ზამთრის ცივ სეზონზე მშობლები პატარა შვილების გარეთ გაყვანასა და გასეირნებას ხშირად ვეღარ ახერხებენ. ფიქრობენ, რომ ამ გზით მათ საფრთხეს შეუქმნიან, სიცივე დააზიანებთ, ვირუსი შეეყრებათ... თუმცა, ერთი დედა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ამბობს, რომ შვილებს ზამთარში ყოველთვის, ნებისმიერ ამინდსა და ტემპერატურის პირობებში ასეირნებს. ამ გზით, ბავშვები გაკაჟებულები არიან და ნაკლებადაც ავადობენ:
- ბევრი მეგობარი, მათ შორის, ქმარი, ხშირად მისვამდა შეკითხვას, თუ რატომ დავასეირნებდი ბავშვებს ცივ ამინდში და რატომ ვერ ვახერხებდი სახლში რაიმე სხვა გასართობის მოძებნას... ყოველ ჯერზე, ამ ადამიანებისათვის მიზეზების ახსნა მიწევს. ზამთარი, ცივი ამინდები ხშირად თვეების განმავლობაში გრძელდება - ანუ, რა გამოდის, ბავშვები იმის შიშით, რომ არ გაცივდნენ, თვეების განმავლობაში სახლში გამოვკეტო და სუფთა ჰაერზე აღარ გავიყვანო?
მე კონკრეტული მიზეზები მაქვს, რატომაც ვფიქრობ, რომ ბავშვები სასეირნოდ ცივ ამინდშიც უნდა გავიყვანოთ:
სიცივეში სეირნობა იმუნიტეტს ამაღლებს. ჩემი სოფელი მთიან რაიონში იყო. წლების წინ იქ ზამთარში ისეთი ყინვა იცოდა, რომ სკოლიდან მიმავალს შესაძლოა, ხელები და ფეხები გაგყინვოდა. მაგრამ, სახლში დედა ცხელ ჩაის გვახვედრებდა და ეს ისეთი სასიამოვნო იყო... ძალიან იშვიათ ვცივდებოდით და გვაწუხებდა რამე. სიცივეში, ზოგჯერ ქარბუქსა და წვიმაში სიარულმა ისე გაგვაკაჟა, რომ ავადმყოფობა რა იყო, არ ვიცოდით. ფეხიც დაგვსველებია და ტანსაცმელიც, მაგრამ არაფერი მოგვსვლია. ახლა, როცა ბავშვებს შესაბამისად დათბილული ტანსაცმელი აქვთ, რატომ უნდა გამოვკეტო სახლში და სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება არ მივცე?
ამიტომაც, მიუხედავად ამინდისა, ჩემი შვილები ყოველდღიურად გამყავს სასეირნოდ. დღეს გაჯეტებზე დამოკიდებულება ბევრი ადამიანის პრობლემაა. ბავშვები მთელი დღე სხედან და კომპიუტერსა და ტელეფონში თამაშობენ. მე კი ვფიქრობ, რომ თუ ყოველდღიურად 2-3 საათი გარეთ გავიყვან, ეზოში ვათამაშებ, ამ პრობლემას თავიდან ავირიდებ.
ეს მათ სოციალიზაციაშიც ეხმარება, სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობენ, მათთან კომუნიკაცია აქვთ, ცხოველებს, ფრინველებს ხედავენ, გარემოსთან ადაპტირდებიან. ფიზიკური აქტივობა არავის ავნებს...

ყოველდღიურად გადახედეთ ამინდის პროგნოზს და სამოსიც ისე შეარჩიეთ. თუ ირგვლივ გუბეებია, რეზინის ჩექმები დაგჭირდებათ. ჩემს შვილებს, როდესაც განსაკუთრებით ცივა, იზოლირებული სამოსი აცვიათ. ცივი ამინდებისთვის რამდენიმე წყვილ ხელთათმანს ვყიდულობთ. მნიშვნელოვანია, ისეთი წინდა ეცვათ, რომელშიც თითების მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სითბოს ვერ შეინარჩუნებენ და ფეხზე შესცივდებათ. ასევე, ქუდი რომ კომფორტულად მოირგონ, ის თავზე არ უნდა სრიალებდეს და მყარად უნდა ჰქონდეთ.
დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ბავშვებს წვიმაში სირბილი, გუბეებში ჩახტომა, თოვლით თამაში არ უნდა ავუკრძალოთ, რადგან სწორედ ამაშია ბავშვობის გემო... არა უშავს, თუ ტანსაცმელი გაჭუჭყიანდება, ისევ გაირეცხება.
ამიტომ, ჩემი შვილების ჯანმრთელობისა და სოციალიზაციისთვის ყოველდღიურად გამყავს ისინი სასეირნოდ. ერთობიან, ცივ ამინდში კაჟდებიან და ნაკლებად ავადმყოფობენ.
ნათია, 37 წლის