დადებითი ემოციების წყალობით, დედის ტვინი "ბავშვის ტვინის რიტმში" იწყებს იწყებს მუშაობას, რაც პატარის ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს - ამბობს უახლესი კვლევა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) გამოიყენეს, რათა დაენახათ, რა ემართებათ დედისა და ბავშვის ტვინში არსებულ სიგნალებს ურთიერთქმედების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ამ მომენტში ტვინის ტალღები (ტვინის ელექტრულ აქტივობაში რხევები) სინქრონიზაციას იწყებს. უფრო მეტიც, დედის ტვინი ეგუება ბავშვის ტვინის აქტივობის რყევებს და „იგივე რიტმში“ იწყებს პულსირებას.
თუ დედა კარგ ხასიათზეა და როცა ბავშვთან ურთიერთობაში დიდი სიყვარული და სინაზეა, მის ტვინსა და ბავშვის ტვინს შორის კავშირი მყარდება. ეს ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას.
„ბავშვის ცხოვრების ამ ეტაპზე მის ტვინს პლასტიურობის დიდი მარაგი აქვს, ანუ უნარი, შეიცვალოს ბავშვის მიერ მიღებული გამოცდილების მიხედვით. ბავშვთან ურთიერთობისას პოზიტიური ტონის გამოყენებით მშობლები ასტიმულირებენ ბავშვის ინტელექტის განვითარებას“, - განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი ვიკი ლეონგი.
ამავდროულად, კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ დედის დეპრესიამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებაზე სწორედ მის ტვინსა და დედის ტვინს შორის სუსტი კავშირის გამო. „დეპრესიული დედები ნაკლებად ხშირად ურთიერთობენ შვილთან და საუბრობენ მშრალად, ემოციების გარეშე. ამიტომ, ბავშვი დედისგან არ იღებს იმ ემოციურ გზავნილს, რაც ასე აუცილებელია მისი განვითარებისთვის“, - განმარტა ლეონგმა.