ახალი წელი გვიახლოვდება. ამბობენ, რომ წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს ყველა ოცნება და სურვილი ასრულდება. ახალი წელი ხომ შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ გავაკეთოთ ის, რაზეც ვოცნებობთ და რისი განხორციელებაც გვინდა. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ 2024 წელს თქვენი სურვილები შესრულდეს:
პირველ რიგში, სახლი საფუძვლიანად უნდა მოაწესრიგოთ და ყველა არასაჭირო ნივთი გადააგდოთ, გააჩუქოთ, ოთახიდან გაიტანოთ - ითვლება, რომ ამ გზით, სახლიდან ძველი, ნეგატიური ამბები და უიღბლობა გაგაქვთ. ახალ წელს შეხვდით პოზიტიური განწყობით და რწმენით, რომ წინ უკეთესი ამბები იქნება.
არსებობს ასეთი წარმოდგენა, რომ ნაძვის ხესთან პატარა ტოტი ხელში აიღოთ და თქვენი სანუკვარი ოცნების შესახებ ჩასჩურჩულოთ. უმჯობესია, ეს მარტო, სხვა ადამიანების თანხლების გარეშე გააკეთოთ. შემდეგ პატარა ტოტი წყლიან ჭიქაში ჩადეთ, საწოლთან ახლოს დადეთ. სამი დღის შემდეგ კი დათვალეთ, რამდენი წიწვი ჩამოვარდა. ლუწი რიცხვი ნიშნავს, რომ ოცნება 2024 წელს ახდება. კენტი რიცხვი კი ნიშნავს, რომ ცოტა უნდა დაელოდოთ.
კიდევ ერთი საინტერესო გზა - 12 სურვილი 12 პატარა ფურცელზე დაწერეთ. ახალი წლის, ან შობის ღამეს ბალიშის ქვეშ დაიდეთ. დილით, გაღვიძებისას, ისე, რომ წარწერებს არ შეხედოთ, ერთი ფურცელი აიღეთ. ის რაც ფურცელზე ეწერება, 2024 წელს აგისრულდებათ. სურვილი უნდა ჩამოაყალიბოთ მოკლედ, ერთი წინადადებით და რაც მთავარია, უნდა გჯეროდეთ, რომ რეალურად ახდება.
პატარა ფურცელზე დაწერეთ თქვენი სანუკვარი ოცნების შესახებ. შემდეგ ფურცელი გადაახვიეთ და დაწვით. როდესაც ზუსტად 12 საათი შესრულდება, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ და დალიეთ.
თუ, მაგალითად, სახლზე, მანქანაზე, შემოსავლის გაზრდაზე, შვილის გაჩენაზე, სიყვარულზე ოცნებობთ, ოცნების ასრულების კიდევ ერთი გზა ნაძვის ხეზე შესაბამისი ფორმის სათამაშოს, მაგალითად, სახლის, მანქანის, გულის, ბანკნოტის ფიგურის განთავსებაა. დღესასწაულის შემდეგ ეს სათამაშოები ცალკე, იზოლირებულ ყუთში მოათავსეთ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენი სანუკვარი ოცნების ასრულებას დააჩქარებთ და დიდი შანსია, რომ შედეგი 2024 წელს ნახოთ.
მოიმარაგეთ ქაღალდები, წებო, ფერადი ფანქრები, სხვადასხვა ნივთი - დახატეთ, ან კიდევ ვიზუალურად შექმენით ის, რაზეც ოცნებობთ. ახალი წლის შემოსვლისას კი აღნიშნული ნახატი, თქვენ მიერ შექმნილი ფიგურა ხელში გეჭიროთ და იფიქრეთ იმაზე, რაც მთელი გულით გინდათ, რომ აგისრულდეთ. ამის შემდეგ კი, ნივთი იზოლირებულ ადგილზე შეინახეთ.
ქილიდან ერთი მუჭა ბრინჯი ამოიღეთ, მარცხენა ხელში დაიჭირეთ და სურვილი ჩაიფიქრეთ. შემდეგ კი ბრინჯის მარცვლები დათვალეთ. თუ ლუწი იქნება, სურვილი 2024 წელს აგისრულდებათ, ხოლო, თუ კენტი - ესე იგი, ასრულების დრო ჯერ არ დამდგარა.
შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს რიტუალი მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა თუ თქვენ პატარა წერილს დაწერთ, სადაც სურვილებისა და ოცნებების შესახებ ისაუბრებთ, კონვერტში მოათავსებთ და თქვენს უჯრაში შეინახავთ, დიდი შანსია, რომ ოცნება აგისრულდეთ.
შეგიძლიათ, ფურცელზე თქვენი ოცნების შესახებ დაწეროთ. ფურცლისაგან თვითმფრინავი გააკეთოთ ისე, როგორც ბავშვობაში და როდესაც 12 საათი შესრულდება, ფანჯრიდან გააფრინოთ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენს გზავნილს სამყარო უკეთ გაიგებს.
შემოსავლის გასაზრდელად და ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად, დღესასწაულისთვის ოცდაოთხი პატარა საჩუქარი უნდა მოამზადოთ. დასაშვებია ტკბილეული, წლის სიმბოლოები, სუვენირები, ხილი და ა.შ. თითოეული ნივთი უნდა იყოს გახვეული წითელ ქაღალდში ან მოთავსებული წითელ ჩანთაში. ახალი წლის ღამით კი გადით გარეთ, ქუჩაში და ვინც შეგხვდებათ, აჩუქეთ.
ახალ წელს შუშხუნების თანხლებით შეგიძლიათ, სურვილი ჩაიფიქროთ. ჯოხი არ გადააგდოთ. შეინახეთ, ვიდრე ოცნება არ აგისრულდებათ.
ჩინური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს წითელ კონვერტში ჩადებული ფულის ჩუქება განსაკუთრებით იღბლიანია და ფინანსურ კეთილდღეობას განაპირობებს.
თუ როგორი იქნება დრაკონის წელი და როგორ უნდა შეხვდეთ, ვრცლად იხილეთ: