ჟან უილიამ ფრიც პიაჟე შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი იყო, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა და 1980 წელს გარდაიცვალა. ის ცნობილია ბავშვთა ფსიქოლოგიაში შექმნილი ნაშრომებით, დააარსა ჟენევის გენეტიკური ფსიქოლოგიის სკოლა და სწორედ მან მოიფიქრა ბავშვის შემეცნებითი განვითარების თეორია, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.
პიაჟე თავის სამეცნიერო კვლევაში ცდილობდა მარტივი ახსნა ეპოვა ბავშვის სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე დამახასიათებელი ქცევისთვის. იგი აქტიურად სწავლობდა ბავშვების ეგოცენტრიზმს - საზოგადოებაში მათი ადგილის გაცნობიერების, სოციალიზაციის და სხვებთან საერთო ენის გამონახვის უნარს. თავისი დროის მრავალი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგისგან განსხვავებით, პიაჟეს სჯეროდა, რომ ბავშვები არ არიან პრიმიტიული არსებები - მათი ტვინი უბრალოდ სხვაგვარად არის მოწყობილი. აღზრდის თავისებურებებიდან გამომდინარე, რაღაცეების გაგება და გააზრება გაცილებით გვიან შეუძლიათ.
სწორი დასკვნების გამოსატანად შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობას დიდი დრო დაუთმო, რათა სხვადასხვა სიტუაციებში მათი ქცევის მოტივები აღმოეჩინა. შედეგად მან ერთი საინტერესო თვისება დაინახა: ერთსა და იმავე ასაკში ბავშვების უმეტესობა ზოგიერთ დავალებაში ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებდა. ამან საშუალება მისცა დაესკვნა, რომ ბავშვების ტვინი და კოგნიტური უნარები გაუაზრებელი იყო. მისი კვლევის საფუძველზე შეიქმნა განვითარების ეტაპების თეორია.
პიაჟე თვლიდა, რომ ადამიანი თავისი განვითარების პროცესში გარემომცველ რეალობასთან ადაპტირდება, რათა წონასწორობას მიაღწიოს. დაბალანსების ორი პროცესი არსებობს: აკომოდაცია და ასიმილაცია.
ასიმილაცია გარე ელემენტების ცხოვრების სტრუქტურებში ინტეგრირების პროცესია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცდილება, რომელსაც ვიღებთ გარედან და შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში გამოვიყენოთ. როდესაც თითოეული ადამიანი იზრდება, ახალ ინფორმაციას აღიქვამს და ერგება მას, ამატებს მას უკვე არსებულ ცოდნას. ზოგჯერ ახალი გამოცდილება, რომელიც სამყაროს შესახებ მათ ძველ იდეებს ეწინააღმდეგება, უნდა გადაიხედოს, გადაფასდეს. იმისათვის, რომ გავიგოთ რა ხდება ირგვლივ ახლებურად, აუცილებელია თავში ჩამოყალიბებული კონცეფციის გადახედვა, არსებული ცოდნის სქემის ახლით ჩანაცვლება - ამ პროცესს აკომოდაცია ეწოდება. ასიმილაცია და აკომოდაცია განუყოფლად არსებობს.
თავდაპირველად, ბავშვებს ძლიერი ეგოცენტრიზმი ამოძრავებთ, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება, მხოლოდ მათთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, ბავშვი არ ცნობს საკუთარ თავს, როგორც ინდივიდს და არ განაცალკევებს თავს იმისგან, რაც მის გარშემო ხდება. თანდათან ის სწავლობს უფრო ავტონომიურად და ცნობიერად აზროვნებას, გადის განვითარების ოთხ საფეხურს, რომლებიც ასაკის მიხედვით იყოფა.
ბავშვის განვითარების 4 ეტაპი პიაჟეს მიხედვით
ასაკი: 0-2 წელი
ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი განცალკევებულია დედის სხეულიდან, მაგრამ ჯერ არ იცის, რომ ცალკე არსებაა, ცალკე პიროვნება. ეს გაცნობიერება განვითარების ამ ეტაპის ბოლოს ხდება. ერთ თვემდე ბავშვის მთელი ქცევა თანდაყოლილი რეფლექსებითაა შეზღუდული. სხვებთან კომუნიკაციის ერთადერთი გზა ტირილია, რითაც ბავშვი ატყობინებს სხვებს, რომ რაღაც სჭირდება.
ბავშვი ამ ეტაპზე ჯერ ვერ ხედავს კავშირს საკუთარ ქმედებებსა და მათ შედეგებს შორის. ის აქტიურად ცდილობს საკუთარი სხეული „დაიმორჩილოს“ და მრავალჯერ იმეორებს რომელიმე მოქმედებას, მაგალითად, თეფშზე კოვზს ურტყამს, რომ ხმამაღალი ხმა გამოსცეს. ოთხ თვემდე ბავშვი უფრო მეტად რეაგირებს ხმამაღალ ბგერებზე და ნათელ ფერებზე. თუმცა ჯერ ვერ ახერხებს მისი სხეულის უმარტივეს რეფლექსებს დაეუფლოს.
მხოლოდ ერთ წლამდე ბავშვს უვითარდება სხეულის სხვადასხვა ნაწილების ზოგადი კოორდინაცია და მოძრაობები უფრო გააზრებული ხდება. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ბავშვმა უფრო მიზანმიმართულად დაიწყო მოქმედება, მაგალითად, სათამაშოსკენ რომ მიცოცავს, უფრო ზუსტად შეუძლია მისკენ მოძრაობების ტრაექტორია გამოთვალოს და გზაზე დაბრკოლებები მოიხსნას.
ერთი წლის შემდეგ, ბავშვი იწყებს მოქმედებების ცვალებადობისა და განსხვავებული შედეგების გაცნობიერებას. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ერთიდან წლინახევრამდე ბავშვი ხშირად ისვრის საგნებს იატაკზე. ის ამ დროს არ ცდილობს თქვენს გაბრაზებას - ის სწავლობს, თუ როგორ იქცევა ესა თუ ის ნივთი დაცემისას. მაგრამ ამას ლოგიკურად ვერ ხვდება და პრაქტიკულ ექსპერიმენტს ატარებს.
წელიწადნახევრიდან ორ წლამდე ბავშვს სააზროვნო პროცესისთვის დამახასიათებელი უნარები უვითარდება. მას უკვე შეუძლია გამოიცნოს რა შედეგი დადგება მისთვის ნაცნობი უმარტივესი პროცესებიდან. ბავშვი ასევე აქტიურ ურთიერთობას სამყაროსთან მეტყველების საშუალებითაც სწავლობს. უკვე შეუძლია თქვას, რაც სურს (ადრე მისი საყვარელი ადამიანები ძირითადად გამოიცნობდნენ ხოლმე მის სურვილებს).
ასაკი: 2-7 წელი
ამ ეტაპზე ბავშვი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მზად გარკვეული პროცესების აღსაქმელად. ის თანდათან იწყებს „შინაგანი გეგმის“ ჩამოყალიბებას. სწავლობს რაიმე საგნის სხვადასხვა სიმბოლოდ გამოყენებას. მაგალითად, იღებს რაღაც საგანს და თამაშში მის ახლებურ გამოყენებას მოიაზრებს: მაგალითად, ფანქარი შეიძლება იყოს თერმომეტრი, აკოკოლავებული წიგნები - სახლის კედელი და ა.შ.
არის რაღაცეები, რისი გაგებაც ამ ასაკში ბავშვს არ ძალუძს (ან ესმის ამ ეტაპის ბოლომდე). ჩაატარეთ ექსპერიმენტი: აიღეთ ერთი და იგივე მოცულობის ორი ჭიქა, მაგრამ განსხვავებული ფორმის - ერთი მაღალი და ვიწრო, მეორე- დაბალი და განიერი. შეავსეთ მაღალი ჭიქა წყლით და ჩაასხით დაბალ ჭიქაში. ბავშვს გაუკვირდება, რომ მეღალი ჭიქიდან წყალი დაბალში ჩაეტია.
უფრო მეტიც, ის უკვე ამ ეტაპზე დაეუფლება ობიექტების რაოდენობის შენარჩუნების კანონს. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თუ იატაკზე კუბების გარკვეულ რაოდენობას მოათავსებთ და შემდეგ უფრო ფართოდ გაფანტავთ მათ, თქვენი შვილი მიხვდება, რომ რაოდენობა არ შეცვლილა.
ბავშვის აზროვნება ჯერ კიდევ საკმაოდ ეგოცენტრულია. ის თავისი გადმოსახედიდან აფასებს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. თუ სარკეში მყოფი ანარეკლს და მის მგვერდით მდგომ ადამიანს ერთმანეთთან არ აიგივებს.
ასევე, ამ ასაკის ბავშვებს ახასიათებთ კონცენტრაცია, ანუ ობიექტის ერთ, ყველაზე შესამჩნევ თვისებაზე ფოკუსირება და დანარჩენის იგნორირება. თუ მას რაღაც მახასიათებლებით გაერთიანებულ ბარათებს აძლევთ, ის შეამჩნევს მხოლოდ ყველაზე მკაფიოს, მაგალითად, ფერს, მაგრამ გაუჭირდება სხვების დასახელება.
ამ ასაკში ბავშვი სხვა ადამიანებთან სოციალური ურთიერთობების დამყარებას იწყებს , განსაკუთრებით თანატოლებთან. მანამდე ის მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობდა. ამავდროულად, ბავშვები ჯერ კიდევ ეგოცენტრულები არიან, მათი აზროვნება და სოციალური უნარები არასრულყოფილია, ხშირად უშვებენ შეცდომებს, ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა ითამაშონ რაღაც ან არ შეუძლიათ სათამაშოს გაზიარება.
ამ ეტაპზე ჩნდება ანიმიზმი - როდესაც ბავშვი მიმდებარე საგნებს ადამიანურ თვისებებს ანიჭებს. ფიქრობს, რომ მის სათამაშოებს შეუძლიათ რაღაც გააკეთონ, ან ეტკინოთ ან შეეშინდეთ, გაუხარდეთ. ეს ასევე გაზრდილი ცნობისმოყვარეობის პერიოდია ირგვლივ არსებული სამყაროს მიმართ. მოემზადეთ ათასობით „რატომ?“ კითხვისთვის.
4-5 წლამდე ბავშვებმა ხშირად არ იციან ხუმრობა ან მოტყუება, რადგან თვლიან, რომ გარშემომყოფები ისევე ფიქრობენ, როგორც ლაპარაკობენ და სიტყვასიტყვით იგებენ სხვების ნათქვამებს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მათი შეხედულებები სამყაროს შესახებ სხვა ადამიანების მოსაზრებებს სრულიად ემთხვევა. ჯერ კიდევ არ შეუძლიათ თითოეული ადამიანის აზროვნების გამიჯვნა.
ასაკი: 7-11 წელი
ამ ასაკში ბავშვი ობიექტების დაჯგუფებას და კლასიფიკაციას სწავლობს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. ის არა მხოლოდ იყენებს ობიექტებს, არამედ ლოგიკურ დონეზე მანიპულირებს მათით. მაგალითად, არარსებულ ცხვრებს ითვლის. ახლა ბავშვს შეუძლია გაიგოს მატერიის მოცულობის შენარჩუნების კანონი (გახსოვთ ექსპერიმენტი ჭიქებით?)
მართალია, ამ ასაკში ბავშვი პრობლემებს მაინც ეტაპობრივად წყვეტს, მათ გაერთიანებას და განზოგადებას ვერ ახერხებს. ამიტომ შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ უნდება თქვენი შვილი დიდხანს დავალების ამოხსნას, სადაც ორი კალათიდან ამოღებული კიტრი უნდა შეკრიბოს, როცა გუშინ ვაშლები შეკრიბა.
ზოგიერთ დავალებაში ბავშვები უკვე ლოგიკური აზროვნების გამოყენებას იწყებენ, მაგრამ ის ჯერ არ არის სრულყოფილი, ჯერ კიდევ უჭირთ აბსტრაქტული ცნებების გამოყენება. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სქემა მარტივიდან რთულამდე, რათა დავალების პრინციპს მიხვდნენ.
მაგრამ ამ ეტაპზე ბავშვების ეგოცენტრიზმი ქრება, ბავშვები იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რას გრძნობენ სხვები. ისინი ფაქტიურად ცდილობენ გაიგონ, რა ხდება სხვა ადამიანების თავებში, თუმცა დასკვნები, რომლებსაც ისინი გამოიტანენ, საკმაოდ არასტანდარტულია.
ასაკი: 12 წლიდან
მოზარდის ლოგიკური და აბსტრაქტული აზროვნება ბოლომე ჩამოყალიბებული. შეუძლია წარმოიდგინოს არარსებული საგნები, გააკეთოს ანალოგიები, გაიგოს მეტაფორები და სხვა ადამიანის თვალსაზრისი. სწორედ ამიტომ საშუალო და მაღალ კლასებში მათემატიკური ამოცანების პირობებში აღარ გვხდება ვაშლი თუ კიტრი. სააზროვნოდ და ამოცანის გადასაჭრელად ირგვლივ მყოფი ნივთები აღარ სჭირდებათ.
ბავშვი ასევე იწყებს მიღებული ცოდნის განზოგადებას, აცნობიერებს, რომ ბევრი საგანი და თემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული ერთ მთლიანობად და არა აბზაცებად დაყოფილი, როგორც სახელმძღვანელოში.
ამ ასაკში ბავშვებს ინტერესი უჩნდებათ მორალის, ფილოსოფიის, ეთიკის, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების მიმართ. ისინი უკვე მომავალზე ფიქრს და გეგმების შედგენას იწყებენ.
ბავშვი იწყებს ჰიპოთეტურ-დედუქციურ აზროვნებას. სხვათა შორის, ზოგიერთმა ნიჭიერმა ბავშვმა შესაძლოა ამ ეტაპს თანატოლებზე ცოტა ადრე მიაღწიოს.