თბილისის 164-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელმა ბავშვებზე იძალადა. ამის შესახებ მშობლებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფში დაწერეს. მათივე თქმით, დღეს ბაღის ტერიტორიაზე ხმაური იყო და შენობასთან გამოჩნდა როგორც პოლიციის, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანაც.
ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს:
"თბილისის 164-ე საბავშვო ბაღში ერთ-ერთი აღმზრდელის მხრიდან აღსაზრდელის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა. აღმზრდელმა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მომხდართან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოკვლევას აწარმოებს."
ფაქტი 164-ე საბავშვო ბაღის დირექტორმაც დაადასტურა. მისივე თქმით, აღმზრდელმა სამსახური 13 ნოემბერს დატოვა. დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე კი უარი განაცხადა.
ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც ვიდეო კადრებით ნახა, თუ როგორ ძალადობდა აღმზრდელი მის შვილზე, გვითხრა:
"როგორც აღმოჩნდა, 164-ე ბაგა-ბაღის ძიძა ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდა, რაზეც ბაღის პერსონალი, ძიძები, დამლაგებლები და დირექტორი თვალს ხუჭავდნენ. დირექტორმა ძალადობის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. თუმცა, როცა მის შვილიშვილზეც იძალადა, მხოლოდ ამის შემდეგ დააწერინეს განცხადება. ძიძა რომ გაუშვეს, ფაქტზე დირექტორს მოვთხოვეთ პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ გვანახა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვებზე ძალადობს. მანამდეც გვქონდა ვარაუდი, რომ ძიძა ბავშვებზე ძალადობდა, მივმართეთ დირექტორს, მაგრამ ვიდეო კამერების ჩანაწერები არ გვაჩვენა. შემთხვევა ჩემი შვილის ჯგუფში ხდებოდა. შსს მივმართეთ. ვაპირებთ, პროკურატურასაც მივმართოთ."
თამარ იაკობაშვილი