იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ულამაზესი ქალიშვილები ჰყავდა, მაგრამ უმცროსი გოგონა ნამდვილი მზეთუნახავი იყო... იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ულამაზესი ქალიშვილები ჰყავდა, მაგრამ უმცროსი გოგონა ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მამასაც განსაკუთრებით უყვარდა და ყველაფერს უსრულებდა.
ერთ დღეს მეფის ასულმა სათამაშოდ ოქროს ბურთი ისურვა, რასაკვირველია, მამამ მაშინვე აუსრულა ნატვრა და მას შემდეგ მზეთუნახავი ყველგან დაატარებდა საყვარელ სათამაშოს.
მეფის სასახლესთან ახლოს შრიალა ტყე იყო, სადაც მეფის ასული ზაფხულის ცხელ დღეებში ერთ დიდ მუხას აფარებდა ხოლმე თავს, თანაც იქვე, ღრმა ჭა იყო, საიდანაც გრილი სიო ამოდიოდა. ჰოდა, იმ დღეს, გაიღვიძა თუ არა გოგონამ თავის საყვარელ ადგილს მიაშურა, ჭის კიდეზე ჩამოჯდა და ბურთით თამაში დაიწყო. ერთხელ ააგდო ზემოთ, დაიჭირა, მეორედ ააგდო - დაიჭირა, მესამედ კი ოქროს ბურთმა შიგ ჭაში მოადინა ზღართანი. მეფის ასულმა ჭაში ჩაიხედა და შიშისგან აკანკალდა, - ჭა ისეთი ღრმა იყო, რომ ბურთი კი არა, ფსკერიც არ ჩანდა. მეფის ასულმა ტირილი მორთო, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ჭაში წვეთავდა. უცებ ესმის: - რა გატირებს მშვენიერო ასულო? - მოიხედა და ადამიანის ენაზე მოლაპარაკე ბაყაყი შერჩა ხელში.
- ჩემი საყვარელი ოქროს ბურთი ჭაში ჩამივარდა, რა ვქნა, არ ვიცი.
- ნუ ტირი, მე დაგეხმარები, მაგრამ სანაცვლოდ რას დამპირდები? - ჰკითხა ბაყაყმა.
- რასაც ისურვებ, ყველაფერს მოგცემ, ოღონდ ბურთი მიპოვე, - უპასუხა მეფის ასულმა.
- ერთადერთი ის მინდა, რომ დამიმეგობრდე და შემიყვარო, ერთად ვითამაშოთ და შენი ოქროს თეფშიდან მაჭამო, შენი პატარა თასიდან მეც დამალევინო და შენთან ერთად დამაძინო, თუ ყველაფერ ამას დამპირდები, მაშინვე ჭაში ჩავხტები და ოქროს ბურთს ამოგიტან.
- გპირდები, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ ბურთი მომიტანე! - წამოიძახა მშვენიერმა პრინცესამ, თან გაიფიქრა: `რას მიედ-მოედება, ვის გაუგია ბაყაყის და ადამიანის მეგობრობა!~
ბაყაყი მაშინვე ჭაში ჩახტა და ბურთი ამოუტანა. გახარებულმა მეფის ქალმა დასტაცა ხელი საყვარელ სათამაშოს და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა სასახლისკენ. საწყალი ბაყაყი კი ისევ თავის ჭაში დაბრუნდა.
მეორე დღეს, როცა მეფის ოჯახი სასადილო მაგიდას შემოუჯდა და მეფის ასულმა ოქროს თეფშიდან ჭამა დაიწყო, უცებ მარმარილოს კიბეზე ტყლაშა-ტყლუში გაისმა, თითქოს ვიღაც კიბეზე მობობღავდა, მერე კარზე დააკაკუნა და დაიძახა: - მეფის ასულო, კარი გამიღეო. გოგონამ კართან მიირბინა, გააღო და რას ხედავს - ზღურბლთან ბაყაყი დასკუპებულა. შეშინებულმა გოგონამ სწრაფად მიხურა კარი და კვლავ მაგიდას მიუჯდა. მეფე დაინტერესდა, ვინ არისო.
- ვინ და ბაყაყი. გუშინ ტყეში თამაშისას ჩემი ოქროს ბურთი ჭაში ჩამივარდა და ამ ბაყაყმა ამომიღო, სანაცვლოდ კი მეგობრობა შემომთავაზა, მეც დავპირდი, აბა რა ვიცოდი, თუ ჭიდან ამოხტებოდა და კარზე მომადგებოდა.
მაშინ მეფემ უთხრა: - რადგან სიტყვა მიეცი, უნდა აასრულო, შემოუშვი ეგ აბეზარი ბაყაყი.
გოგონამ კარი გააღო, ბაყაყი ჯერ გვერდით მიუსკუპდა მეფის ასულს, მერე მაგიდაზე ახტომა მოინდომა, გოგონამ დაუშალა, მაგრამ მეფემ შეახსენა, პირობა ხომ არ დაგავიწყდაო. მაგიდაზე ასკუპებულმა ბაყაყმა ახლა მისი ოქროს თეფშიდან ჭამა მოინდომა. მიირთმევენ ორივენი ერთი თეფშიდან, მაგრამ მეფის ასულს ლუკმა ყელში არ გადასდის. - კარგი, თქვა ბაყაყმა, დავნაყრდი, ახლა შენს საძინებელში წამიყვანე, შენ გვერდით უნდა დავიძინოო. მეფის ასულმა თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი მორთო, ბაყაყთან როგორ უნდა დავიძინოო. მეფე განრისხდა, - გაჭირვებაში ვინ დაგეხმარა, დაგავიწყდა? ახლა კეთილი ინებე და აუსრულე საწადელიო.
მეტი რა ძალა ჰქონდა, მეფის ასულმა ბაყაყი ორი თითით აიყვანა და თავისი ოთახის კუთხეში დასვა. მაგრამ ბაყაყმა არ მოისვენა - ახტა, დახტა, გოგონას საწოლში ჩახტა და ეუბნება, მეც დავიღალე, ალბათ შენც გეძინება, ახლოს მომიწექი, თორემ მამაშენთან დაგაბეზღებო. გაბრაზდა მეფის ქალი, დასტაცა ხელი ბაყაყს და მთელი ძალით კედელს მიანარცხა. თან მიაძახა, საზიზღარო გომბეშო, ახლაც არ მომასვენებო. მაგრამ ჰოი, საოცრებავ, გოგონამ თვალებს არ დაუჯერა, ბაყაყი უცებ მშვენიერ უფლისწულად იქცა და გაოცებულ მეფის ქალს უამბო, თუ როგორ მოაჯადოვა ბოროტმა ჯადოქარმა და რომ მისი ერთადერთი მშველელი მეფის ასული უნდა ყოფილიყო.
ახალგაზრდები ერთმანეთს გადაეხვივნენ, მერე კი მეფეს ეახლნენ და ეს ამბავი ახარეს.
მეორე დღეს მეფემ დიდი ქორწილი გამართა, ქორწილის შემდეგ კი ახალგაზრდები უფლისწულის მშობლებთან გაემართნენ. წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებოდათ ყმაწვილის დედ-მამას და რასაკვირველია, მათაც დიდი ლხინი გამართეს. მეფის ასული და უფლისწული ბედნიერად ცხოვრობდნენ და როცა მოხუცდნენ, შვილებსა და შვილიშვილებს თავიანთ თავგადასავალს უყვებოდნენ.