გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ეხმარება. ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ლარის კუპიურას აძლევს და ბოლოს - დოლარს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება. ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათი დიდი ნაწილი უცნობ ქალს აქებდა, თუმცა უფლებადამცველები წერენ, რომ არასრულწლოვანის ვიდეოს ამ სახით გამოქვეყნება დაუშვებელია.
ლალი ბერინაშვილი გიორგის დედაა, ქალმა პირველად შვილის ვიდეო ოქტომბერში ნახა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოეთხოვა დაბლოკვა, რადგან ვიდეოს გამოქვეყნებით მისი შვილის უფლებები შეილახა.
ლალი ბერინაშვილი:
- სამი შვილი მყავს, უფროსი გოგონა მეორე კურსის სტუდენტია, ძალიან განიცადა, ეს ვიდეო რომ ნახა. კიდევ მყავს ორი ბიჭი, გიორგი, ვინც ვიდეოში ჩანს, უმცროსია. გუშინ, შუადღეს გამოქვეყნდა ეს ვიდეო, თამარ ღლონტის პროფილზე, ბავშვს ვინც ფულს აძლევს, სტომატოლოგი ყოფილა, ზიზი ჰქვია. ეს ვიდეო შარშანდელია, ამ გოგოს შემოდგომით ჰქონდა გამოქვეყნებული, მაგრამ ცოტა ნახვა ჰქონდა. გუშინ, რაც ამ თამარ ღლონტმა დადო, აფეთქდა მთელი სოციალური ქსელი.
ყველა მეგობარმა და ნათესავმა დამირეკა. მიგზავნიდნენ პირადში ვიდეოს, ლალი, ეს შენი გიოა? - ნამდვილად სიკეთე გამოიჩინა, რომ დაეხმარა, მაგრამ აუცილებელი არ იყო, რომ გამოექვეყნებინა. იქნებ არ მინდა და არ მსიამოვნებს. გვიწერდნენ სალანძღავ კომენტარებს, ყველას ვერც ვუპასუხე.
- გუშინ ექსკურსიაზე იყო სკოლიდან წასული. როდესაც დაბრუნდა, ათი საათი იყო ღამის, ვკითხე, ახალი ამბები არ გაიგე-თქო, ნამტირალევი ვიყავი. მითხრა, კარგი რა, დედა, მაგაზე ტირიხარო? განაგრძეთ კითხვა