ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა საფრთხეს შეიძლება იწვევდეს პაკეტებში მოთავსებული ჩაი და რა არის უფრო ჯანსაღი ალტერნატივა:
- როდესაც ტოქსიკურობაზე ვსაუბრობთ, თავად მცენარეს, ჩაის არ ვგულისხმობთ. მხოლოდ და მხოლოდ იმ შეფუთვის ფორმაზე ვაკეთებთ აქცენტს, რითაც უხშირესად თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად მიირთმევს. ჩაის თეთრი პაკეტების გამოყენებით, აურაცხელი მავნე ნივთიერება იბუდებს და შემოდის ჩვენს ორგანიზმში. დასაყენებელ ჩაის, გემოსა და სარგებლის კუთხით, მაინც ბადალი არ ჰყავს. მრავალრიცხოვანი გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ჩაის, განსაკუთრებით კი, მწვანე ჩაის ანტიკანცეროგენული, ანუ კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ის კუჭის, კანის, სწორი ნაწლავის, ფილტვის, ძუძუს, პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. როდესაც მის შეფუთვაზე ვსაუბრობთ, დგება შეკითხვა - ეს ეფექტი გაბათილებული ხომ არ არის? შეფუთვა შეიცავს იმ ძალიან მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებას, რასაც ეპიქლორჰიდრინი ეწოდება. სხვადასხვა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, ეპიქლორჰიდრინი ადამიანში ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ნივთიერებამ კანის კიბოს განვითარების რისკი გაზარდა. გვაქვს არაჩვეულებრივი, ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც ბუნებამ მოგვცა. მეორე მხრივ, საუბარია იმაზე, რომ შეფუთვა და წარმოდგენილი ფორმა აბსოლუტურად აბათილებს სარგებელს და დამაზიანებელ ნივთიერებას ვიღებთ.
"იმედის დღის" ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ჩაის ერთჯერად პაკეტებში 20-30% პლასტმასია, რომლის მიზანიცაა პაკეტი ცხელ სითხეში არ გადნეს და გამძლე გახდეს. რაც შეეხება ჩაის ქაღალდის პაკეტებს, მათ დასალუქად ხშირად წებო გამოიყენება, რომელიც პლასტმასის ბაზაზე მზადდება და ასევე საფრთხეს წარმოადგენს.
ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე ამბობს: "უნდა ვიცოდეთ, ჩაის პაკეტები კონკრეტულად რა ნივთიერებებისაგანაა დამზადებული. შეფუთვაზე მითითებული იქნება, თავისუფალია, თუ არა პოლიფენოლების შემცველი ნაერთებისაგან. საერთაშორისო აბრევიატურა PP ნიშნულითაა, რომ მისგან თავისუფალია. გარდა ამისა, როცა ჩაის ვსვამთ, პაკეტი ჭიქაში ხანგრძლივად არ დავაყოვნოთ. რომ შეფერადდება და გემოს მოგვცემს, ჭიქიდან ამოვიღოთ. მიკროპლასტმასი პოლიეთილენის მიკრონარჩენია, რომელიც კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენი ლორწოვანის გამღიზიანებელი იყოს და შემდგომში ბევრი დაავადება გამოიწვიოს. გარდა ენდოკრინული დაზიანებისა, ბევრი ონკოლოგიური დაავადების საწყისი შეიძლება გახდეს. ასევე, მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ყველაზე მოწყვლადი კი ბავშვები და ორსული ქალები არიან. სასურველია, ჩაი, უფრო მეტად, მცენარეული ფოთლის სახით გამოვიყენოთ და დავაყენოთ. ეს უფრო უსაფრთხო და სასარგებლოა."
იხილეთ სიუჟეტი სრულად: