ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჯანსაღი მეხსიერებისა და აზროვნების შესანარჩუნებლად, ტვინს სათანადო კვება და ვარჯიში სჭირდება. ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვა ჩვენს მეხსიერებას დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს და ალცჰაიმერის დაავადების რისკებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს:
პირველ რიგში, აღსანიშნავია, ტვინის კვებაში ბოსტნეული ძალიან დიდ როლს ასრულებს. სასარგებლო თვისებებით განსაკუთრებით გამორჩეულია ბროკოლი, რომელიც სხვა ნივთიერებებთან ერთად, ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ასევე, მაგნიუმსა და სელენს, რომლებიც ტვინისთვის უაღრესად სასარგებლოა.
ის, თუ რას ვჭამთ, პირდაპირ აისახება ჩვენი ტვინის მუშაობაზე. თანამედროვე მეცნიერები, რომლებმაც ტვინის დაბერების, დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს, ირწმუნებიან, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან მიახლოებული კვების მოდელი ჩვენს ტვინს მართლაც ააქტიურებს და ჯანსაღად მუშაობის ხარისხს აუმჯობესებს.
მოგეხსენებათ, ხმელთაშუა ზღვის დიეტის საფუძველია ცხიმიანი თევზი, თხილეული, ზეითუნის ზეთი, მრავალფეროვანი ახალი ბოსტნეული. ამიტომაც, როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ გსურთ, კარგი მეხსიერება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ და თქვენმა ტვინმა გამართულად იმუშაოს, აღნიშნულ პროდუქტებს მიანიჭეთ უპირატესობა.
თევზეულიდან განსაკუთრებით სასარგებლოა: ორაგული, ქაშაყი, ან თინუსი, რომლებიც დიდი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. ეს კი, თავის მხრივ, ტვინის შემეცნებითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
ნიგოზი, სელის თესლი და ზეითუნის ზეთი ასევე შეიცავს ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს. სასურველია კვირაში 1-2-ჯერ მაინც მიირთვათ ცხიმიანი თევზის კერძები, ასევე ყოველდღიურად მიირთვათ ერთი მუჭა ნიგოზი.
აირჩიეთ ისეთი საკვები, რომლებიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. ისინი თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან და ბევრ დაავადებას თავიდან აგვარიდებენ, ანტიოქსიდანტებით განსაკუთრებით მდიდარია წითელი ლობიო, შავი მოცხარი, არტიშოკი, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, კომბოსტო და სხვა.
ასევე, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მცირე რაოდენობის წითელი ღვინო მივიღოთ. უფრო კონკრეტულად კი, დღეში არა უმეტეს, 300 გრამისა. ფრანგმა მეცნიერებმა 9-წლიანი კვლევის ჩატარების შემდეგ გამოთვალეს, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა ღვინის დალევა ალცჰაიმერის დაავადების რისკს 75%-ით ამცირებს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუკი ადამიანები კვებას დიდ ყურადღებას დაუთმობენ და ფიზიკური აქტივობასაც არ დაივიწყებენ, კარგ მეხსიერებას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებენ და სხვადასხვა პრობლემასაც თავიდან აირიდებენ.