ბოლო დროს რამდენიმე საჯარო სკოლამ სასკოლო ფორმის შემოღება გადაწყვიტა და მოსწავლეებს ე.წ. დრესკოდი დაუწესა. ბევრ სკოლაში კი კვლავ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. მშობელთა აზრი სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით ყოველთვის ორად იყოფა. ნაწილს ფორმა მოსწონს და საკუთარი არგუმენტები აქვს, ნაწილისთვის კი მიუღებელია. ვინაიდან საკითხი კვლავ გააქტიურდა, Mshoblebi.ge-ს გვერდზე ჩავატარეთ გამოკითხვა და ვკითხეთ მშობლებს, ემხრობიან, თუ არა სასკოლო ფორმის არსებობას და თავად რა გამოცდილება აქვთ. გამოკითხვაში 700-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კომენტარების ნაწილს გაგიზიარებთ:
- სკოლაში თავისუფალი არჩევანი უფრო მისაღებია. ჩაცმა ბავშვისა და მოზარდის თვითგამოხატვაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია! სწორედ ამ დროს უყალიბდებათ გემოვნება, სტილი...
- რატომ უნდა იყოს ფორმა? რამეს ასწავლის ბავშვს? მუდმივი დისკომფორტია. გოგონებს კაბები, ვაჟებს შარვლები. კარგით რა?! ეცვათ თავისუფლად. ჩაცმულობა ყველაზე უკანასკნელი პრობლემაა სკოლებში დღეს.
- ფორმა ძალიან კარგია. ჩემს შვილს ფორმა აცვია და მივესალმები. ყველა სკოლაში ფორმა აუცილებელი უნდა იყოს!
- მე რომ დირექტორი ვიყო, ჩემს სკოლაში ყველა ფორმით ივლიდა.
- ფორმა აუცილებელია, არა მხოლოდ ბავშვებს შორის მატერიალური თვალსაზრისით, არამედ მოსწავლე და მასწავლებელი რომ გაარჩიო ერთმანეთისგან კიდევ ... ფორმა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, სასკოლო ცხოვრების ჩვეული წესია. სულ სხვანაირად ლამაზია მოსწავლე ფორმაში.
- სასკოლო ფორმა უნდა იყოს ყველა სკოლაში. ყველაზე ლამაზები არიან მოსწავლეები და უდარდელი ბავშვობის წლებს გადიან.
- მე ფორმის ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერ ის რად ღირს, დილით წუწუნს რომ არ ვისმენ: ,,ეს მინდა, ის არა...“ ფორმა ბევრად პრაქტიკულია სკოლაში.
- ფორმის მომხრე ვარ ყოველთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში არ გვაქვს.
- ჩაცმა თავისუფლად, ზომიერების ფარგლებში.
- სამწუხაროდ, საჯარო სკოლებში ბევრი რამაა შესაცვლელი.ფორმა თავისუფლებას ნამდვილად არ უზღუდავს ბავშვს! თავისუფლება კარგი სწავლა და განათლებაა და არა თმის ცისფრად შეღება და პეპლებიანი კაბებით სიარული.
- ნეტავ, ყველა სკოლაში შემოიღონ ფორმის ვალდებულება. დღეს ვეღარ გაარჩევ, სკოლის მოსწავლეა, სტუდენტი თუ მასწავლებელი.
- დრესკოდი უფრო მისაღებია, ოღონდ საბჭოთა წარსულის აჩრდილების გარეშე…..
- ფორმამ, რა თქმა უნდა. მოსწავლე ჰგავს მოსწავლეს… მასწავლებელსაც უნდა ეცვას შესაბამისად, რომ ეტყობოდეს, პედაგოგია და არა გამვლელი.
- მოსწავლეს სასკოლო ფორმა ალამაზებს. პასუხისმგებლობას მატებს. წესრიგსაც აჩვევს....
- უნდა იყოს ფორმები ნამდვილად და აღარც ჩაცმულობის გამო დააბულინგებენ ერთმანეთს ბავშვები.
- ფორმა! ჩვენს სკოლაში დაწყებითებში არის ფორმა და მე, პირადად, მომხრე ვარ, რომ ბოლომდე ასე იყოს.
- უნდა იყოს თეთრი ზედა და შავი ქვედა. ზამთარშიც კაბების ჩაცმას არ უნდა სთხოვდნენ.
- ცოტა რომ წამოიზრდება და წააწყდებით პრობლემებს, მერე მიხვდებით ის ხალხი, რომლებიც თავისუფალ ჩაცმულობას უჭერთ მხარს. კი ბატონო, მესმის რომ გაქვთ საშუალება, აუსრულოთ კაპრიზები და “ბრენდები” შეუძინოთ, სხვისი შესაძლებლობა უგულებელყოთ, მეგობრობა არ გეფასებოდეთ და ბრენდებით აირჩიოთ მეგობრები, მაგრამ მერწმუნეთ, ისევ თქვენ შემოგიბრუნდებათ ცუდად. ასე რომ, გირჩევნოდეთ, კონკრეტული ფორმა ჰქონდეთ და ჩაცმის გარდა სხვა მიმართულებებით გამოხატოს თავისუფალი აზრი, თუნდაც პროფესიის არჩევაში და ა.შ. … მერწმუნეთ, თუ შინაგანად არ დევს დიზაინერისა და ხელოვანის ნიჭი, რამდენიც გინდათ, არჩევინეთ ჩასაცმელი, ბოლოს მაინც ვერ ისწავლის და ივლის შაბლონურად ან უგემოვნოდ. ამიტომ გერჩივნოთ ფორმა. მე მადლიერი ვარ ჩვენი სკოლის, ბევრი პრობლემა ჩაცმის მხრივ რომ აგვარიდა თავიდან.
- ნამდვილად არ ვარ ფორმის მომხრე. ზოგადი რეკომენდაცია შეიძლება, რაღაც ჩარჩო, მაგრამ მკაცრად ყველას ერთნაირი ფორმა, არა.
- ლამაზი არის შეიძლება, მაგრამ 190 ლარი რომ ჯდება ფორმის შეკერვა და 2 ან მეტი შვილი ჰყავს ადამიანს ? აბა განსაჯეთ რას აირჩევს ასეთი მშობელი.
- ფორმა... პირველ რიგში, არ იქნება ჩაცმაზე ამდენი ბულინგი, რაც სამწუხაროდ ხშირია და მერე მეორე, ძალიან მომწონს.
- სკოლაში ფორმის წინააღმდეგი ვარ. ძნელია, 12 წელი ყოველდღე ერთი და იგივე სამოსი…. არც ძვირადღირებული ტანსაცმლის მომხრე ვარ ბავშვზე. მაგრამ, მე ვფიქრობ კომფორტულად და სკოლის შესაფერისად ყველაზე მისაღებია.
- კი, ჩვენს სკოლაში ფორმაა, რომელსაც მხოლოდ მათ მკერავთან შეიკერავ და 350 ლარი ჯდება. იზრდები სწრაფად, ფორმა აღარ გეტევა… ფორმა ძალიან კარგია, როცა არც ამდენი თანხა ჯდება ან კიდევ კონკრეტულად შეთანხმებულად იცვამენ მსგავს სტილს, როგორც ჩვენს ბავშვობაში. არ შეიძლება 3 -4 შვილის შემთხვევაში 3-ჯერ 350 ლარი მჭირდებოდეს.
- ჩვენი დირექცია არ ემხრობა ფორმების შემოღებას, თუმცა გვაქვს დრესკოდი. მეც მივესალმები ასეთ მიდგომას, ბავშვი 7-8 საათს ატარებს სკოლაში და თავისუფლად, კომფორტულად უნდა ეცვას.
- მხოლოდ თავისუფალი ჩაცმაა მისაღები ჩემთვის და შესაბამისად, იმ სკოლაშიც ეგრეა, სადაც დამყავს ბავშვი, ზოგადად არ ვემხრობი მსგავს არაფრისმომცემ შეზღუდვებს.
- ფორმა კარგია, თუ ფორმის შიგნით არსებობს არჩევანი, სხვადასხვა ვარიანტი, რომ ბავშვმა მოიხდინოს, ზოგს რაღაც ტანსაცმელი საერთოდ არ უხდება და ამიტომ არ უნდა დაიჩაგროს, მით უფრო, მაღალ კლასებში, როცა ვიზუალზე ისედაც ამხელა ყურადღებაა გამახვილებული და ხშირია ამის გამო ბულინგი. პლიუს ამას გოგოზე ქვედაბოლოს ჩაცმა სავალდებულო არ უნდა იყოს, თავის დროზე მაგის გამო სკოლა შევიცვალე. ბევრ გოგოს ქვედაბოლო არ ეკომფორტულება და თან ზოგან ისეთი მოკლეა... დრესკოდი საშინელებაა, იქნებ სულ არ აქვს ადამიანს საშუალება, თეთრი პერანგები სპეციალური ტანსაცმელი იყიდოს სკოლისთვის.
- ნეტავ, იყოს ფორმა... სკოლებთან რომ დადგეთ, ვინ მოსწავლეა, ვინ მასწავლებელი და ვინ მშობელი ვერ გაიგებთ... მოსწავლემ მოსწავლის ფორმაა დაკარგა, უაზროდ და ათასფრად შეღებილი თმით დაწყებული, ჩაცმით დამთავრებული...
- ფორმა პატარაობაში და პატარებს მოსწონთ. მოზარდობის პერიოდში დიდი დისკომფორტია ბავშვებისთვის. მუდმივად ერთფეროვნება ზედმეტად მოსაბეზრებელია!
- ამას კითხვა რად უნდა, ფორმა რომ უნდა იყოს. ზოგს არა აქვს იმის საშუალება, ზედმეტად ძვირიანი უყიდოს და ჩააცვას შვილს. ჩაცმულობის სტილით და ხარისხით მაინც აღარ გაარჩევენ ერთმანეთს არც ბავშვები, არც მასწავლებლები და არც მშობლები.
- ანუ, ბიჭებს შარვლები, გოგოებს მხოლოდ ქვედაბოლოები! აცადეთ ჩვენს ქვეყანაში უბედურ ბავშვებს, ცოტა სიხალისე მაინც შეინარჩუნონ. ვკითხულობდი, ამერიკაში, სკოლების უმეტესობაში ბავშვები საღამურებით და ფაჩუჩებით დადიან, ანუ კომფორტს უქმნიან, რომ ისე იარონ სკოლაში, როგორც სურთ და თავი კარგად იგრძნონო და ჩვენ ფორმებიო. სულ არ მინდა ჩემს გოგოებს მუდმივად ქვედაბოლოები ეცვათ. უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, როგორ ხასიათზეც იქნებიან, ისე ჩაიცვან. რატომ გინდათ სკოლაში, გარდა იმისა, რომ ისედაც თავისუფალ აზროვნებას უზღუდავენ, ჩაგრავენ, არასწორი მიდგომები აქვთ, ტრავმები ათასი, კიდევ ჩაცმულობით შებოჭოთ?
- მთავარია, როგორ ისწავლის, თორემ ფორმას და ჯინსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რაც ჩემ შვილს არ უქმნის დისკომფორტს, ისაა მისაღები ჩემთვისაც. მნიშვნელოვანია თავი იგრძნოს თავისუფლად, კომფორტულად. ვფიქრობ, ზოგს ერთი და იგივე ტანსაცმელი თრგუნავს კიდეც.....
- მე მომხრე ვარ, რომ ჭიპგადმოგდებულებმა არ იარონ სკოლაში. ამის მიღწევა რთულია, ამიტომ მომხრე ვარ ფორმის. ოღონდ, სკოლამ უნდა იზრუნოს, რომ ფორმა იყოს თანამედროვე და ლამაზი, მოდის ტენდენციების შესაბამისი, რათა მოსწავლეებს მისი ჩაცმა არ დაეზაროთ. შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მოდელიც იყოს ერთი სკოლისთვის და მოსწავლეებმა თვითონ აარჩიონ რომელ მოდელს მოირგებენ.
- 10 წელი იარა ფორმით ჩემმა გოგომ და ძალიან კარგიც იყო. არ უყურებენ, ვის რა ბრენდი და როგორი სამოსი აცვია.
- მე, პირადად, მძულდა და მბეზრდებოდა ფორმა, ამიტომ არ ვარ მომხრე. რაღაც ჩარჩოები კი უნდა არსებობდეს პედაგოგებზეც და მოსწავლეებზეც.
- ფორმა მეცვა და სულაც არ მომწონდა, არ მგონია ჩემს შვილებს მოეწონოთ. თქვენ ტანსაცმლის ყიდვა გეზარებათ, განსხვავებული არ უნდა იყოსო, იმას მეტი აცვია, იმას ნაკლებიო. არაა ეგრე, ფორმა არის ჩარჩო და არ მინდა ეს ჩარჩო, რა ვქნა?!
- ისეთ სკოლაში დამყავდა, სადაც ფორმა იყო. მოგვიწია სხვაგან გადასვლა. ბავშვი ისეთი გახარებულია, რაც უნდა იმას რომ იცვამს, არასდროს აღარ ვაპირებ ფორმით მის შეზღუდვას.
- ჩემი აზრით, ფორმები სკოლამ უნდა დაარიგოს, ასე ყველას ერთნაირად ეცმევა და ბავშვებს მატერიალური შესაძლებლობების გამო გული არ დასწყდებათ, თან არც ფორმის ფული დააწვებათ ტვირთად, შედარებით ხელმოკლე ოჯახებს.
საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ სკოლას თავად აქვს უფლება, ფორმა დააწესოს, ან საერთოდ უარი თქვას მასზე.
"სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.
სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით." - წერია კანონში ზოგადი განათლების შესახებ.
რაკი ბოლო პერიოდში კიდევ რამდენიმე სკოლამ გადაწყვიტა, რომ სასკოლო ფორმა აერჩია, გადავწყვიტეთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგვემოწმებინა, ამ კუთხით, რაიმე ახალი რეკომენდაცია ხომ არ გაიცა სკოლებისათვის.
სამინისტროსთან არაერთი მცდელობის მიუხედავად, კონტაქტზე არ გამოდიან და პასუხის გაცემაზე უარს ამბობენ.
თამარ იაკობაშვილი