საზარელი შემთხვევა ყაზახეთში, ასტანაში მოხდა. ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი დაპატიმრებულია, თუმცა მისი გარდაცვლილი ცოლის - სალტანატ ნუკენოვას ახლობლები შიშობენ, რომ გავლენიან მამაკაცს, რომელსაც 4 ადვოკატი იცავს, მალე გაათავისუფლებენ.
სალტანატი ახლახან გახდა 31 წლის, ცხოვრება წინ ჰქონდა, თუმცა მეუღლე სასტიკად გაუსწორდა და მის დესპოტიზმს ემსხვერპლა. გოგონას მამამ ახლობლებს აუკრძალა მისი ქალიშვილის ცხედრის ყურება, მშვენიერი გოგონას სახე იმდენად იყო გაუბედურებული.
ქალის ახლობლები სთხოვენ ყველას, რომ გვერდით დაუდგნენ და სათანადოდ დასაჯონ დამნაშავე. სთხოვენ ტრაგედიის თვითმხილველებს, გამოჩნდნენ და ითანამშრომლონ პოლიციასთან.
ტრაგედია 9 ნოემბერს მოხდა ასტანის რესტორანში, რომელიც თავად ბიშიმბაევს ეკუთვნის. კაცი ცოლთან ერთად საღაოს მივიდა და მაშინვე ვიპ-ოთახში შევიდა. მოგვიანებით ყვებოდნენ, რომ კაცი მთელი ღამე სვამდა, ნომერში კი მალევე დაიწყო ჩხუბი, კამათის ხმას მალე ისეთი ხმები მოჰყვა, რომ რესტორანში მყოფები მიხვდნენ, კაცი ცოლს სცემდა. დასახმარებლად მალე კაცის ბიძაშვილი მოვიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სასწრაფო დახმარება იმ წუთას არავის გამოუძახია, არც პოლიცია. ადგილზე მისულ ბიძაშვილს რძალი სისხლის გუბეში დახვდა, ხრიალებდა, თუმცა ბიშიმბაევმა სასწრაფო არ გამოაძახებინა. მან ცოლს საბნები გადააფარა და ბიძაშვილთან ერთად სამუშაო კაბინეტში გავიდა, პერსონალს მოსთხოვა, სახლებში წასულიყვნენ. ნახევარ საათში ძმას მისწერა მესიჯი, რომ რომ გასტრო-ცენტრში ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი წაეშალათ. მისი სურვილი მაშინვე აღსრულდა. ასე დაიწყო კაცმა დანაშაულის დაფარვა...
მთელი ეს დრო სალტანატი ძლივს სუნთქავდა და დახმარებას ელოდა. თუმცა გათენდა კიდეც და ექს-მინისტრი არ ჩქარობდა. დილას სასაუზმოდ ჩავიდა, როცა ძმამ რძალი მოიკითხა, უპასუხა, რომ ეძინა. უკვე შუადღისას კი ქალი აღარ სუნთქავდა და სწორედ ამ დროს გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მათ მოჰყვა პოლიცია და ქალის ნათესავები.
ქალს დახურული ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდა, რისგანაც გარდაიცვალა. ვინ გამოიძახა სასწრაფო, დღემდე უცნობია - ოფიციანტმა თუ ტირანის ძმამ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაცხადებულა, ძიება რამდენიმე კვირაში დადებს დასკვნას, თუმცა ქალის ახლობლები ღელავენ, რომ ამ დროის განმავლობაში კაცი ყველაფერს იღონებს, რომ გამართლდეს.
როგორც ქალის ახლობლები ყვებიან, ბიშიმბაევი, რომლისთვისაც ეს მესამე ქორწინება იყო, ჩვეულებრივი ტირანია. ის გამუდმებით ეჭვიანობდა ცოლზე, უკრძალავდა ტელეფონის გამოყენებას და სახლიდან გასვლას, ხოლო თუ მცირე წინააღმდეგობას შეხვდებოდა, სცემდა. მეგობრები ქალს სთხოვდნენ, წამოსულიყო მისგან. როგორც ყვებიან, წამოვიდა კიდეც რამდენჯერმე, მაგრამ კაცი პოულობდა, საჩუქრებს ჩუქნიდა, ბოდიშებს უხდიდა და ურიგდებოდა.
ქალს იმედი ჰქონდა, რომ შვილს გააჩენდა და ყველაფერი დალაგდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... "ძალიან ერთგული ადამიანი იყო და ამბობდა, რომ რაკი სიყვარული ეწვია და ერთხელ გათხოვდა, ეს ოჯახი უნდა შეენარჩუნებინა... ვეუბნებოდით, რო ასეთი ადამიანები არ იცვლებიან, მაგრამ ძალიან უყვარდა და ისევ ბრუნდებოდა მასთან", - ყვებიან მეგობრები.