"რას გვერჩოდი, რატომ აგვატირე"? - ამ საყვედურს მაყურებლისგან მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა, ბოლო რამდენიმე დღეა, ისმენს. ეს ის შემთხვევაა, როცა საყვედურიც კი სასიამოვნო მოსასმენია, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვინც სერიალის "სიყვარულს მიღმა" მაყურებელია, მისი პერსონაჟის (მარინა) მიმართ გულგრილი ვერ იქნება. წლების წინ, გარდაცვლილად გამოცხადებულ შვილთან შეხვედრის ემოციურმა ეპიზოდმა, მსახიობზეც ძალიან იმოქმედა.
- ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მიხარია, ასე თუ ფიქრობთ. ეს სერიალი ძალიან პოპულარულია. გუშინ ქუჩაში ფეხით სიარულმა მომიწია და ძალიან ბევრი ადამიანი გამომელაპარაკა. სკოლასთან რომ ჩავიარე, ბავშვები გამოცვივდნენ, ფოტოების გადაღება მთხოვეს. მეუბნებოდნენ, თქვენი შვილთან შეხვედრის ეპიზოდი რომ გვახსენდება, ახლაც გვეტირებაო. ეს მსახიობისთვის დიდი კომპლიმენტია.
- არანაირი კასტინგი არ გამივლია, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ სერიალს ახალი პერსონაჟი ემატებოდა, პირდაპირ გადაღებაზე დამიბარეს. თავიდან არ ჩანდა, ჩემი გმირის ცხოვრება ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა. არაჩვეულებრივ მსახიობებთან - მარინა ხარჩილავასა და გიგი მიგრიაულთან მიწევს თამაში. ქალბატონი მარინა გენიოსია, უდიდესი პროფესიონალი. ჩემს "შვილს", გიგის გადაღებამდე არ ვიცნობდი, ძალიან უშუალო და თავისუფალი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ კორიფეებთან მაქვს ნათამაშები, ამ მსახიობების პარტნიორობა არის დიდი ბედნიერება.
- ო! ეს სცენა მარტივად სათამაშო არ იყო, ამ ეპიზოდმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, 2 დღე საწოლიდან ვერ ავდექი. ძალიან ვეცადე, მაგრამ გადასაღები მოედნიდან გამოყოლილი ემოცია ვერ მოვიშორე. ასე დამემართა, როდესაც ვითამაშე სპექტაკლში, სადაც ჩემი პერსონაჟი შვილს კლავდა - ესეც ძალიან ემოციური და რთულად გადასატანი აღმოჩნდა. მსგავსი რამ როლის გამო, მეორედ ახლა დამემართა. წარმომიდგენია, რა გზას გადიან, რას უძლებენ ადამიანები, ვის ცხოვრებაშიც მსგავსი ამბავი მართლა ხდება... ჩემი მეგობარი ფეხმძიმედ იყო, საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად რომ წავიდა. იქ იმშობიარა და უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო. მთელი ცხოვრება იცოდა, შვილი მკვდარი ჰყავდა და წლების შემდეგ, სასწაული მოხდა, თურმე გოგონა გაუჩენია და მან საქართველოში ჩამოაკითხა. მათ შორის ისეთი მსგავსება იყო, დნმ-ის აღებაც კი არ იყო საჭირო. მე ეს ადამიანი მახსოვდა ადრეული ბავშვობიდან და იმ გოგონას რომ შევხედე, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დედამისი ახალგაზრდობაში. ჩემი მეგობარი მუხლებზე დაეცა და ღრიალებდა, 2 "სასწრაფოს" მოსვლა დაგვჭირდა.
- "თენდება გვიან", "ოცდამეშვიდე დრაკონი", "ყავა და ლუდი", "ჩემი ცოლის დაქალები"... ესაა სერიალები, რომლებშიც გადამიღეს, მაგრამ ეპიზოდური როლები მქონდა.
- ერთი გოგონა მყავს და სიძე, რომელსაც შვილისგან არ ვასხვავებ. მყავს ერთი შვილიშვილი. როცა ერთად ვართ, ყოველთვის ძალიან ვხალისობთ, მეორე შვილიშვილს იანვრის დასაწყისში ველოდები. 23 ნოემბერს 60 წლის ვხდები.
- ბავშვობიდან მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და რუსეთში წავედი სასწავლებლად, სამედიცინოზე ჩავაბარე. არდადეგებზე თბილისში რომ დავბრუნდი, მალხაზ ქვრივიშვილი და ბესო ხიდაშელი შემხვდნენ, ჩემი მსახიობობა მალხაზ ქვრივიშვილის "ბრალია". სამედიცინოზე რა გინდა, საბუთები შეაგროვე, წამოდი, თეატრალურში ჩააბარეო, თავად უკვე იქ სწავლობდა. რადგან გამოცდები მაისში ტარდებოდა, მეც ვიფიქრე, რას ვკარგავ, ვცდი-მეთქი და ასე აღმოვჩნდი თეატრალურში. იმ პერიოდში ჩამოყალიბებული არც ვიყავი, რა პროფესია ამერჩია, რა მინდოდა. უფრო ბაღის მასწავლებლობისკენ ვიხრებოდი, რადგან ბავშვები მიყვარდა. მალხაზ ქვრივიშვილმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. ჩვენ მუსიკალურში ერთად ვსწავლობდით და ვმეგობრობდით. განაგრძეთ კითხვა