ბევრ მშობელს გამოუცდია ხალმრავალ ადგილას ბავშვის დაკარგვა. ამ მომენტში უმრავლესობას პანიკა იპყრობს, მაგრამ ეს ყველაზე ცუდი გამოსავალია, რაც მშობელს შეუძლია აზრად მოუვიდეს. რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რომ ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად იპოვოთ.
ვინაიდან წინ სადღესასწაულო პერიოდია, ამ პრობლემის წინაშე შეიძლება ბევრი მშობელი დადგეს, ამიტომ გთავაზობთ მრავალშვილიანი დედის გამოცდილებას, რომელმაც ძალიან სწრაფად შეძლო ხალხში გაუჩინარებული შვილის პოვნა.
ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, მათ არ იციან რამდენად საშიშია მათ გარშემო არსებული სამყარო. შეიძლება რაღაცამ თვალი მოსტაცოთ, დედას ჩამორჩნენ და დაიკარგონ. ერთმა ავსტრალიელმა ბლოგერმა TikTok-ზე თავისი გამოცდილება გაგვიზიარა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი საჯარო ადგილას იკარგება. ერთხელ, როდესაც მისი ვაჟი ნათანი ორი წლის იყო, ის სუპერმარკეტში ჩამორჩა დედას და დაიკარგა. დედამ გადაწყვიტა ბავშვის საპოვნელად უჩვეულო გზა გამოეყენებინა.
მოგვიანებით, ბლოგერმა ამ შემთხვევას „მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი 10 წუთი ", უწოდა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში სასწრაფოდ მოქმედებაზე გადავიდა. ჯერ მაღაზიის პერსონალი გააფრთხილა, რომ ბავშვი დაიკარგა. მაგრამ არ დალოდებია, როდის იპოვიდნენ სხვები მის შვილს და ყვირილით გარკვეული ფრაზების თქმა დაიწყო.
ქალი ყვირილით აღწერდა დაკარგულ ბიჭუნას. „დედიკო ელოდება პატარა ბიჭი, მას ყვითელი პერანგი აცვია და ყავისფერი თმა აქვს. ორი წლისაა და ნათანი ჰქვია“. ქალმა თქვა, რომ ეს ნამდვილად დაეხმარა. ეს მეთოდი გარშემომყოფთათვის ცხადყოფს, რომ თქვენ ეძებთ ბავშვს. გარდა ამისა, ისინი იღებენ ბავშვის ზუსტ აღწერას და თავად ბავშვსაც შეუძლია მოისმინოს, რომ დედა ელოდება და მის ხმას მიჰყვეს.
ეს ლაიფ ჰაკი ასევე საშუალებას გაძლევთ შეაშინოთ გამტაცებელი, თუ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ვინმეს ბავშვი მიჰყავს. თავდამსხმელი მაშინვე დაფრთხება, როგორც კი ბავშვის ძებნაზე ყურადღება გამახვილდება. აქ მთავარია, სწრაფად ვიმოქმედოთ, რომ ბავშვმა შორს წასვლა ვერ მოასწროს.
„ჩემს ირგვლივ ყველა მობილიზებული იყო. ყველამ მიატოვა თავისი საქმე და ძებნა დაიწყეს. ნათანი მალევე იპოვეს“, - იხსენებს ბლოგერი. სინამდვილეში, ეს მეთოდი არა მან, არამედ TikTok-ის სხვა ბლოგერმა გამოიგონა და ავსტრალიელმა დედამ გაიმეორა. სამი შვილის დედამ ჯეს მარტინიმ ამ ხერხზე პირველად 2020 წლის ნოემბერში ისაუბრა.
„თუ თქვენი შვილი ოდესმე დაიკარგება, ღმერთმა ქნას, საჯარო ადგილას, გახსოვდეთ, ეს ყველაფერი საუკეთესო მშობლებსაც კი ემართებათ. თუ თქვენ იმყოფებით გასართობ პარკში, ზოოპარკში, სავაჭრო ცენტრში, ირგვლივ მიმოიხედეთ და ბავშვი ვეღარ დაინახეთ, მაშინ ხმამაღლა და ყვირილით უნდა ეძებოთ, ნუ დაიწყებთ მათ ჩუმად ძებნას“, - დაწერა ჯეს მარტინიმ სოციალურ ქსელში.
მრავალშვილიანი დედის მთავარი რჩევაა, იმოქმედეთ სწრაფად და გააფართოვეთ საძიებო წრე ახლომდებარე ადამიანების ჩართვით. ბლოგერი თვლის, რომ სჯობს სულელურად გამოიყურებოდეთ და ვიღაცამ გიჟადაც ჩაგთვალოთ, ვიდრე გარისკოთ და ძვირფასი დრო დაკარგოთ.