას მარტივად გადალახავს ხოლმე და შემდეგში დისკომფორტის განცდა აღარ ექნება.
- დიახ, სიმღერის სწავლისა და მუსიკალური გონიერების თვალსაზრისით, ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავება არ არის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ რატომ ვიღებთ სიმღერაზე 4 წლის ბავშვებს. პატარები თამაშ-თამაშში სწავლობენ ინტონაციას, ეჩვევიან თავიანთ ხმას, გარე სამყაროსთან კომუნიკაციას, მღერის კულტურას...
- ხალხურ სიმღერაში არსებობს საბავშვო რეპერტუარი, თუმცა მას საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად იცნობს. ეს არ არის სასცენოდ მაღალღირებული ნიმუშები, რომელიც საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. საბავშო სიმღერები თამაშზეა აგებული: პატარა საფერხულოები, ტაშის დასაკრავი სიმღერები, მეტიც, „იავნანასა“ და „ნანების“ ჟანრში არის როგორც დასაძინებელი, ისე გასაღვიძებელი სიმღერები. ბავშვი პირველად ფეხზე რომ გაივლის, ისტორიულად შესაბამისი ნიმუშიც არსებობს. ეს მუსიკალურ-ინტონაციური გათამაშებები, ბავშვებს ბაზას უმზადებს იმისათვის, რომ მასზე რთული მუსიკალური ნიმუშები და პოლიფონიური თვალსაზრისით მსოფლიო კულტურისთვის მნიშვნელოვანი რეპერტუარი დაშენდეს.
- სხვადასხვა სპორტში, ან ხელოვნების დარგში, ჯგუფების დაკომპლექტება ბავშვების წლების მიხედვით ხდება. ჩვენთან ანსამბლში ჯგუფების შედგენისას ეს საკითხი დომინანტი არ არის. მაგალითად, ბავშვთა ანსამბლში გვყავს ყველაზე დიდი 18 წლის წევრი, რომელიც ვერ წყდება ჩვეულ გარემოს, სამეგობროს და იქვეა 6 წლის ბავშვიც, რომლებიც ერთად დგანან სცენაზე და ასრულებენ „მრავალჟამიერს“. სხვადასხვა ასაკისგან დაკომპლექტებულ გუნდში, უფროსი უმცროსს უფრთხილდება და უმცროსი კი ცდილობს, უფროსისგან აიღოს სიმღერისა თუ ქცევის მაგალითი. საბავშვო ანსამბლში სიმღერის პერიოდი, მეც გავიარე და ძალიან კარგად მახსოვს, „პატარა“ თუ როგორ გავხდი „დიდი“ .
- გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ ვერ ვეხმარებით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ბევრს ვმსჯელობთ. დღეს ბევრი საშუალება და მრავალგვარი თერაპიაა, რომ ბავშვების კომპლექსებისა და ემოციური წინაღობების დაძლევა მოხდეს იმისათვის, რომ ისინი სცენაზე გალაღდნენ. თუმცა, არამხოლოდ სცენაზე, შიდა ჯგუფებშიც მუშაობის დროსაც შებოჭილობა რომ მოეხსნათ. რა თქმა უნდა, სიმღერა ამაში ეხმარებათ, მაგრამ კომპლექსის დაძლევაში ეს ქცევა სრულყოფილად ვერ დაეხმარებათ. ამგვარი ბარიერი განსაკუთრებით გამოკვეთილად არსებობს როგორც 6-7 წლის ასაკში, ისე 13-14 წლის მოზარდებში, ამიტომ ვფიქრობთ, ამ საკითხზე სხვადასხვა თერაპევტებთან ერთად ვიმუშაოთ და ამ თვალსაზრისით, ბავშვთა გუნდებს შორის სიახლე დავნერგოთ.
- დიახ, ალბათ ქართული სიმღერა ისე პოპულარული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. მაგრამ ეს „ხანძარი“ რამ გააჩინა, ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა: რაც გლობალიზაცია დომინანტი გახდა და საზღვრები გაერთიანდა, (ისევე როგორც ბაროკოს და სხვა ეპოქების დროს), ახლაც ადამიანური ემოციები და განცდები წინა პლანზეა წამოწეული. „დედამიწელი ვარ“ - ეს ფრაზა ტრენდული გახდა, მაგრამ დედამიწაზე სრულად დაკარგული და უფერული იქნები, თუ არ იცი, რით ხარ სხვებისგან განსხვავებული, გამორჩეული, ანუ არ იცი შენი „ფერი“. ვფიქრობ, ეთნიკურ კულტურას, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ტრადიციას, ენას, მუსიკალურ ფაქტურას, მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმისათვის, რომ ამ გაერთიანებული სამყაროს სრულუფლებიანი ნაწილი და წევრი იყო, და ამავდროულად თვითმყოფადი. ეროვნული ნიშის დაკარგვა, მსოფლიო გლობალიზაციაში ჩაკარგვას იწვევს და სწორედ ამიტომ ერები თავის კულტურას და „მეს“ ინსტიქტურად ეჭიდებიან. ეს კი, აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობაა და ასეც უნდა იყოს.
- მეექვსე წელია პროექტი „რანინა“ არსებობს და ჩვენ მეორე სეზონიდან გავჩნდით მის სივრცეში. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და კონკურსის ავტორებს, ლანა ქუთათელაძის თაოსნობით, მადლობას ვუხდი პროექტში ხალხური სიმღერა შეტანისთვის. „რანინა“ მოწინავე ადგილს იკავებს გადაცემებს შორის და ცალკეულ ნომრებს რეკორდულად ბევრი ნახვა აქვს. მაგალითად: აფხაზური სიმღერები, რომელიც არაპოპულარული ნიმუშებია, მათ შორის „შიშ-ნანი“ , რომელიც დატირებაა, რამდენიმე დღეში 2 მილიონ ნახვას ასცდა. ასეთივე პოპულარული გახდა სიმღერა „შენ ბიჭო ანაგურელო“. მთავარი ის კი არ არის, შემსრულებლები რამდენად პოპულარულ სიმღერებს ასრულებენ, არამედ რამდენად სწორად არის ის მათზე მორგებული, თუ რამდენად იპოვიან თავს და ემოციას საზოგადოებამდე მიიტანენ. „რანინამ“ ფაქტობრივად ეროვნული მუსიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი შემოტრიალება მოახდინა. პირადად მე, ასეთი მასშტაბური, საბავშვო მაღალრეიტინგული პროექტი არ მახსენდება. დაჯამებული ციფრებით ნახვები 20 მილიონს გაცდება ხოლმე და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
- თეატრალურ უნივერსიტეტში 30 წელია ეს მიმართულება არსებობს, მაგრამ ამ მიმართულების განახლება მოხდა, რაც არსებულ ბაზართან ადაპტირებას გულისხმობს. როგორც უკვე აღინიშნა, ხალხური სიმღერა დღეს ძალიან პოპულარულია, ამ ეტაპზე კი ის უკვე სხვა სასწავლო დისციპლინებს მოითხოვდა. მაშინ, როცა ჩვენმა პედაგოგებმა ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისათვის თავი დადეს და საამისოდ ყველაფერი გააკეთეს, ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა და სიცოცხლის ახლად ჩაბერვის პერიოდი, მაგრამ ახლა ამას სრულყოფილებისკენ გზის გაკვალვა სჭირდება; არამხოლოდ პოპულარობა და მოდაში შემოტანა, არამედ სიღრმისეული წვდომა. ჩვენ ვასწავლით ლოტბარობას და რეგენტობას, ეს ნიშნავს გუნდთან კომუნიკაციას, ვასწავლით სხვადასხვა დისციპლინას, იმისათვის რომ მსურველებმა თავიანთი ანსამბლები ჩამოაყალიბონ, გაუძღვნენ, ახალი ხალხური ნიმუშები ჩაწერონ, ჰქონდეთ თავიანთი სოციუმი და მუსიკით თავიანთი საქართველო შექმნან. არ მოვერიდები ამ სიტყვას და ვიტყვი, ბაზარზე ხალხური შემოქმედება ძალიან პოპულარულია და ანუ მათ აქვთ რეალიზაციის საშუალება. როცა მე პატარა ვიყავი და უმაღლესში ვაბარებდი, მაშინ სულ სხვა ვითარება იყო, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა. თუ შენი საქმის ხარისხიანად კეთება პრიორიტეტია და მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ხარ, შეგიძლია რეალიზებული სრულად იყო.
- უკვე მესამეც. მარიამი და ნინუცა ბავშვთა გუნდის „შავნაბადა“ წევრები არიან. მოსწონთ, ჩემთან ერთად რომ არიან და არ აქვთ ის აღქმა, რომ მათთან სარეპეტიციოდ პედაგოგი მამა დგას. ზოგადად ვცდილობ, ბავშვებთანაც არ ვიყო წარმოდგენილი ისე, როგორც მკაცრი პედაგოგი. ჩემს ოჯახში იმდენად ხშირად ისმის ეროვნული მუსიკა, რომ ნინუცა, მარიამი და ლუკასთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი მღერიან „ტიკ-ტოკის“ მელოდიებსაც და ხალხურ სიმღერასაც. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა უფრო მეტს ხალხურს, მაგრამ მე მათ შინ არ ვასწავლი და სამწუხაროდ არც ფიზიკურად მაქვს საამისო დრო. თუმცა, პანდემიის პერიოდში დავუჯექი და ვცადე, მათთვის რაღაცები სიღრმისეულად მესწავლებინა. უკურეაქცია მივიღე. მათ რამდენიმე სიმღერა გამართულად იცოდნენ, მაგრამ არცთუ ეხალისებოდათ მეცადინეობა. შემდეგ როცა ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდით, დავაკვირდი და მივხვდი, მათ ძალიან უყვართ ხალხური სიმღერა და ბავშვებში ეს სურვილის სიმძაფრე უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე როცა მამა ასწავლიდა. ასე რომ, მგონია მშობლებისთვისა და უფროსი თაობისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ კი არა ვასწავლოთ, არამედ ჩვენ შვილებს ხალხური სიმღერა ისე შევაყვაროთ, რომ თავიანთი ადაპტაციის უნარით, სიახლეების ცოდნით, ძიებით, ინდივიდუალური ხედვებითა და მიგნების პროცესით, გაცილებით მაღალ სიმაღლეებს მისწვდნენ, დაუმეგობრდნენ ამ მუსიკას და გახდეს მათი მუსიკალური წამღერებების ნაწილი. მათი დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება ახლა იბადება და ამას ხელშეწყობა სჭირდება და არა ჩარჩოებში მოქცევა. აქედან გამომდინარე, ჩემს შვილებთან კომუნიკაციის დროს, ვცდილობ მათ კონკრეტული სფეროს და ამ შემთხვევაში მუსიკის მიმართ, სიყვარულის ველი მაქსიმალურად შევუვსო. ამგვარი მიდგომა კი პულსაციას მისცემს საიმისოდ, რომ მუსიკით თავად დაინტერესდნენ და შესაბამისი ცოდნა მიიღონ. და მაინც, მგონია რომ სიმღერას სიყვარული ჭირდება - ბავშვს იმ დოზით უნდა ჰქონდეს მუსიკა, რომ მოსწონდეს. მით უფრო თუ ეროვნულ მუსიკაზე ვსაუბრობთ.
ანა კალანდაძე