ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი, სტომატოლოგიურ კლინიკებს განსხვავებული მოთხოვნები უწესდებათ, დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი - ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა
ახალი წლიდან, როგორც წესი, ქვეყანაში ახალი კანონები იწყებს ამოქმედებას, გარკვეული სიახლეები და ცვლილებები იგეგმება. შევეცადეთ თავი მოგვეყარა მომავალი 2024 წლისთვის დაგეგმილი იმ სიახლეებისთვის, რომლებიც შეიძლება ბევრი ოჯახისთვის იყოს მნიშვნელოვანი.
2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა იქნება სავალდებულო.
უფრო კონკრეტულად, "ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე" ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში. ამასთან, როგორც ცნობილია, 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება დაშვებული.
მინისტრის თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერებით და ასევე, სუროგაციით შვილის გაჩენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიკრძალება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება.
კერძოდ, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. ცვლილებები შეეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე და ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას. დაჯარიმებას გამოიწვევს ასევე განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას. კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება. კანონი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
იქამდე კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავი. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება. საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.
ახალი რეგულაციით, სტომატოლოგიური კლინიკის ან კაბინეტის გახსნამდე შეტყობინება უნდა გაეგზავნოს რეგულირების სააგენტოს, რომელიც დაწესებულებას, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში შეამოწმებს და ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცემს დადებით დასკვნას, რაც დაწესებულებას მიანიჭებს საქმიანობის დაწყების უფლებას.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.
პროცესის უკეთ სამართავად, სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი. ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც - სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე - თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
2024 წლიდან საჯარო მოხელეებსა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები ეზრდებათ, თუმცა გაწერილად 1-ელი იანვრიდან შემდეგი ცვლილება ამოქმედდება:
უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სახელფასო ცვლილება სამედიცინო პერსონალზე ასე გადანაწილდება:
უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული
ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული
ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული
სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული