დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე საახალწლო სამზადისის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თბილისი 2024 წელს სიახლეებით შეხვდება:
- როგორც იცით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო გამორჩეული იყოს. საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. კონკრეტულ ქუჩებზე ილუმინაციების დაყენება მიმდინარეობს. 30-ზე მეტ ქუჩაზე უკვე განთავსებულია და ეს პროცესი გრძელდება. ახალი წლის ღონისძიებებს უამრავი ადამიანი ელოდება და დიდი, თუ პატარა გახარებულია. წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველი დეკემბრის თვის დასაწყისში ახალი განათებებით განათდება და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ თბილისი 2024 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება. გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, ფოიერვერკი ესროლეს. ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, ნაძვის ხე დაზიანდა, ამიტომ ახლის ყიდვა მოგვიწია. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას 15 დეკემბერს ვგეგმავთ. შესაბამისი კონცერტი იქნება. 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფლის გახსნა იგეგმება. საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული. 31 დეკემბერს გალა-კონცერტზე ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ. დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.