ინგა ჟორჟოლიანი ქერსეი გლობალური ეტიკეტის ექსპერტი გახლავთ. სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია, განსხვავებული სტილი აქვს და ბევრი გამომწერიც ჰყავს. საქართველო მრავალი წლის წინ დატოვა. ახლა კი მეუღლესთან და შვილებთან ერთად უცხოეთში ცხოვრობს. გატაცებულია კულინარიით, წერს წიგნებს, შვილებს საქართველოზე ხშირად უყვება და როგორც თავად ამბობს, სურს ისინი, კარგ ადამიანებად აღზარდოს. ინგა საკუთარი საქმიანობის, უცხოეთში ცხოვრებისა და დედობის შესახებ Mshoblebi.ge-ს მკითხველს უყვება:
- ამჟამად, გერმანიაში, ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, თუმცა, წლის გარკვეულ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვატარებთ. ჩემი საქმიანობა მრავალფეროვანია, გლობალური ეტიკეტის ექსპერტი გახლავართ. ამჟამად ვმუშაობ ორ წიგნზე, (ქართულ პოემაზე და ინგლისურ ფილოსოფიურ რომანზე). ასევე, მაქვს ბლოგი თუმცა, მას შემდეგ, რაც მშობელი გავხდი, ჩემი ცხოვრების პრიორიტეტად დედობა იქცა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მძიმე ახლო წარსული აქვს, მეც ბევრი შრომა, სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა დამჭირდა იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავი ამ გასაოცარ სიტყვებში: "თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები". ამ მეტად უნიკალურ ღირებულებას ყოველდღე ვეუბნები და ვახსენებ ჩემს შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაჩემს სვანეთში დიდ პატივს სცემდნენ, მისი გარდაცვალების შემდგომ, ჩვენმა ოჯახმა მძიმე ეკონომიური წნეხი გაიარა. თუმცა, ჩემს ბავშვობას მძიმეს ვერ ვუწოდებ, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - სიყვარული უხვად მქონდა. მამაჩემისათვის მატერიალური კეთილდღეობა ყოველთვის უმნიშვნელო იყო და მეტიც, ის ყოველთვის უპირისპირდებოდა კლასთა სისტემას და ღრმად სწამდა, რომ სიკეთე ყველაზე დიდი ღირებულებაა. მამა ჩემთვის "დონ კიხოტე-ა!"
- საქართველო დიდი ხნის წინ დავტოვე, თუმცა ის კვლავ ჩემი ყოველდღიურობა და სულის ნაწილია.
ჩვენი გაცნობა ფილმის სიუჟეტს ჰგავს. შონი საქართველოში მეგობრების წრეში ვახშამზე გავიცანი. იმ საღამოს მთხოვა, მეორე დღეს შევხვედროდით, ჩემი სურვილის მიუხედავად - ვერ ვახერხებდი, რადგან, გამოცდა მქონდა. სრულიად მოულოდნელად მან ჩემი გაოცება მეორე დღესვე მოახერხა. აბსოლუტურად უცხო ქალაქში, ლამაზი სიურპრიზი მომიწყო და უნივერსიტეტიდან გამოსულს კიბესთან ყვავილებით ხელში დამხვდა. შემდგომ კი გაცნობიდან რამდენიმე დღეში ხელი მთხოვა. რა თქმა უნდა, დავიბენი და დასაფიქრებლად დრო ვითხოვე. მან კი დაუყოვნებლივ მითხრა, იმდენ დროს მომცემდა, რაც მისთვის უფალს ჰქონდა ნაბოძები (ანუ მთელი ცხოვრება დამელოდებოდა). მისმა ასეთმა საქციელმა აღმაფრთოვანა და დავთანხმდი.
გაცნობიდან სამ თვეში საქართველოში დავქორწინდით. ჩემთვის, ოჯახში რელიგიურ ერთსულოვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შონმა ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა მაშინ, როცა მართლმადიდებლობის მიღების გადაწყვეტილება მიიღო და ჯვრისწერამდე, სვეტიცხოველში მოინათლა.
- ძნელია საკუთარი თავის დახასიათება, დედობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მე გამიმართლა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ავირჩიო ისეთი საქმე, რომ მუდმივად ჩემი შვილების აწმყოში ვიყო. ჭეშმარიტად მწამს, რომ ბავშვის აღზრდა იმდენად საპასუხისმგებლო და სათუთი საქმეა, რომ მას სიყვარულის გარდა სხვა "დაქირავებული" პირი უბრალოდ ვერ გაართმევს თავს. ჩემი პრიორიტეტი, მათი ადამიანად აღზრდაა. მე, როგორც დედამ მივცე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. თუმცა, ვერ დავიკვეხნი, რომ ისინი საუკეთესოები იქნებიან. "მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველა"-ო, თქმულა.
ხშირად ვუკითხავ აკაკი წერეთლის "გამზრდელს". ჩემთვის უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ ამ მატერიალურ ეპოქაში მათ შეინარჩუნონ ღირსება, სიყვარული, თავისუფლება და უფლისადმი კრძალვა. მე და ჩემი მეუღლე ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ ჩვენი ღირებულებები ისე გადავცეთ შვილებს, მათ ჰქონდეთ თავისუფლება, ინდივიდუალურად ჩამოაყალიბონ ღირებულებები.
- ვფიქრობ, ოჯახური იდილია სწორედ სამზარეულოში იწყება. ბევრი სახალისო და ლამაზი ისტორიით, რაც დაუვიწყარ ემოციებს ქმნის! ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა სხვისი გაბედნიერება შემიძლია. კულინარია სწორედ მას შემდეგ შემიყვარდა, რაც მივხვდი, თუ რამხელა სიახლოვის, სიყვარულისა და ბედნიერების მოტანა შეუძლია მას ოჯახისათვის. ჩემმა მეუღლემ ერთგვარი ხრიკი გამოიმუშავა, თუ როგორ მთხოვოს ამა თუ იმ ქართული კერძის მომზადება. ის ამას ყვავილების მეშვეობით ახერხებს.
თუ ვარდის თაიგულს მომართმევს, ხინკალს გულისხმობს. მინდვრის ყვავილები, ხაჭაპურის მირთმევის სურვილთან ასოცირდება და ნარევი თაიგულით სუფრას უმიზნებს! (იცინის)
- გმადლობ. ვერ ვიტყვი ჩემს თავზე, რომ დიდი ინფლუენსერი ვარ, თუმცა სოციალური ქსელი დღევანდელობის ერთ-ერთი ის პლატფორმაა, რომელიც ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას სჭირდება წარმატებისთვის. ოღონდაც პოპულარობა არ წარმოადგენს ჩემთვის დიდ ღირებულებას. ჩემი მრწამსია, ის რასაც აკეთებ, სულის სიმშვიდეს უნდა გგვრიდეს და არა პოპულარობას. ჯორჯ ბერნარდ შოუს აქვს ნათქვამი: "ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა, სხვებს ასწავლის."
- მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციები მეტ-ნაკლებად მოქმედებს, ყოველთვის ვარჩევ იმ სამოსს, რომელიც მიხდება. ჩემი გარდერობი მრავალფეროვანია, მიყვარს ფერადი სამოსი, განსაკუთრებით - ვარდისფერი, თუმცა ასევე კლასიკური, დახვეწილი სამოსი, რომელიც ძალისხმევის გარეშეა ელეგანტური. ბავშვობიდან მიყვარდა სამოსით, ფერების შეხამებით თამაში და ხშირად ვუკერავდი ჩემს თოჯინებს ტანისამოსს. ჩემი შთაგონების წყარო ზოგადად ყველაფერში ბუნებაა! წარმოუდგენელია იმაზე დიდი შთაბეჭდილება რამემ მოახდინოს, ვიდრე გაზაფხულის აყვავებამ, შემოდგომის დახვეწილმა ფერთა გამამ, ზაფხულის მზის აისმა ან დაისმა და ზამთრის მოვარდისფრო, მოლურჯო სითეთრემ.
- გამომდინარე იქიდან, რომ გვიწევს დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ცხოვრება, ძნელია მოკლედ ამ ყველაფრის გადმოცემა. ყველა შტატს, ქალაქსა და სკოლას შიდა პოლიტიკა აქვს. ასევე, ძალიან დიდ როლს ასრულებს მიმდინარე ფედერალური პოლიტიკა, თუ რა ღირებულებებს წამოწევენ წინ სასკოლო პროგრამაში. მე, როგორც მშობელი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ჩართული ვარ, არამედ ეს ჩემი ყოველდღიურობაა.
სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ორივე შვილი უმაღლესი GPA-ით აგრძელებს სწავლას. ორივე დაკავებულია სპორტით და ცეკვით. რაც შეეხება ჯანდაცვას, რა თქმა უნდა, განსხვავებულია და მეტად წინ წასული.
- ვცდილობ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვიდე. ქართული იციან, თუმცა, არა ისე კარგად, როგორც მე მსურს! "ვეფხისტყაოსანს" ხშირად ვუკითხავ, აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ძველქართულ სიტყვებს იყენებენ, რაზეც მთელი ოჯახი ვხალისობთ. ქართული ყველაფერი მენატრება, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მეტად მაინც წმინდა ადგილები. ერთი სული მაქვს, ხელით შევეხო და შევიგრძნო მათი მადლი, რომელიც სულს მივსებს და მასაზრდოებს.
- თითოეული დედისგან, ქალისგან, დიდი სიამოვნებით მივიღებდი რჩევას. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე უკეთესად ვიცი, ვიდრე დანარჩენმა დედებმა ან ქალებმა იციან. ამიტომ, ჩემი დიდიპატივისცემა და კეთილი სურვილები თითოეულ მათგანს!
აქედან გამომდინარე, დიდ სოკრატეს დავესესხები და გეტყვით რომ: "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი!"