"ვიბნევი, როცა ადამიანებში უსიყვარულობას და უსამართლობას ვაწყდები; ვერ ვხსნი, ვერ ვიგებ, ასეთები როგორ არიან", - ამბობს მსახიობი გუგა ქაცარავა. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რას ფიქრობს პერსონაჟზე, რომელსაც სერიალში "სიყვარულს მიღმა" განასახიერებს, როგორ დაიწყო მისი და მსახიობ ნინი კვირიკაშვილის სიყვარულის ამბავი და რას გამოჰყავს წონასწორობიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1999 წლის 20 ივლისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. სანათესავოში ამ პროფესიის არავინ მყავდა, მაგრამ თეატრში ხშირად დავდიოდი, სპექტაკლებს ვესწრებოდი და ამ სფეროსადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. არასდროს მინანია, ეს პროფესია რომ ავირჩიე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ თბილი. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს სიტყვა მესმის.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ეს იყო სცენაზე პირველად დადგომა. თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და სცენაზე ეტიუდი შევასრულე. საოცარი ემოცია მქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ამ საქმის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებდი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...
- ...თავად მიმიძღვის. თეატრალურში 3 წელი გავდიოდი გამოცდებზე და ვერ ვაბარებდი, მესამე ცდაზე სტუდენტი გავხდი. პირველმა ორმა უშედეგო მცდელობამ უკან ვერ დამახევინა, პირიქით, მოტივაცია გამიძლიერა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...დღეს მაქვს საშუალება, სცენაზე ვიდგე. ბედნიერი ვარ, რომ "თავისუფალ თეატრში" ვთამაშობ, იქ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...სიყვარული.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვინმე გავაბედნიერო, ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...შრომისმოყვარე ვარ. განაგრძეთ კითხვა